გულის სკარაბეოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულის სკარაბეოსი

გულის სკარაბეოსი – უამრავი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც ეგვიპტელის წარმოდგენაში გულთან იყო დაკავშირებული, გადაჯაჭვულია ამულეტთან, რომელსაც „გულის სკარაბეოსი“ ჰქვია. ეს იყო გულის ფორმის სკარაბეოსი, ხშირად ადამიანის თავით, რომელიც ჩვეულებრივ ქვისაგან მზადდებოდა და მას გარდაცვლილის კისერთან ათავსებდნენ.

დღეს ჩვენს ხელთ არსებული უძველესი ნიმუში ეკუთვნის ფარაონ სობეკემსაფს, რომელიც ჰიკსოსების დროს ცხოვრობდა. ახალი სამეფოს დროიდან გულის სკარაბეოსზე, რომელიც ნეფრიტისაგან მზადდებოდა და ოქროში იყო ჩასმული, თავსდებოდა გულთან დაკავშირებული გამონათქვამი, რომელსაც ეგვიპტელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. გამონათქვამი წარმოადგენდა გარდაცვლილის მიმართვას თავისი გულისადმი: „ჩემო გულო, რომელიც მე ჩემი დედისაგან მაქვს… ჩემო გულო, რომელიც მე სხვადასხვა ასაკში მქონდა… ნუ იქნები მტრულად განწყობილი ჩემ მიმართ სამსჯავროზე… ნუ იტყვი ტყუილს ჩემ შესახებ ღმერთების თანდასწრებით, რომ გავეშუროთ იქით, საითაც ორივე მივილტვით (ე.ი. „სამუდამო ნეტარებისაკენ“). ეგვიპტური ტექსტების თანახმად, ეს უძველესი გამონათქვამი იყო, რომელიც გარდასულ დროთა ბრძენმა, ხორჯედეფმა (ხორჯედეფი ხეოფსის ერთ-ერთი ვაჟიშვილი და ბრძენი იყო, რომელსაც მკვდართა წიგნის ეპოქაში თავისი სიბრძნისათვის ეთაყვანებოდნენ) თოტის ტაძარში, ღვთაების ქანდაკების ქვეშ აღმოაჩინა. ეს ლეგენდა ხაზს უსვამს გულის სკარაბეოსის მნიშვნელობას, რადგან ეგვიპტელისათვის „სიძველე“ დიდი ღვთაების ან ბრძნული გამონათქვამის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები