მდელოს ბოლობეჭედა
მდელოს ბოლობეჭედა (ლათ. Circus pygargus Linnaeus, 1758) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი − ბოლობეჭედა (Circus)
ბოლობეჭედებს შორის ყველაზე პატარაა, ფრთა 350-390 მმ-ია, კუდი — 205-235 მმ, წონა — 235-420 გ. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს, აგრეთვე ყელსა და მკერდზე მუქი ნაცრისფერ-რუხია. თეთრი ფერის მუცელზე ქარცი, ზოგჯერ მურა ფერის ზოლებია. ასეთივეა წვივის ბუმბულებიც. პირველი რიგის მომქნევები შავია. გაშლილ ფრთაზე უკეთ მოჩანს შავი ზოლი, რომელიც მეორე რიგის მომქნევებზე გაივლის. კუდზედა ბუმბულები შუაში მოცისფრო-რუხია, ხოლო გვერდებზე — თეთრი. საჭის შუა წყვილი რუხი-მოცისფროა, ხოლო დანარჩენებზე არის ფართო ჟანგისფერი და თეთრი განივი ზოლები. ზრდასრული დედალი ზემოდან მუქი მურაა, ვიწრო ქარცი არშიებით, უპირატესად ფრთების მფარავებზე. ზოგჯერ არშიები არ არის. ქვემო მხარე ქარცი ან ჟანგმიწისფერია, მაგრამ მკერდზე აქვს მუქი მურა ღერძულა ზოლები, რომლებიც მუცელზე მუქ ქარცში გადადის. ახალგაზრდები ზემოდან თითქმის მურა-შავია, მოჟანგისფრო არშიებით; ქვემო მხრიდან ქარცია — ჩვეულებრივად ღერძულა შტრიხებით. ცვილანა და ფეხები ყვითელია; ნისკარტი და ბრჭყალები — მურა.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაში — ალჟირსა და მაროკოს; ევროპასა და აზიაში დასავლეთით ატლანტის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით ალტაიმდე და მინუსინსკის ქვაბულამდე; ჩრდილოეთით შვეციისა და ესტონეთის სამხრეთ ნაწილებს, ფსკოვს, მოსკოვის ოლქის შუა ნაწილს, იაროსლავს, ყაზანს, სვერდლოვსკს, ტიუმენს და კრასნოიარსკს; სამხრეთით — ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებს, სამხრეთ ამიერკავკასიას, ჩრდილოეთ ირანს, ზერაფშანის აუზს, ტიანშანის სამხრეთ ფერდობებს და ალტაის. ზამთრობს აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ინდოეთში, აგრეთვე ბირმაში, ცეილონსა და ნაწილობრივ ჩინეთში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის დროს.
ბიოტოპი
მდელოს ბოლობეჭედას ადგილსამყოფელია ღია ადგილები, უპირატესად ტენიან მინდვრებსა და მდელოებზე, მდინარეთა ხეობებში, ან ველებსა და ტყე-ველებში — ტბებისა და ჭაობების მახლობლად. მშრალ ადგილებში ბინადრობს გამონაკლის შემთხვევაში. ვერტიკალურად ვრცელდება 1500 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
იკეთებს მარტივ ბუდეს მიწაზე, ღია ადგილებში, ტენიან მდელოზე ან უშუალოდ წყალსატევის მახლობლად. ბუდე ამოფენილია ხმელი ბალახით. მაისის პირველ ნახევარში დებს 3-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. მამალს კი საკვები მოაქვს დედლისა და შემდეგ მართვეებისათვის. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 30 დღეს უდრის.
კვება
ძირითადი საკვებია თაგვისებური მღრღნელები, რომელთაც იჭერს ფრენის დროს მიწაზე თავდასხმით. ზოგჯერ იჭერს მიწაზე მობუდარ ფრინველებსაც. ჭამს ხვლიკებს, აგრეთვე დიდი ზომის მწერებს.
მნიშვნელობა
ითვლება მეტად სასარგებლო ფრინველად, რადგან მრავლად ანადგურებს მავნე მღრღნელებსა და მწერებს.