დუზე ელეონორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელეონორა დუზე

ელეონორა დუზე – (იტალ. Eleonora Duse, 1858-1924), იტალიელი მსახიობი ქალი. დიდებული ტრაგიკოსი მსახიბის, სახელს უკავშირდება სამსახიობო ხელოვნების ახალი ეტაპის განვითარება.

დუზეს მშობლები მოხეტიალე მსახიობები იყვნენ, და იგი უკვე ოთხი წლის ასაკში „თამაშობდა“ კოზეტას, ჰიუგოს„საბრალონიში“, თხუთმეტი წლის ასაკში მიიღო პირველი დიდი როლი - ჯულიეტა „რომეო და ჯულიეტაში“. ამის შემდეგ, ძალიან განსხვავებული როლები ენაცვლებოდა ერთმანეთს. 80-იანი წლების ბოლოს, მსახიობმა საკუთარი დასი დააარსა, საზღვარგარეთ გასტროლებისთვის. 1909 წელს, დუზემ, რომელსაც თანამედროვე სამყაროზე გული აუცრუვდა, სცენა დატოვა. თუმცა, 1921 წელს, დიდი აზრების და მხატვრული სიმართლის თეატრის შექმნის იდეით ანთებული, იგი სამსახიობო საქმიანობას დაუბრუნდა. 1924 წელს, დუზე გასტროლებით ამერიკაში გაემგზავრა, საკუთარი თეატრის შექმნისთვის ფულის შესაგროვებლად, თუმცა, იგი იქ ავად გახდა და გარდაიცვალა. დუზე, მისი სურვილის თანახმად, დაკრძალულია მშობლიურ იტალიაში.

დუზეს შემოქმედება აგრძელებდა სალვინის ტრადიციებს. თუმცა, თუკი სალვინი გმირულ მონუმენტურ სახეებს ქმნიდა, უპირატესად, კლასიკური მასალის საფუძველზე, დუზეს ტრაგიკული ხელოვნება იქმნებოდა, ძირითადად, თანამედროვე, უცხოური დრამატურგიის საფუძვლებზე. ეს აიხსნება მისი ხელოვნების მიმართულებითა და ამოცანებით, რომლებიც უშუალოდ აისახებოდა ორი ასწლეულის - XIX და XX საუკუნეების მოსაზღვრე რეალობაში. თეატრალური კრიტიკოსი, ა. კუგელი ასე განსაზღვრავს დუზეს სტილის არსს: „ეს სტილი ჩვენ თვითონ ვართ. ეს სტილი - ჩვენი თანამედროვეობაა, ჩვენი დაძაბული, დაღლილი, მოწყვეტილი, მოუსვენარი საუკუნე“.

თავისი დროის სულისკვეთების გამოხატვის ძლიერი სურვილი აიძულებდა დუზეს, მიემართა დიუმა შვილის, სარდუს პიესებისთვის; იგი სულიერ ძალებს ხარჯავდა იმაზე, რომ ცოცხალი, ტანჯული სული შთაებერა ამ ნაწარმოებების მუყაოს ქმნილებებისთვის. თუმცა, მისი საყვარელი დრამატურგი იბსენი იყო: „მე... ისე ვიტანჯებოდი, რომ მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი. მაგრამ როგორც კი იბსენის თამაში დავიწყე, მან მე მიხსნა“. დუზემ იბსენისეულ რეპერტუარში ფრაუ ალვინგის, ნორას, ჰედა გაბლერის, რებეკა ვესტისა და სხვათა სახეები შექმნა.

იბსენის პიესებში დუზემ იპოვა მასალა, რომელიც მის გენიას შეეფერებოდა. იბსენისეული გმირების კონფლიქტები და სულიერი განწყობა მისთვის ახლობელი იყო, და მათი სცენაზე განსახიერება დუზესთვის შემოქმედებით საჭიროებასა და უდიდეს კმაყოფილებას წარმოადგენდა.

დუზესთვის თეატრი ადამიანების განწმენდის, უკეთესობისკენ შეცვლის, მათთვის სიხარულის მინიჭების საშუალება იყო. „ხელოვნებაში ერთნი სულს აღამაღლებენ, მეორენი კი წმენდენ მას. დუზე მეორე კატეგორიას მიეკუთვნება: იგი სულს ტანჯვით, ცოცხალი არსების ტკივილით და იმ საოცარი სიახლოვით წმენდს, რომელსაც მასში თანამედროვეობა გრძნობს“. მსახიობის ყოველ ხასიათში, მნიშვნელოვანი იყო იმ კარგის, ნათელის აღმოჩენა, რომელიც ბუნებისგან ჰქონდა მინიჭებული და რომელიც ცხოვრებამ, ბურჟუაზიული საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემამ დაამახინჯა, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, მოეტყუებინათ, ადაპტირებულიყვნენ, ყოფილიყვნენ სასტიკები. მის მიერ შექმნილ თითოეულ სახეში იხსნებოდა დუზეს პიროვნება, მისი შინაგანი სამყარო. მაგრამ მისი ქმნილებები იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ თვითგანმეორებებზე საუბარიც კი ზედმეტი გახლდათ. აღიარება, რომელიც მსახიობს განასხვავებდა და ბეჭედს უსვამდა მის შემოქმედებას, არანაირად არ აერთიანებდა მისი შემოქმედების შინაარსს. მსახიობის გამოსვლის შემსწრე წერდა: „სცენაზე ელეონორა დუზე ყოველთვის საკუთარ თავად რჩებოდა. ტანსაცმლის, გრიმის, ვარცხნილობის საკითხები მისთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო, მაშინ, როცა სიარული, ხელების მოძრაობა, თვალების გამომეტყველება, ბოლოს და ბოლოს, ხმის ტემბრი ყოველ როლში განსხვავბდებოდა“.

