დანდესი ალან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალან დანდესი

ალან დანდესი – (1935-2005), ამერიკელი ფოლკლორისტი და ეთნოლოგი, ამერიკული ფოლკლორისტული სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. იგი კალიფორნიის ფოლკლორის საზოგადოებისა (California Folklore Society) და ამერიკული ფოლკლორის საზოგადოების (American Folklore Society) თავმჯდომარე იყო XX საუკუნის ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. ალან დანდესი ამერიკელ ფოლკლორისტთაგან სტრუქტურალიზმზე ორიენტირებული თაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად მიიჩნევა.

მისი ინტერესები ფოლკლორისტიკისა და ეთნოლოგიის საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს: სამყაროს სურათი, რწმენა, მითები, თქმულებები, ანეკდოტები, ანდაზები, გამოცანები, წესჩვეულებები, ეროტიკული ფოლკლორი, სამეტყველო ენა, ქალაქურიდა მუშათა ფოლკლორი, საბავშვოფოლკლორი, ბიბლიური გადმოცემები, გახალხურებული ლიტერატურა, ჩრდილოამერიკული კულტურის ეთნიკური საკითხები და სხვა.

ალან დანდესმა მოგვცა კულტურის ისტორიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორისტიკის, ტექსტოლოგიის და, ყველაზე მეტად, ფსიქოანალიზის მეთოდების კომბინაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ცალკეული გამოკვლევები აფრიკული, აზიური, ევროპული გადმოცემების შესახებ. ალან დანდესის კვლევის ძირითადი მიმართულებები ფსიქოანალიტიკური განმარტებები და მორფოლოგიური აღწერილობები იყო. მისი დისერტაცია „ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ხალხური ზღაპრების მორფოლოგია“ (The Morphology of North American Indian Folktales, 1965) პროპის მეთოდის გავრცობას წარმოადგენს.

ალან დანდესი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მითის თარგმნა სავსებით შესაძლებელია ერთი ენიდან მეორეზე და მისი გამოთქმა არა მარტო სიტყვით, არამედ სხვა ფორმითაც შეიძლება – მაგალითად, ფერწერით, მიმიკით და სხვა. ა. დანდესი წინააღმდეგი იყო სტრუქტურული ლინგვისტიკის მეთოდების მთლიანად გადატანით ფოლკლორისტიკაში და მოდელებით მეტისმეტი გატაცებისა.

ალან დანდესი ვლადიმირ პროპის სინტაგმური ანალიზის პირდაპირი გამგრძელებელია. მისმა თანამედროვე ამერიკელმა მეცნიერებმა ის პროპის ეპიგონადაც კი შეაფასეს.

ალან დანდესმა პროპისეული „ფუნქციის“ ნაცვლად გამოიყენა ტერმინი „მოტივემა“ (Dundes, 1965: 208). იგი, პროპის კვალდაკვალ, „მოტივემათა ბირთვულ რიგად“ მიიჩნევს წყვილს: „უქონლობა“ (lack) და „უქონლობის ლიკვიდაცია“ (liquidation of lack). არსებობს ამერიკელ ინდიელთა ზღაპრები, რომლებიც, ევროპულისგან განსხვავებით, ამ მარტივ სტრუქტურაზე დაიყვანება, მაგრამაქაც უქონლობას და მის ლიკვიდაციას შორის ხშირადაა ჩასმული სხვა წყვილი ფუნქციები, კერძოდ:

1. ძნელი დავალება – დავალების შესრულება;
2. აკრძალვა – აკრძალვის დარღვევა.

გარდა ამისა, დანდესმა შემოიტანა კიდევ ორი ფუნქცია:

1. აკრძალვის დარღვევის შედეგი;
2. უბედურებისგან გადარჩენა.

დანდესმა სათანადო დაჯგუფებათა გზით გამოყო და გააანალიზა ფუნქციათა რამდენიმე ტიპური რიგი. ამის შემდგომ კი მან თვალსაჩინოდ უჩვენა, რომ ინდიელთა რთული შედგენილობის ზღაპრები, თავისთავად, უფრო მარტივ რიგთა კომბინაციებია.

დანდესმა სრულად გამოიყენა პროპის მეთოდიკა და მივიდა გაცილებით მარტივ სქემებამდე. ეს კი ჩრდილოამერიკელ ინდიელთა ფოლკლორის არქაულობით აიხსნება. დანდესი ჯადოსნურ ზღაპარს არც მის ნაირსახეობათაგან გამოყოფს და არც მითისგან, რაც ნაწილობრივ კვლავ თვით მასალის თავისებურებას – მის ჟანრობრივ სინკრეტიზმს ასახავს. ამიტომ, პროპისა და დანდესის სქემათა შეპირისპირება ძალზე სასარგებლოა იმ ამოცანათა გადასაწყვეტად, რომელთაც ისტორიული პოეტიკა აყენებს.

ალან დანდესი და ვლადიმირ პროპი უმნიშვნელოვანეს ფიგურებად რჩებიან თანამედროვე ფოლკლორისტიკაში. მათი მეთოდები დღემდე აქტუალურია, ცხადია, სხვა მეთოდებისა (პოსტსტრუქტურალისტური, ფუნქციონალისტური და ექსპერიმენტული მეთოდები) და ინტერდისციპლინური კვლევების გათვალისწინებით.

წყარო

ფოლკლორისტიკის თეორიები და მეთოდები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები