ეროვნული უპირატესობის რომბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეროვნული უპირატესობის რომბი - (national priority rhomb), მაიკლ პორტერის დაიმონდის მოდელი, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის ქვაკუთხედი, აისახება ლოკალური კონკურენტული უპირატესობის ოთხ დეტერმინანტში, რომლებიც ერთობლიობაში წარმოქმნიან იმ სპეციფიკურ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს ახალი, კონკურენტუნარიანი კომპანიების „აღმოცენებას”. საბოლოო ანგარიშით ყალიბდება ის „სათამაშო ველი”, რომელსაც კონკურენტუნარიანი ქვეყანა ქმნის საკუთარი ინდუსტრიის განვითარებისათვის. ეს დეტერმინანტებია:

1. ფაქტორული პირობები
ქვეყნის პოზიცია იმ წარმოების ფაქტორებთან (კვალიფიციური სამუშაო ძალა, ტექნოლოგიური, ადმინისტრაციული და ფიზიკური ინფრასტრუქტურა, კაპიტალის ბაზრები, მიწოდების პირობები) მიმართებაში, რომლებიც აუცილებელია მოცემული დარგის კონკურენტუნარიანობისათვის. ძალზე მნიშვნელოვანია თუ რა ტემპით და რამდენად ეფექტიანად ქმნის და განაახლებს ქვეყანა ამ ფაქტორებს კონკურენტულ დარგებში. მაგალითად, კოლეჯდამთავრებული მუშახელი არ განაპირობებს კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე პირობებში. ამისათვის იგი სპეციალიზებული უნდა იყოს დარგის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად, რაც ვენჩურულ კაპიტალსა და სტაბილურ ინვესტიციებს მოითხოვს. კონკურენტული უპირატესობა უკავშირდება მსოფლიო კლასის მოდერნიზებული ინსტიტუტების შექმნასა და მათ მიერ წარმოებული ბრენდის შედეგია. მაგ., დანია მსოფლიო ლიდერია დიაბეტის კვლევასა და ინსულინის ექსპორტში, ხოლო ნიდერლანდი მსოფლიო ლიდერია ყვავილების კულტივირების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების სფეროში.

2. მოთხოვნის პირობები.
ქვეყნის შიდა ბაზარზე მოცემული დარგის პროდუქციაზე მოთხოვნის რაოდენობრივი, განსაკუთრებით კი, ხარისხობრივი, თვისებრივი დეტერმინატები;

3.ქვეყანაში ერთმანეთთან დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი დარგებისა და დამხმარე სფეროების არსებობა;

4. კომპანიის მყარი სტრატეგია, სტრუქტურა და კონკურენტული გარემო.

ქვეყანაში არსებული პირობები, რომლებიც წარმართავენ კომპანიების შექმნას, ორგანიზებასა და მართვას, აგრეთვე მეტოქეობასა და კონკურენციის ხასიათს.

ეროვნული კონკურენტული უპირატესობის რომბი, როგორც სისტემა, გავლენას ახდენს კომპანიათა კონკურენტუნარიანობის ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა:

რესურსების ხელმისაწვდომობა, დასაბუთებული უახლესი ინფორმაციის მოპოვება, უნარ-ჩვევების აკუმულირება, რომელთა საფუძველზე კომპანიები აცნობიერებენ რა მიმართულებით წარმართონ თავიანთი ბიზნესი და მიაღწიონ კონკურენტულ უპირატესობას. პორტერის აზრით, კომპანიებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლა აიძულებს მათ მიიზიდონ ინვესტიციები და განახორციელონ ინოვაციები. მაგალითად, იაპონელთა ცნობილმა განცხადებამ „ჩვენ ვართ კუნძული-სახელმწიფო ბუნებრივი რესურსების გარეშე” – კარგი სამსახური გაუწია მათ ქვეყანას ამ ნაკლოვანებით გამოწვეული არახელსაყრელი მდგომარეობა კონკურენტული ინოვაციების განხორცილებითა და ინფორმაციის სწრაფი მოპოვების გზით ბაზრის უფრო მდგრადი სეგმენტების მოძიებაში უცხოელი მეტოქეებისათვის დასწრებით გადაეფარათ.

ამრიგად, ქვეყანაში ჩამოყალიბებული კომპანიათა კონკურენტუნარიანობის ამაღლების გარემო დროთა განმავლობაში განამტკიცებს მათ კონკურენტულ უპირატესობას. როდესაც კომპანიები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ნედლეულის სიმცირის, მიწის მაღალი ფასის, მუშახელის დეფიციტის გამო, იმისათვის რომ გაუძლონ კონკურენციას, ისინი ადეკვატურად რეაგირებენ ბაზრის მოთხოვნებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მიმართავენ წარმოების მოდერნიზაციას, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, აფუძნებენ თანამედროვე სტრატეგიებს და ამით ქმნიან ახალ ბაზარს. ამ შემთხვევაში კონკურენტული ბრძოლის მოდელი არაფასისმიერ კონკურენციაში აისახება, რაც მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიურად სრულყოფილი საქონლისა და მომსახურების ბაზარზე მიწოდებაში გამოიხატება.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები