დევრიენტი ლუდვიგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდვიგ დევრიენტი

ლუდვიგ დევრიენტი – (გერმ. David Louis De Vrient, 1784-1832), გერმანეი მსახიობი, ფლეკის ძიებების მემკვიდრე - უდიდესი რომანტიკოსი მსახიობი.

დევრიენტი დაიბადა გერმანიაში, მდიდარ ვაჭართა ოჯახში. მას არ იზიდავდა სავაჭრო საქმე და ამიტომაც სამხედრო მოსამსახურე გახდა. უფროსი ძმის ოჯახში, ლაიფციგში, დევრიენტი არისტოკრატიულ წრეს დაუახლოვდა, რამაც გადააწყვეტინა სამხედრო სამსახურის მიტოვება და საკუთარი ძალების სცენაზე მოსინჯვა. მისი სამსახიობო დებიუტი პროვინციებში წარუმატებლად დასრულდა. პირველი წარმატება 1805 წელს სახასიათო როლებში ერგო: ფრანც მოორი (შილერისყაჩაღები“), მუსიკოსი ვურმი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და გარპაგონი (მოლიერის „ძუნწი“).

დევრიენტის შემოქმედების აყვავების პერიოდი ბრესლაუს თეატრში მოღვაწეობის წლებს (1809 - 1815) უკავშირდება, სადაც მსახიობმა უდიდესი ტრაგიკული და კომიკური სახეები შექმნა - ლირი, შეილოკი, იაგო, ფოლსტაფი - შექსპირის დრამატურგიიდან. შემდეგ, დევრიენტი გადადის ბერლინის თეატრში, რომელშიც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა.

თეატრის ისტორიაში ლუდვიგ დევრიენტი, ედმუნდ კინის, პაველ მოჩალოვის, ფრედერიკ ლემეტრის და სხვა ბრწყინვალე რომანტიკოს მსახიობთა გვერდით მოიაზრება. დევრიენტი მთელი ცხოვრება მეგობრობდა ჰოფმანთან. მათ აერთიანებდათ მსოფლმხედველობა, სულიერი სიახლოვე, ისევე როგორც ედმუნდ კინს - ჯორჯ ბაირონთან, ან, ლემეტრს - ონორე დე ბალზაკთან. ჰოფმანს დევრიენტისთვის პიესები არ დაუწერია, მაგრამ ჰოფმანისეულმა მეშჩანობისადმი სიძულვილით გაჟღენთილმა, ფანტასტიკასა და რეალობას შორის არსებულმა სამყაროსა და ხელოვნების აღქმამ უდიდესი გავლენა იქონია რომანტიკოსი დევრიენტის მსოფლმხედველობასა და შემოქმედებით პრინციპებზე.

დევრიენტი-მსახიობისთვის უმნიშვნელოვანესი იყო სახის ინტუიტიური წვდომა (რასაც ჰოფმანი „მეექვსე გრძნობას“ უწოდებდა). მას ახასიათებდა განსასახიერებელი ხასითის ზედმიწევნით შესწავლა. დევრიენტს როლი, რომელზეც მუშაობდა, ყველგან თან დაჰქონდა. საზოგადოებაში ყოფნისას, მეგობრებთან ურთიერთობისას, იგი უეცრად ჩუმდებოდა, სახეზე ეტყობოდა, რომ დაძაბული ფიქრობს, მერე ჯიბიდან იღებდა როლს და უკითხავდა ყველას, ვინც ყურადღებით უსმენდა, მიმიკითა და ჟესტიკულაციით უჩვენებდა გმირის ხასიათს. როლის თამაშისას, მაგალითად - ლირის, მისი ემოციური მუხტი და განცდა იმდენად დიდი იყო, რომ ზოგჯერ ანტრაქტის დროს, გონებას კარგავდა. გმირთა ხასიათების მრავალფეროვნად და მრავალმხრივად გამოძერწვის გამო, დევრიენტის უსაყვარლესი დრამატურგი შექსპირი, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეილოკი იყო („ვენეციელი ვაჭარი“). კომიკური ბოროტმოქმედის ნაცვლად, დევრიენტმა შურისმაძიებელი ადამიანის სახე შექმნა. ერთგვარი „მხიარული“ გამბედაობით, შეილოკი-დევრიენტი სიძულვილის გამომხატველი სიტყვებით მიმართავდა თავის მჩაგვრელებს. ამ საშინელ და ძლიერ ადამიანში, სამყაროს უსამართლობისგან გაბოროტებულში, არავითარი კომიკური ელემენტი არ არსებობდა. მისი თავმოყვარეობაშელახული, მარტოსული ადამიანი, თანაგრძნობას იწვევდა.

ვირტუოზულად ჰქონდა დამუშავებული მსახიობს ფრანც მოორის როლი შილერის „ყაჩაღებიდან“. დევრიენტს მიაჩნდა, რომ ფრანცი შილერის მიერ შექმნილი ერთადერთი როლია, რომელიც მოკლებულია რიტორიკულ დეკლამაციურობას. მსახიობი ქმნიდა ტიტანური მასშტაბების ბოროტ დემონს. ასეთივე ტიტანურობით გამოირჩეოდა იაგოს სახე, დევრიენტის იაგო ოტელოს ღირსეულ მეტოქედ აღიქმებოდა.

დევრიენტის შემოქმედებაში გერმანული რომანტიზმის ის ეტაპი აისახა, როდესაც გამოიკვეთა რომანტიკოსთა იდეალების რეალიზაციის შეუძლებლობა, გაღრმავდა სულიერი თავისუფლების ძიებების და არსებული რეალობის შეუსაბამობა. სწორედ ამიტომ, დევრიენტის შემოქმედებას ახასიათებს პირქუში, დემონური თვისებები. მსახიობის მიერ შექმნილი სახეები, გაზვიადებებისა და ფანტაზიების მიუხედავად, მაინც ყოველთვის სიმართლით გამოირჩეოდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვისაუბროთ მსახიობის რეალისტურ მისწრაფებებზე, რომლებიც განსაკუთრებით აშკარად გამოიხატებოდა კომიკური ხასიათის როლებში. მათი შექმნისას დევრიენტი ცხოვრებისეულ ტიპაჟებს იყენებდა. ამრიგად, დიდმა რომანტიკოსმა მსახიობმა გარკვეული გაგებით მოამზადა გერმანული სასცენო ხელოვნების გადასვლა რომანტიკიდან რეალიზმზე, რაც XIX საუკუნის მეორე მესამედში მოხდა. ამ პერიოდის ცენტრალური ფიგურა კარლ ზეიდელმანი გახლდათ.



წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები