პროპი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ პროპი

ვლადიმერ იაკობის ძე პროპი – (1895-1970) საბჭოთა ფოლკლორისტული სკოლის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია.

ფილოლოგიური განათლება მან პეტროგრადის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 1918 წელს დაასრულა, მისი მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობაც მთლიანად ლენინგრადის უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული.

პროპი ფოლკლორისტიკაში რეკორდულად ხშირად ციტირებული ავტორია, XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი მეცნიერი, „ფოლკლორისტიკის არისტოტელე“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად ორი წიგნით, „ზღაპრის მორფოლოგიითა“ (1928) და „ჯადოსნური ზღაპრის ისტორიული ფესვებით“ (1946) გახდა ცნობილი.

„ზღაპრის მორფოლოგია“ მანამდე შეიქმნა, ვიდრე ფილოლოგიურ მეცნიერებებში სტრუქტურული ანალიზის მეთოდები დაინერგებოდა. XX საუკუნის 20-იან წლებში მხატვრული ფორმების, მათ შორის ფოლკლორული ფორმების, შესწავლის დიდი ინტერესი არსებობდა, მაგრამ მხოლოდ პროპმა მიიყვანა ზღაპრის ფორმის შესწავლა მისი სტრუქტურის აღმოჩენამდე.

ვ. პროპისთვის სტრუქტურალიზმი თვითმიზანი არ იყო. იგი ესწრაფოდა არა თავად პოეტურ ხერხთა აღწერას, არამედ ჯადოსნური ზღაპრის ჟანრული სპეციფიკის გამოვლენას, რათა შემდგომ ზღაპართა მსგავსების ისტორიული ახსნა ეპოვა. სიტყვა „მორფოლოგია“ პროპმა თავისი წიგნისთვის გამოიყენა კანონზომიერებათა ამოცნობის პერსპექტივით და არა ბოტანიკური ან გრამატიკული მნიშვნელობით:

„ყოველგვარი მეცნიერების გვირგვინს კანონზომიერებათა აღმოჩენა წარმოადგენს; სადაც წმინდა ემპირიკოსი ცალკეულ დაუკავშირებელ ფაქტებს ხედავს, იქ ემპირიკოსი-ფილოსოფოსი კანონის ასახვას დაინახავს. მე კანონი დავინახე ერთ მოკრძალებულ უბანზე – ხალხური ზღაპრის ერთ სახეობაში. [...] თვით ტერმინიც – „მორფოლოგია“ ბოტანიკის ისეთი სახელმძღვანელოებიდან კი არაა ნასესხები, სადაც ძირითადი მიზანი სისტემატიკაა, ანდა გრამატიკული ნაშრომებიდან; არა, იგი ნასესხებია გოეთესგან, რომელმაც ამ სათაურით გააერთიანა თავისი ნაშრომები ბოტანიკასა და ოსტეოლოგიაში. ამ ტერმინის მიღმა გოეთესთან იშლება იმ კანონზომიერებათა ამოცნობის პერსპექტივა, რომელნიც საერთოდ ბუნებას მსჭვალავენ“ (პროპი, 1984: 24).

ვ. პროპმა დაამტკიცა, რომ ხალხური ზღაპრის ფორმათა განხილვა და აღნაგობის კანონზომიერების დადგენა ისეთივე სიზუსტით იყო შესაძლებელი, როგორც ორგანულ წარმონაქმნთა მორფოლოგია – მთელისა და მისი ნაწილების ურთიერთმიმართება. მან ფოლკლორის მაგალითზე აჩვენა, რომ ჯადოსნურ ზღაპარს მტკიცედ განსაზღვრული სტრუქტურა აქვს. პროპის ტერმინი „ფუნქცია“ მის ნაშრომში ნიშნავს პერსონაჟის მოქმედებას. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: როცა ზღაპრის გმირი არწივით გადაფრინდება იმ ქვეყანაში, სადაც მეფის ასულია, ეს არის არა ფრენის ფუნქცია, არამედ იმ დანიშნულების ადგილზე მისვლის ფუნქცია, სადაც არის საძებარი ობიექტი.

ვლადიმირ პროპმა ფოლკლორული მასალის ზედმიწევნით შესწავლით, მაგალითთა შეპირისპირებითა და ლოგიკური განსაზღვრის მეშვეობით დაადგინა, რომ ჯადოსნურ ზღაპრებში სხვადასხვა ადამიანები ერთსა და იმავე მოქმედებებს ასრულებენ. თუ გმირი მიდის სახლიდან რაიმეს საძებრად და მისთვის სასურველი საგანი შორსაა, მას შეუძლია გაფრინდეს რაშით, ფასკუნჯით, მფრინავი ხალიჩით და უამრავი სხვა საშუალებით, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში გვაქვს ერთი ფუნქცია: გმირის გადასვლა იქ, სადაც მისი საძებარი ობიექტია. ფუნქციის განხორციელების ფორმები კი სხვადასხვაა. ამგვარად, მუდმივი სიდიდეა პერსონაჟის მოქმედება, ხოლო ცვლადი სიდიდე – მოქმედების ფორმა (პროპი, 1984: 33). პროპმა ჯადოსნური ზღაპრის კომპოზიციის ეს კანონზომიერება გრამატიკოსთა ენაზეც ჩამოაყალიბა: „ყველა შემასმენელი ზღაპრის კომპოზიციას იძლევა, ყველა ქვემდებარე, დამატება და ფრაზის სხვა ნაწილი განსაზღვრავს სიუჟეტს“. შესაბამისად, ზღაპრის კომპოზიცია სტაბილური ელემენტია, სიუჟეტები კი – ცვლადი.

მაგალითად, „გველი იტაცებს მეფის ასულს. მეფე შველას ითხოვს. გლეხის ვაჟი თავს იდებს მის მოძებნას. გაუდგება გზას. გზად შეეყრება დედაბერს, რომელიც შესთავაზებს ველური ცხენების მწყემსვას. გლეხის ვაჟი თანხმდება, დედაბერი საჩუქრად აძლევს ცხენს, რომელიც მას გადაიყვანს იმ კუნძულზე, სადაც გატაცებული მეფის ასულია. გმირი კლავს გველს, ბრუნდება, მეფე აჯილდოებს – ცოლად შერთავს თავის ასულს. ასეთია ზღაპრის სიუჟეტი. მისი კომპოზიცია კი შემდეგნაირად შეიძლება განისაზღვროს: ხდება რაღაც უბედურება. გმირს შველას სთხოვენ. გმირი მიდის საძებრად. გზაზე ხვდება ვიღაცას, ვინც გამოსცდის და ჯადოსნური საჩუქრით აჯილდოებს. ამ ჯადოსნური საშუალების დახმარებით გმირი პოულობს საძებარ ობიექტს. გმირი ბრუნდება და მას აჯილდოებენ. ასეთია ზღაპრის კომპოზიცია“ (პროპი, 1984: 35).

პროპის დებულებები ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურის შესახებ შემდეგია:

1) ზღაპრის მუდმივ, მყარ ელემენტებს მოქმედ პირთა ფუნქციები წარმოადგენენ იმის მიუხედავად, თუ ვინ და როგორ ასრულებს მათ. ისინი ზღაპრის ძირითად შემადგენელ ელემენტებს ქმნიან.
2) ჯადოსნური ზღაპრისთვის ცნობილ ფუნქციათა რიცხვი განსაზღვრულია.
) ფუნქციათა თანამიმდევრობა მუდამ ერთნაირია.
4) ყველა ჯადოსნური ზღაპარი თავისი აღნაგობით ერთი ტიპისაა (პროპი, 1984: 66-68).

როცა 1928 წელს „ზღაპრის მორფოლოგია“ გამოვიდა, ორგვარი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი მხრივ, მას კეთილგანწყობით შეხვდნენ ფოლკლორისტები, ეთნოგრაფები და ლიტერატურათმცოდნეები, მეორე მხრივ კი, ავტორს „ფორმალიზმი“ დასდეს ბრალად, ანუ საბჭოთა იდეოლოგიის საწინააღმდეგო, გაუმართლებელი მიმართულება მეცნიერებაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ „ზღაპრის მორფოლოგია“ უცებ პოპულარული გახდა საერთაშორისო კონგრესებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში. 1958 წელს ითარგმნა ინგლისურად, 60-იან წლებში კი – იტალიურ, გერმანულ, პოლონურ და რუმინულ ენებზე. თავად პროპს საკუთარი ნაშრომის მიმართ მეცნიერთა ხელახალი ინტერესი არ გაჰკვირვებია. ის მშვიდი ტონით წერს კლოდ ლევი-სტროსსთან გამართული პოლემიკის შესავალში:

„ზუსტ მეცნიერებათა დარგში მოხდა უზარმაზარი, გასაოცარი აღმოჩენები. ეს აღმოჩენები შესაძლებელი გახდა გამოკვლევისა და გამოთვლის ახალი ზუსტი და უზუსტესი მეთოდების გამოყენების წყალობით. ზუსტი მეთოდების გამოყენებისკენ სწრაფვა ჰუმანიტარულ დარგებსაც გადაედო. გაჩნდა სტრუქტურული და მათემატიკური ლინგვისტიკა. ლინგვისტიკას სხვა დისციპლინებიც მიჰყვნენ. ერთ-ერთი მათგანი თეორიული პოეტიკაა. აი, სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ ხელოვნების გაგება, როგორც ერთგვარ ნიშანთა სისტემისა, აგრეთვე, ფორმალიზაციისა და მოდელირების ხერხი, მათემატიკურ გამოთვლათა გამოყენების შესაძლებლობა ამ წიგნში უკვე წინასწარ იყო განჭვრეტილი, თუმცა იმ დროს, როდესაც იგი იქმნებოდა, ჯერ კიდევ არ არსებობდა ცნებათა ის წრე და ის ტერმინოლოგია, რომლითაც დღეს თანამედროვე მეცნიერებანი სარგებლობენ“ (პროპი, 1984: 22-23).

„ზღაპრის მორფოლოგიამ“, რომელსაც თავად ავტორი არც სტრუქტურალისტურ ნაშრომად მიიჩნევდა და არც ფორმალისტურად, ბევრად გაუსწრო წინ თხრობითი ხელოვნების სტრუქტურულ-ტიპოლოგიურ კვლევა-ძიებებს ევროპაში, იქცა ტექსტთა ანალიზის ნიმუშად და დიდი გავლენა იქონია ლიტერატურათმცოდნეობასა და ფოლკლორისტიკაში. როგორც მისი კოლეგა ელეაზარ მელეტინსკი უწოდებს, პროპის წიგნის ახალი სიცოცხლე დაიწყო 1958 წელს აშშ-ში ინგლისური თარგმანის გამოსვლით, რომლის საჭიროებაც სტრუქტურული ფილოლოგიისა და ანთროპოლოგიის მიღწევებმა გამოიწვია.

„ზღაპრის მორფოლოგიის“ ამერიკული გამოცემა ძლიერი ბიძგი იყო ზღაპრის სტრუქტურულ-ტიპოლოგიური შესწავლისათვის აშშ-ში, სადაც ნიადაგი უკვე შემზადებული იყო ლინგვისტ სტრუქტურალისტების მოღვაწეობით და ეთნოგრაფიაში კულტურულ მოდელთა სკოლის წარმომადგენლის – მელვილ ჯეკობსის მიერ (Jacobs, 1966).

ამერიკელმა მეცნიერებმა პროპის მეთოდით სხვადასხვაგვარი ანალიზი სცადეს: ფუნქციურ-სინტაგმური და სტრუქტურულ-სოციოფსიქოლოგიური. პროპის „ზღაპრის მორფოლოგიას“ ეფუძნება ალგირდას გრეიმასის „აქტანტების მოდელიც“, რომელიც ლიტერატურულ ტექსტში მოქმედ პირთა (აქტანტების) ექვს კატეგორიას გამოყოფს (Greimas, 1971).


წყარო

ფოლკლორისტიკის თეორიები და მეთოდები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები