ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია - (General strategy of economic development), ქვეყნის ეკონომიკის წარმართვის სტრატეგია, რეალობიდან გამომდინარე მოცემულ ეტაპზე შექმნილი განვითარების კურსი. თანამედროვე განვითარებულიქვეყნების ეკონომიკა, სტრუქტურული თვალსაზრისით, დიამეტრალურად განსხვავდება წინა ეპოქების ეკონომიკისაგან, როდესაც დომინირებული მდგომარეობა ეკავა ჯერ სოფლის მეურნეობას, ხოლო შემდეგ - მრეწველობას.

მაგალითად, თუ 1820 წელს აშშ-ის აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 70%, ამ დარგის ინდუსტრიალიზაციის საფუძველზე, 2008 წლის მონაცემონაცემებით, აშშ-ის აგრარულ სექტორში დასაქმებულია მხოლოდ 1,0%, ინდუსტრიაში - 19,2%, ხოლო მომსახურების სფეროში - 79,8%. იაპონიაში ეს თანაფარდობა, შესაბამისად, ასეთია: 4,4%, 27,9% და 66,4%; გერმანიაში - 2,4%, 29,7%, 67,8%; საფრანგეთში - 3,8%, 24,3%, 71,8%; ავსტრალიაში - 3,6%, 21,1%, 75,0%; ლუქსემბურგში - 2,2%, 17,2%, 80,6%; ევროკავშირში - 5,6%, 27,7%, 66,7% და ა.შ.

არასაკმაოდ განვითარებული (ახალინდუსტრიული ქვეყნების) ეკონომიკისათვის არსებობს სხვადასხვა მიდგომა, რომელთა შორის აღსანიშნავია:
ა) სამრეწველო განვითარება და იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით;
ბ) სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერა და ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში, საექსპორტო პროდუქციის წარმოების უპირატესი განვითარების საფუძველზე (უცხოური ვალუტის მიღების მიზნით) ექსპორტის გაზრდა;
გ) ქალაქისა და სასოფლო რაიონების ბალანსირებული განვითარება და ა.შ.

ახალინდუსტრიულ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია აგრარულ სექტორში დასაქმებულთა ხვედრითი წონა. მაგალითად, 2008 წლის მონაცემებით, ბრაზილიაში იგი შეადგენდა 20%-ს, ხოლო თურქეთში - 29,5%-ს (ინდუსტრიაში - 24,7, მომსახურების სფეროში - 45,8%-ს). რაც შეეხება განვითარებად, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებს, სადაც ინდუსტრიალიზაციის დონე დაბალია, მათთან მიმართებაში ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგიისადმი კიდევ უფრო განსხვავებული მიდგომაა. I მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან 60-იანი წლების დასაწყისამდე ეკონომიკურ ლიტერატურაში გაბატონებული იყო შეხედულება იმის შესახებ, რომ სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვის ყველაზე მისაღები სამრეწველო წარმოების უპირატესი განვითარების სტრატეგიაა. მრავალმა განვითარებადმა ქვეყანამ გაიზიარა ეს შეხედულება და შეიმუშავა კიდეც შესაბამისი სტრატეგია. ზოგიერთ ქვეყანაში იმედისმომცემი შედეგებიც კი იქნა მიღწეული (განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც უპირატესობას ექსპორტის განვითარებას ანიჭებდნენ, იმპორტშემცვლელი წარმოების განვითარებასთან შედარებით), მაგრამ ქვეყნების უმრავლესობამ სავალალო შედეგები მიიღო, რაც ძირითადად გამოწვეული იყო შემდეგი მიზეზებით:

  1. ინვესტიციებთან დაკავშირებული სირთულეები. მრეწველობის პრიორიტეტული განვითარება საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვდა, უცხოური ინვესინვესტიციების მოზიდვა არაჯანსაღი საინვესტიციო კლიმატის გამო თითქმის შეუძლებელი იყო, ადგილობრივი საინვესტიციო რესურსები კი, ჯერ ერთი, მცირე ოდენობის იყო და მეორეც, მათი გადასროლა მრეწველობაში ხდებოდა სოფლის მეურნეობის ხარჯზე და მის საზიანოდ, რაც ქვეყანაში მწვავე სასურსათო პრობლემებს წარმოშობდა;
  2. ადგილობრივმა მრეწველობამ ნაკლებგანვითარებული ტექნოლოგიებისა და დაბალკვალიფიციური სამუშაო ძალის გამო, ვერ შეძლო იმპორტისადმი კონკურენციის გაწევა;
  3. შიდა ბაზრის სივიწროვისა და დაბალი მოთხოვნის გამო, ეს ქვეყნები ვერ ახერხებდნენ რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას.

ამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობამ ვერ შეძლო საგადასახდელო ბალანსის არსებითი გაუმჯობესება, ამასთან, იმპორტის სტრუქტურაც შეიცვალა. მზა სამომხმარებლო საქონლის ნაცვლად მასში მეტწილად სჭარბობდა მოწყობილობები, ნედლეული, დანადგარების ცალკეული ნაწილები და ა.შ. ამიტომ ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეიზღუდა, ხოლო შიდა ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა. სახელდობრ, სწრაფი ტემპითიზრდებოდა სოფლიდან ქალაქში მიგრაცია და, შესაბამისად, უმუშევრობა, რასაც მოჰყვა პოლიტიკური პროცესების გამწვავება.ამიტომ განვითარებადმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში შეცვალეს თავიანთი ეკონომიკური განვითარების კურსი და უპირატესობა სოფლის მეურნეობას მიანიჭეს. დღეს მსოფლიოში იგი აღიარებულია სუსტად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის დომინირებულ სექტორად. განვითარების სტრატეგიების უმრავლესობაშიც უპირატესობა სწორედ აგრარულ სექტორს აქვს მინიჭებული. ამ ტენდენციას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

მაგალითად, 2008 წლის მონაცემებით, ნიგერიის აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 70,0%, ინდუსტრიაში - 10,0%, ხოლო მომსახურების სფეროში - 20,0%; მოზამბიკში, შესაბამისად, 81,0%, 6,0%, 13,0%; ლიბერიაში - 70,0%, 8,0%, 22,0%; სუდანში 80,0%, 7,0%, 13,0% და ა.შ. რაც შეეხება საქართველოს, 2007 წლის ოფიციალური მონაცემებით, ეს თანაფარდობა ასეთია: აგრარულ სექტორში დასაქმებული იყო მომუშავეთა 55,6%, ინდუსტრიაში - 8,9%, ხოლო მომსახურების სფეროში - 35,5%; შედარებისთვის, სომხეთში - 46,2%, 15,6%, 38,2%; აზერბაიჯანში - 39,3%, 12,1%, 48,6%. ასეთია დღეს მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის ლოგიკა, განვითარების გენერალური კურსი, რაც სამყაროს კიდევ უფრო დიფერენცირებულსა და კონტრასტულს ხდის. ერთი რამ კი ცხადია: დღეს მსოფლიოში არ არსებობს წინააღმდეგობა მაღალტექნოლოგიურ მომსახურებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიას შორის. წინააღმდეგობებს მხოლოდ მოძველებული ტექნოლოგიები და ნაკლებკონკურენტუნარიანი პროდუქცია განაპირობებს, რაც სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, მათი ხვედრია.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები