მინდვრის ბოლობეჭედა
მინდვრის ბოლობეჭედა (ლათ. Circus cyaneus Linnaeus, 1766) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი − ბოლობეჭედა (Circus)
სიდიდით მხოლოდ ჭაობის ბოლობეჭედას ჩამორჩება, მაგრამ ველისა და მდელოს ბოლობეჭედებზე დიდია. ფრთა 330-400 მმ-ია, კუდი — 210-255 მმ, წონა — 340-570 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. 3 წლისა და მეტი ხნის მამალი ზურგის მხარეს ნაცარა-რუხია, მოვერცხლისფრო ელფერით. კუდზედა ბუმბულები თეთრია. პირველი რიგის წინა მომქნევებს შავი წვეროები აქვთ, დანარჩენი — მოცისფროა; საჭის შუა ბუმბულებიც ნაცარაა, ხოლო გვერდითი — ნაცარაა გარეთა მარაოებზე და თეთმოწაბლისფრო სიჭრელით — შიგნითა მარაოებზე. მუცლის მხარე თეთრია, მხოლოდ ყელი და ჩიჩახვი, ზოგჯერ მკერდიც ნაცარაა; ცვილანა და ფეხები ყვითელია, ნისკარტი და ბრჭყალები — შავი. დედალი ზურგის მხრიდან მურაა, ბუმბულებზე ჟანგ-მიწისფერი არშიებით; კეფაზე აქვს მოთეთრო ლაქა; კუდზედა თეთრია; მუცლის მხარე მოქარცისფრო ჟანგმიწისფერი, მურა გასწვრივი ზოლებით. დაკეცილი ფრთები ვერ აღწევენ კუდის ბოლომდე; ამოკვეთილია II-V მომქნევების გარეთა და I-IV მომქნევების შიგნითა მარაოები.
ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მინდვრის ბოლობეჭედა — C. c. cyaneus Linn., 1766.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ფართოა. იგი მოიცავს ევროპასა და აზიას — ჩრდილოეთით ტუნდრის ზონამდე, ხოლო სამხრეთით — ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს, მცირე აზიას, ირანს, თურქმენეთს, ჯუნგარიას, მონგოლეთსა და ჩრდილოეთ ჩინეთს; ჩრდილოეთ ამერიკაში — კანადის ჩრდილოეთი ნაწილებიდან, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთამდე. ზამთარს ატარებს დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ინდოეთში, ჩინეთში, წინა აზიაში; ჩრდილოამერიკული ბოლობეჭედა იზამთრებს სამხრეთი შტატებიდან კოლუმბიამდე, კუბამდე და ბაჰამის კუნძულებამდე. არეალის სამხრეთ ნაწილში მობინადრე ან მომთაბარეა, ჩრდილოეთიდან კი გადამფრენია. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი, ხოლო დასავლეთში გვხვდება მიმოფრენისას.
ბიოტოპი
ღია ლანდშაფტი — მინდვრები, მდელოები მდინარეთა ხეობებში, ხავსიანი ჭაობები ტყეში, ველები და ტყე-ველები როგორც ვაკეზე, ისე მთებში. კავკასიაში ვერტიკალურად ვრცელდება 2700 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე — მინდორში, მდელოზე, ჭაობების მშრალ ნაკვეთებზე, ხმელი ბალახისა და წვრილი ტოტებისაგან. მაისის შუა რიცხვებში დებს 3-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 30 დღემდე გრძელდება.
კვება
მინდვრის ბოლობეჭედას ძირითადი საკვებია თაგვისებური მღრღნელები. მიმოფრენისას და ბუდობის პერიოდში იჭერს პატარა ზომის ფრინველებსაც. ჭამს ხვლიკებსა და მწერებს, უპირატესად სწორფრთიანებს, აგრეთვე ხოჭოებსა და ჭიანჭველებს.
მნიშვნელობა
მავნე მღრღნელებისა და მწერების მასობრივი განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.