დავით II (იმერეთის მეფე)
დავით II – იმერეთის მეფე 1784-1789 წლებში (დათარიღება: მ. სურგულაძე, მ. ქავთარია - 1784-1792; მ. რეხვიაშვილი - 1784-1789,1790; ქსე - 1784-1787, 1792) გიორგი VII-ის ძე.
გამეფებისას 39 წლისა იყო. ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და ბაბუის - ერეკლე II-ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და პაპუნა და ზურაბ წერეთლების, ბერი წულუკიძისა და დადიან-გურიელის ხელშეწყობით გამეფდა. 1784 წლის 36 აპრილს მან დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I-ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ 1784 წელს ქვეშევრდომობა სთხოვა. რუსეთის მთავრობა მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში და 1784 წლის მაისში დავით გიორგის ძე და ერეკლე II მოარიგა. იმერეთის მეფე იძულებული გახდა დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა. მისთვის საუფლისწულო მიეცა და სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ტახტი დაეთმო. დავით გიორგის ძე ცდილობდა დიდ ფეოდალთა გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და თავისი ერთგულნი (ელიზბარ ერისთავი და სხვები) დააწინაურა, ამით პაპუნა წერეთელი, ბერა წულუკიძე და სხვა დიდი თავადები მტრად გადაიკიდა.
იმერეთის რუსეთთან დაახლოებამ ოსმალეთი დააფრთხო და მან იმერეთის მეფედ ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე გამოაცხადა. იმავე დროს სტამბოლიდან ტახტის მეორე მაძიებელი, რაჭის ერისთავის ვაჟი, გიორგი („ქიორ-ბეიდ“ - ცალთვალად წოდებული) გამოემართა. ოსმალეთი აშკარად ამზადებდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრას. ამ რთულ ვითარებაში მეფემ გაბედულად იმოქმედა, შემოირიგა ზურაბ და პაპუნა წერეთლები და წულუკიძეს მორჩილება გამოაცხადებინა. 1785 წლის მიწურულს რუსეთის აქტიური ჩარევის შემდეგ, თურქეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა იმერეთში თავისი კანდიდატის გამეფებაზე, თუმცა თურქთა მარბიელი რაზმების თარეში არ წყდებოდა. 1785 წელს მეფემ რაჭის ერისთავის ძე - გიორგი შემოირიგა და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავო ჩააბარა. 1786 წელს კი წულუკიძის, წერეთლისა და დავით არჩილის ძის იმერეთში შემოსული ჯარი დაამარცხა. ეს ჯარი მეფის მოწინააღმდეგეებს ახალციხის ფაშა სულეიმანმა დაახმარა.
1784-1786 წლებში ქუჩუქ-კაინარჯის ზავის გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. 1787 წლის ივნისში დავით II-ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი - ბესარიონ გაბაშვილი რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ პეტერბურგში მხოლოდ 1789 წელს ჩააღწია.
1788 წელს სამეგრელოში კაცია დადიანის ვაჟი - გრიგოლი გამთავრდა. დავით II-მ სამეგრელოზე ილაშქრა. ერეკლე II-მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. 1789 წლის 11 ივლისს სოფ. მათხოჯთან ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა დავით II, რომელიც ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს ახალციხეში გაიქცა. ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა. 1789 წელს დავით II ახალციხის ფაშას და ლევან აბაშიძის დახმარებით კვლავ გამეფდა. თუმცა დავით არჩილის ძემ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. 1781 წელს დავით II-მ, ერეკლე II-ის შუამდგომლობით, საუფლისწულო მიიღო. 1782 და 1784 წლებში იგი ლეკთა ჯარის დახმარებით კვლავ შეეცადა გამეფებას, მაგრამ დამარცხდა და ახალციხეში გადაიხვეწა, სადაც 1786 წლის 11 იანვარს ყვავილით გარდაიცვალა. დაკრძალულია ჯრუჭის მონასტერში.