მსახიობის საყვარელი გამომხატველობითი საშუალება იყო მისი მეტყველების ინტონაციური სიმდიდრე, მიმიკის გამომხატველობა და განსაკუთრებით, ხელების პლასტიკა. ადამიანის სულის ცხოვრების სრულად გახსნისთვის სწრაფვაში, დუზემ უარი თქვა გრიმზე. უბრალოება და ემოციური ძალა, რომელიც განაპირობებდა დუზეს საქვეყნო დიდებას, განსაკუთრებული აღტაცებით იყო მიღებული რუსი მაყურებლისა და კრიტიკოსების მიერ, რუსეთში მისი გასტროლების დროს (1891 - 1892, 1897, 1908 წლები). კრიტიკოსი წერდა: „იტალიურ ენაზე დუზე რუსულად თამაშობს“. მისი შემოქმედების სიახლოვე რუსულ კულტურასთან თავად მსახიობმაც იგრძნო, რომელიც საუბრობდა მის განსაკუთრებულ კავშირზე რუსულ პუბლიკასთან. დუზე ოცნებობდა კატერინას როლზე „ქარიშხალში“, მატრიონაზე - „სიბნელის ძალაუფლებაში“, ლიზავეტაზე - „მწარე ხვედრში“. 1905 წელს მან ვასილისას როლი ითამაშა გორკის პიესაში „ფსკერზე“, პარიზის თეატრ „შემოქმედების“ დადგმაში, რომელიც განახორციელა რეჟისორმა ლიუნიე-პომ.

დუზე სარა ბერნარის თანამედროვე იყო, თამაშობდა იმავე რეპერტუარს. სრულიად ბუნებრივია, რომ იმ წლების თეატრალურ ლიტერატურას ავსებდა ამ მსახიობების შედარება. ამ თავისებურ შეჯიბრში, იტალიელი მსახიობის გამარჯვება უდავო იყო. შეუძლებელი იყო იტალიელი მსახიობის მართალ, ადამიანურ, საოცარ შემოქმედებას ვერ ეჯობნა სარა ბერნარის შესანიშნავი, ტექნიკურად სრულყოფილი, თუმცა ერთგვარად ცივი ოსტატობისთვის.

თანამედროვე რეპერტუარში, მსახიობის საუკეთესო როლი იყო მარგარიტა გოტიე დიუმა შვილის დრამაში „ქალი კამელიებით“. „ქალი კამელიებით“ ის ოქროს ძაფია, რომელიც აერთებს ამ დრამის ყალბ მარგალიტს, ვნების ოქროს ძაფით“, - წერდა დუზე. მარგარიტა გოტიეს სახის შესრულებით გამოწვეული შოკი მიიღწეოდა იმით, რომ მსახიობი, საოცარი სიღრმით, მრავალფეროვნებით და გრძნობის ძალით, მთელი პიესის მანძილზე აშიშვლებდა ამ „ოქროს ძაფს“ და აჩვენებდა ამ ვნების დაღუპვის გარდაუვალობას, მისი გმირის სიყვარულის ტრაგიკულ განწირულობას. დუზე პიესაში არსებული სიტუაციის მელოდრამატულობას და ხელოვნურობას მაღალი დონის ტრაგედიად აქცევდა. მარგარიტა გოტიეს ბედში, მსახიობისთვის არ არსებობდა რაიმე შემთხვევითობა. სამყაროში, რომელიც სავსეა არაადამიანური სისასტიკით, მლიქვნელობით, გულგრილობით, შეუძლებელია, სიყვარული არ დაიღუპოს.

დუზესთვის მნიშვნელოვანი არ იყო მისი გმირი ქალის კურტიზანობა. მისი შესრულებით, მარგარიტა გოტიე უბრალოდ შეყვარებული ქალი იყო, სათუთი, უბრალო, ქალური, დაუცველი და უკიდეგანოდ დაღლილი. დუზე - მარგარიტას პირველივე გამოჩენა მთელი ხასიათის ექსპოზიციას ახდენდა: ტანადი, დახვეწილი ქალი, კაბა დავარდნილი, თავისუფალი ნაკეცებით, კორსაჟთან იების თაიგულით, კეფაზე გადავარცხნილი თმებით, - და გაფითრებულ, დაღლილ სახეზე, საოცარი თვალებით, „უზარმაზარი, უძირო შავი თვალები და რაღაც უცნაურად მორკალული ქუთუთოები, რომლებიც დაღლილობის და სევდის შთაბეჭდილებას უქმნიდა ამ შესანიშნავ თვალებს“. სტუმრებს შორის, მარგარიტა მარტოსული იყო, არ მონაწილეობდა მათ მხიარულებაში; იგი თავისი დაფარული და სევდიანი ცხოვრებით ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც შეუყვარდა, დუზე-მარგარიტა გარდაისახა. მისი სახე შეიფაკლა, მოძრაობები შეუმსუბუქდა, მისი ხმა უფრო მჟღერი და ღრმა გახდა, გაქრა დაღლილი ინტონაციები. და, მხოლოდ თვალები იყო კვლავ სევდიანი - მათ არ სჯეროდათ ბედნიერების.

დუზეს შესრულებით მარგარიტას სიკვდილი შემზარავი იყო მისი დამაჯერებლობით. სარა ბერნარი ეფექტურ სცენას გაითამაშებდა ხოლმე, იწვევდა რა აპლოდისმენტების ქუხილს, იატაკზე მისი დავარდნით - პირდაპირ, ზურგის მოუხრელად. დუზე შეუმჩნევლად კვდებოდა. „სიცოცხლე ნელ-ნელა ქრებოდა, როგორც ნაზი, მოსიყვარულე გული, მაყურებლის თვალწინ წყვეტდა ფეთქვას. ასე კვდებოდა მარგარიტა�დუზე, ზედმეტი მოძრაობების გარეშე, იჯდა რა სავარძელში და თავი დიუვალის მხარზე ედო“. და შეძრული მაყურებელი დარბაზში ჩუმად იჯდა, ავიწყდებოდა რა აპლოდისმენტები.

მსახიობის იბსენისეული სახეებიდან საუკეთესოა ნორა „თოჯინების სახლიდან“. მაყურებლის თვალწინ ხდებოდა „ტოროლას“, „ციყვის“ გარდასახვა მტკიცე, ძლიერ ადამიანად. პიესის ფინალში, დუზე არ ამბობდა ნორას ბოლო მონოლოგს, ცვლიდა რა მას მუნჯი თამაშით: „... როდესაც ქმარი, გაცოფებულია მისი დარღვეული კეთილდღეობის და მოწყვლადი უხამსობის გამო, პატარა, გამწარებული დარბის ოთახში... იგი სცენის სიღრმეში დგას, ეყრდნობა როიალს და თვალებისა და თავის მოძრაობით აკვირდება მის მოძრაობებს. მას ოდნავ წამოწეული აქვს კისერი, კორპუსი წინ აქვს გადაწეული, და სწრაფად მოსიარულე ქმრისგან თვალის მოწყვეტის გარეშე, მექანიკურად ატრიალებს თავს მის კვალდაკვალ. ამ ელვარე თვალების უფსკრულში - აღმოჩენაა... ეს ნორა არ შეურიგდება მას; მას ახლა ცხოვრებაში ერთი საქმე აქვს, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: საკუთარი თავის რეალიზება“.

თანამედროვე თეატრით დაუკმაყოფილებლობამ, მისი ახალი ფორმების ძიებამ მსახიობი სიმბოლიზმს დააახლოვა. დ’ანუნციოს პიესებში თამაში მას, როგორც მსახიობს, არ აკმაყოფილებდა, ვერ უჩვენებდა მას ჭეშმარიტ გზას. ამით იყო განპირობებული 1909 წელს მისი წასვლა თეატრიდან.

დუზეს, როგორც მსახიობის მნიშვნელობა, მისი ზემოქმედების ძალა და ფართო ხელმისაწვდომობა, მისი შემოქმედების დემოკრატიზმი იმაში მდგომარეობდა, რომ იგი თავისი ეპოქის ტრაგიკულ მოვლენებს ასახავდა. მის შემოქმედებაში ჩნდებოდა კეთილშობილი ქალის სახე, რომელიც ეჯახებოდა სასტიკ რეალობას. მას, როგორც არავის, შეეძლო სულის სიღრმეში შეღწევა და ადამიანის სულის მაღალი სულისკვეთების მშვენიერების ჩვენება. მაგრამ ადამიანის დამკვიდრების თემა ყოველთვის ჟღერდა, როგორც ტანჯვის თემა. მის შემოქმედებაში შფოთვის, მოუსვენრობის, ტრაგიკული წინათგრძნობის შეგრძნება ცხოვრობდა, ხოლო მისი გმირებისთვის დამახასიათებელი იყო უზარმაზარი შინაგანი აქტივობის შერწყმა იმ ფსიქოლოგიურ სინატიფესთან, რომელიც მათთვის განსაკუთრებით მწვავეს და მტკივნეულს ხდიდა ცხოვრებისეულ დარტყმებს. მაგრამ, დუზეს შემოქმედებაში გამოხატული არ იყო სასოწარკვეთა და დაცემა. იგი მოიცავდა ვნებიან სულისკვეთებას სულიერი თავისუფლებისკენ და სასტიკი და უხამსი ბურჟუაზიული არსებობიდან განთავისუფლებისკენ სწრაფვას.



წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები