ერქომაიშვილი ანზორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანზორ ერქომაიშვილი

ერქომაიშვილი ანზორ - (10. VIII. 1940, ბათუმი – 31 მარტი, 2021), საქართველოს სახალხო არტისტი (1980), შოთა რუსთაველის სახელობის (1988), საქართველოს სახელმწიფო (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1993) პრემიების ლაურეატი, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშორისო ფესტივალისა (სოფია, 1968) და ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983). ივ. ჯავახიშვილის მედლის მფლობელი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), VII მოწვევის (2008-2009) პარლამენტის წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2014), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2020).

დაიბადა 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში, ტრადიციულ მუსიკალურ ოჯახში.

მისი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი იმ დროს ბათუმში მუშაობდა აჭარის სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ამ გუნდის სოლისტები იყვნენ ანზორის მშობლები — ეთერ და დავით ერქომაიშვილები. არტემის მამა გიგო ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი-მომღერალი იყო ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთიდან. გასული საუკუნის ბოლოს მას მთელს გურიაში სახელგანთქმული ანსამბლი ჰყავდა. ამ ანსამბლმა 1907 წელს თბილისში პირველად ჩაწერა გრამფირფიტებზე 50 გურული სიმღერა. ანსამბლის სოლისტები იყვნენ (მოგვიანებით) გიგოს შვილები: არტემ, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები.

სარჩევი

ბიოგრაფია

1947 წელს არტემ ერქომაიშვილის ოჯახი ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში გადასახლდა, ამავე წელს ანზორ ერქომაიშვილი შეიყვანეს მაკვანეთის რვაწლიან სკოლაში.

სიმღერა ანზორ ერქომაიშვილმა ოჯახში, ბაბუასაგან შეისწავლა. პირველი მუსიკალური ნათლობა მიიღო 1947 წელს თბილისში გამართულ ბავშვთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, სადაც პირველი ხარისხის დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვეს.

1958 წელს ანზორმა ვერცხლის მედლით დაამთავრა ოზურგეთის ე. ნინოშვილის სახელობის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში. 1961 წელს ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1969 წელს (1963-1966 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში).

1961 წელს თბილისის კონსერვატორიაში ჩამოაყალიბა ანსამბლი „გორდელა“, რომელმაც 1968 წელს, სოფიაში, სტუდენტთა და ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალზე ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

ანსამბლი „რუსთავი“

1968 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი „რუსთავი“.

„რუსთავმა“ შორს გაუთქვა სახელი ქართულ ხალხურ სიმღერას, მან მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა მოიარა, არაერთგზის გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში,როგორიც არის პარიზის „ოლიმპია“, ვენის ფილარმონიის, ამსტერდამის ფილარმონიის და სხვა საკონცერტო დარბაზები.

მრავალჯერ გამოვიდა რადიოთი და ტელევიზიით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალებში, მათ შორის „ბი-ბი-სის“ მუსიკალურ ფესტივალზე 1992 წელს.

ანსამბლ „რუსთავზე“ საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ გადაიღო მუსიკალური ფილმები:
1969 წელს — ანსამბლი „რუსთავი“, — რეჟ. რ. ჭიაურელი.
1970 წელს — „ძველი ქართული ჰიმნები“, — რეჟ. ს. ჩხაიძე;
1980 წელს — „მღერის ანსამბლი „რუსთავი“, — რეჟ. ს. ჩხაიძე.

ანსამბლმა „რუსთავმა“ 1969-1988 წლებში ფირმა „მელოდიაში“ ჩაწერა და გამოუშვა ორ ათეულზე მეტი ფირფიტა. მათ შორის აღსანიშნავია ფირფიტების კრებულები:
„60 ქართული ხალხური სიმღერა“ — 1980 წელს (5 ფირფიტა).
„100 ქართული ხალხური სიმღერა“ — 1988 წელს (8 ფირფიტა).

1989 წელს ნიუ-იორკში გამოიცა ანსამბლ „რუსთავის“ კომპაქტური დისკი, ფირფიტა და კასეტა.

1993-1996 წლებში უცხოური ფირმებისათვის ანსამბლმა „რუსთავმა“ ჩაწერა 300-ზე მეტი ძველი ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც კომპაქტური დისკების სახით გამოვიდა მთელ მსოფლიოში.

ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“

1976 წელს ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“. „მართვემ“ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ახალგაზრდობის მუსიკალური აღზრდის საქმეში. „მართვეს“ აღზრდილმა არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო პროფესიული განათლება თბილისის კონსერვატორიაში, რამაც თავისთავად დიდი როლი უნდა შეასრულოს ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენის, დანერგვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

1994 წლის 25 მარტს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა ბრძანებულება, რომლის ძალითაც „მართვეს“ ბაზაზე შეიქმნა ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორის ცენტრი.

თავისი არსებობის 20 წლის მანძილზე „მართვემ“ ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალებში: პოლონეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, იაპონიაში

ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ანსამბლ „მართვეს“ რამდენიმე ფირფიტა, ხოლო 1986 წელს იაპონიის ცნობილმა ფირმა „ვიქტორმა“ გამოსცა ლაზერის კომპაქტური დისკი „მართვეს“ შესრულებით.

ქართული ხალხური სიმღერების შეგროვება და პოპულარიზაცია

ანზორ ერქომაიშვილმა მოსკოვის, ლენინგრადის, კრასნოგორსკის, რიგისა და თბილისის არქივებში მიაკვლია 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოჩანაწერს, შესრულებულს 1907 წლიდან — 30-იანი წლების ჩათვლით. ეს სიმღერები აღდგენისა და რესტავრაციის შემდეგ ფირმა „მელოდიას“ გამოაცემია ფირფიტების სახით. მათ შორის აღსანიშნავია ფირფიტების კრებული (5 ფირფიტა) თანდართული გამოკვლევებით: „პირველი გრამფირფიტები საქართველოში, 1907-1914 წლები“, ჩაწერილი ინგლისური სააქციონერო საზოგადოების ფირმების მიერ.

გამოვიდა აგრეთვე სხვა ფირფიტებიც, ანზორ ერქომაიშვილის ზრუნვით გაცოცხლდა: ვანო სარაჯიშვილის, სანდრო ინაშვილის, ნიკო ქუმსიაშვილის, სანდრო კავსაძის, ვარლამ სიმონიშვილის, ავქსენტი მეგრელიძის, ნოკო ხურციას, კირილე პაჭკორიას, მარო თარხნიშვილის, არტემ ერქომაიშვილის, ვანო მჭედლიშვილის და სხვა შესანიშნავ მომღერალთა და ლოტბართა ხმები (სამწუხაროდ, ფირფიტების გამოცემა შეწყდა ფირმა „მელოდიასთან“ საქართველოს კონტაქტების გაწყვეტის გამო).

ანზორ ერქომაიშვილმა მოიარა თითქმის მთელი საქართველო და ძველი მომღერლებისაგან ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ხალხური სიმღერების იშვიათი ნიმუშები.

გამოცემული აქვს სანოტო კრებულები: „ქართული ხალხური სიმღერების კრებული“ (გამომც. „მუზიკა“, 1972), ქართული ხალხური სიმღერების კიდევ ერთი კრებული, გამოცემული 1980 წელს („ხელოვნება“).

1984-1989 წლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები მოიწვია თბილისში და ფირმა „მელოდიაში“ მრავალარხიან მაგნიტოფირზე ჩაწერა 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა. ამ ფირებზე ჩაწერილია როგორც ყველა ერთად, ისე თითოეული ცალცალკე, სადაც ნათლად ჩანს ყოველი მომღერლის საშემსრულებლო მანერა და ხასიათი. ასეთი აუდიოჩანაწერები დიდად შეუწყობს ხელს ფოლკლორისტებსა და მუსიკისმცოდნეებს.

1992 წელს ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902-1914 წლებში გამოცემულ გრამოფონის ფირფიტებს დედნებს, რომლებზეც ჩაწერილია 127 ქართული ხალხური სიმღერა ინგლისური ფირმების მიერ.

ანზორ ერქომაიშვილმა მუსიკალურად გააფორმა 10-ზე მეტი კინოფილმი და სპექტაკლი. მისი ლიტერატურულ-პუბლიცისტური პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია წიგნები: „ბაბუა“ 1980, გამომც. „საქართველო“, „შავი შაშვი ჩიოდა“, — 1989, „ნაკადული“, „ორი ანსამბლის ისტორია“ — 1978, „ხელოვნება“, „ძველი სიმღერების კვალდაკვალ“ — 1979, „ხელოვნება“, აგრეთვე მრავალი საჟურნალო თუ საგაზეთო სტატია, წერილი, შთაბეჭდილება.

წლების მანძილზე მიჰყავს ტელეგადაცემათა ციკლი „100 ქართული სიმღერა“.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ანზორ ერქომაიშვილისა და მისი „რუსთავის“ ეშხით მოხიბლული უცხოელი მუსიკის მოყვარენი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ჰქმნიან ეგრეთ წოდებულ „ქართულ ანსამბლებს“ (გერმანია, იაპონია, აშშ და სხვა) რისთვისაც დროს და ენერგიას არ იშურებდა ანზორ ერქომაიშვილი; მისმა გაწვრთნილმა „ქართულმა ანსამბლმა ამერიკიდან“ 1995 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიაც კი დაიმსახურა, ამერიკელი მომღერლები ანზორმა ქართულ მუსიკას და ქართულ ენას აზიარა.

1989 წელს ანზორ ერქომაიშვილს ქართული ხალხური სიმღერების და საგალობლების ანთოლოგიის შედგენისა და ქართული ხალხური მუსიკის მსოფლიოში პოპულარიზაციისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში

იხილე აგრეთვე

ანზორ ერქომაიშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები