ველის ბოლობეჭედა
ველის ბოლობეჭედა (ლათ. Circus macrourus Gneln, 1770) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი − ბოლობეჭედა (Circus)
საშუალო სიდიდის ბოლობეჭედაა, ფრთა 310-390 მმ-ია, კუდი — 205-270 მმ, წონა — 310-550 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სხეულის სიდიდესა და შეფერილობაში კარგადაა გამოხატული. მამალი პატარაა დედალზე. ზრდასრული მამალი შეფერილობით ძალიან ჰგავს მინდვრის ბოლობეჭედას. ზურგის მხარეს ღია მოცისფრო-რუხია. მომქნევებიც რუხია, რომელთა შიგნითა მარაოების ძირები თეთრია, ხოლო მე-2 − მე-6 მომქნევებს წვეროები შავი აქვთ; კუდის ზედა მფარავები თეთრია, რუხი განივი ზოლებით. საჭის შუა ბუმბულები რუხია, ხოლო გვერდები თეთრი, რუხი ზოლებით. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მაგრამ ყელისა და მკერდის მიდამოებში კარგად ემჩნევა რუხი ელფერი. ახალგაზრდა მამალი ზურგის მხარეს მორუხო-მურაა, თავზე ქარცი არშიებით. მუცლის მხარეს თეთრია, მოქარცისფრო ღერძულა შტრიხებით. საჭის ბუმბულებს განივი ზოლები აქვთ. მეორე და მესამე წლის ბუმბულსაფარველის შეფერილობა გარდამავალია, რომელიც თანდათან ღია ხდება. ზრდასრული დედალი ზურგის მხარეს მურაა, მოქარცისფრო არშიებით. მუცლის მხარეს მოთეთროა, მოქარცისფრო გასწვრივი ზოლებით. კუდი მუქი მურა განივზოლიანია. კუდზედა ბუმბულები თეთრია, წვეროს ნაწილში მოჟანგისფრო კოპლებით. ახალგაზრდა დედალი ძალიან ჰგავს დედალ მინდვრის ბოლობეჭედას. ნისკარტი და ბრჭყალები შავი აქვს, ფეხები — ყვითელი, ცვილანა — მოყვითალო-მურა.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ველების ზოლს, დასავლეთით დუნაის ქვემო დინებიდან და ბელორუსიიდან, აღმოსავლეთით მონგოლეთამდე და იმიერბაიკალეთამდე. ჩრდილოეთით ბელორუსიასა და ურალს შორის − 55-ე პარალელამდე, ხოლო ურალსა და ენისეის შორის − 57-ე პარალელამდე; სამხრეთით − 57-ე პარალელამდე; სამხრეთით − შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებს, ყირიმს, სამხრეთ ამიერკავკასიას, ირანის კასპიისპირა მიდამოებს, არალის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირებს, სირ-დარიის დაბლობს, ისიკ-ყულს, ტარბაგატაის, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთს. ზამთრობს აფრიკისა და აზიის სამხრეთ ნაწილებში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის დროს.
ბიოტოპი
უფრო დამახასიათებელია მშრალი ველებისათვის, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს მდინარეთა ხეობებშიც. ბუდობის დროს ეტანება დაბლობებს, მთებში ადის 1700 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე უძრახელას შამბნარში, ქონდარა ნუშის რაყაში, იშვიათად − პურის ყანაში ან ტენიან მდელოზე. ბუდე მარტივია, მიწის პატარა ჩაღრმავება შემოსაზღვრულია ხმელი ბალახით. მაისის პირველ ნახევარში დებს ჩვეულებრივად 3-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 30 დღემდე გრძელდება.
კვება
ძირითადად იკვებება თაგვისებური მღრღნელებით, მაგრამ მათი მცირერიცხოვნობის შემთხვევაში, თავს ესხმის მიწაზე მობუდარ ფრინველებს. ჭამს ხვლიკებსა და დიდი ზომის მწერებსაც.
მნიშვნელობა
დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის მავნე მღრღნელებისა და მწერების მასობრივად განადგურებით.