ვრიტრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვრიტრა(ინდ.) უზარმაზარი გველეშაპი, უხელო, უფეხო იწვა მთებზე, ოთხმოცდაცხრამეტ გორგლად იყო დაგორგლილი. იწვა და აკავებდა წყალს. შთანთქმული ჰქონდა მთელი წყალი, რაც კი დედამიწის ზურგზე მოედინებოდა. მისი შემქმნელის – ტვაშტარის ბრძანებით ის დღითი დღე იზრდებოდა ყოველი მიმართულებით და მთელ სამყაროს მის ღმერთებიანად შთასანთქავად ემუქრებოდა. შეშინდნენ ღმერთები და შესთხოვეს ინდრას, მათი ბელადი გამხდარიყო, შეეკრიბა ლაშქარი და ვრიტრას წინააღმდეგ საბრძოლველად წაძღოლოდა. თავად უზენაესმა ბრაჰმამაც მოუწოდა მას. მაგრამ ვიდრე დათანხმდებოდა, ინდრამ პირობა წაუყენა მათ, თავიანთ მეფედ ეცნოთ იგი. ღმერთებიც დათანხმდნენ და, აჰა, ინდრამ, ღმერთების მეფემ, დაიწყო მზადება ვრიტრასთან საბრძოლველად. ღმერთებს უნდა შეეჭურვათ თავიანთი მეფე უძლეველი იარაღით.

ხელოსნობის ღმერთმა ტვაშტრიმ მას შეუქმნა ვაჯრა, ელვისმტყოცნელი ლახტი. შივამ შეუმუსრავი ბეგთარით შემოსა იგი. ბრძოლის წინ ინდრამ შესვა სამი უზარმაზარი თასით ღმერთების სასმელი სომა, რომელმაც მოუმატა მას სიმაღლე და შესძინა სამმაგი ძალა. და, აჰა, ინდრას წინამძღოლობით ღმერთები გაემართნენ ვრიტრასაკენ. მოახლოებული ლაშქარი რომ დაინახა, ვრიტრამ საზარლად დაიქშინა და სტომაქიდან ამონთხეული ცეცხლი მიაყარა მათ. შეშინდნენ ღმერთები და უკანმოუხედავად გაექცნენ ამ მომაკვდინებელ სუნთქვას. ასე მიატოვეს ინდრა ბრძოლის ველზე, პირისპირ შეატოვეს გავეშებულ გველეშაპს. მხოლოდ ვიშნუ დარჩა მასთან და ამხნევებდა. „დაჰკარი, მეფევ! განგმირე! გამოაჩინე შენი ძალა!“ და გულმოცემული ინდრა მივარდა გველეშაპს.

მაშინ დააბჩინა პირი ვრიტრამ და ელვის უსწრაფესად ჩაყლაპა ინდრა თავის ბეგთრიან-ლახტიანად. დახურა პირი ვრიტრამ, მიდო თავი და ღრმა ძილით დაიძინა. მძინარესაც კი ვერავინ შეჰბედა, რომ მიახლოებოდა და განეგმირა. ან ვის ექნებოდა ისეთი იარაღი, რომელიც ერთი დარტყმით მოუღებდა ბოლოს გველეშაპს.

მაშინ ვიშნუმ მთქნარება მოჰგვარა ვრიტრას და მანაც გააღო პირი და ღმერთების მეფემ თავი დააღწია მის შიგანს. ხელში მოიმარჯვა ლახტი, შემართა და დასცხო ვრიტრას, და თავი გაუპო. (სხვა თქმულებით, ინდრამ შიგნიდან შუაზე გაკვეთა ვრიტრას სხეული და გარეთ გამოვიდა). ცას მიწვდა გველეშაპის ღრიალი და შეშინებული ინდრა ოთხმოცდაცხრამეტი მთის იქით გადაიკარგა, ქვეყნის დასალიერში. და შიშისაგან დაპატარავებული იქ ერთ ტბაში, ლოტოსის ყვავილში ჩაიმალა. გაგზავნა მარუთები და მათაც მოუტანეს ამბავი: ვრიტრა მკვდარი გდია მიწაზე, მისი შიგანიდან გადმოიღვარა დატყვევებული კოსმიური წყალი და ოკეანისკენ დაიწყო დინება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები