ზღვის წინტალა
ზღვის წინტალა (ლათ. Charadrius alexandrinus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − მეჭვავიები (Charadriinae)
- გვარი − მეჭვავია (Charadrius)
ზღვის წინტალა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 100-120 მმ-ია, ნისკარტი – 12-17 მმ, წონა – 35-45 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამალს ზაფხულში შუბლი, ზოლები თვალების ზემოთ და კისრის უკან, სხეულის მთელი ვენტრალური მხარე და იღლია თეთრი აქვს. ჩიჩახვის გვერდებზე მოზრდილი შავი ლაქებია. თავი ზემოდან მოჟანგისფროა, თხემზე განივი შავი ზოლით. ზურგი და სხეულის დანარჩენი დორსალური მხარე მურა-ქვიშისფერია. პირველი რიგის მომქნევები მოშავოა, თეთრი ძირებით; მეორე რიგისა – მუქი წაბლისფერი, თეთრი წვეროებით. ფრთების ზემო, ყველაზე გრძელ მფარავებს თეთრი ბოლოები აქვთ, რის გამო ფრთებზე წარმოიქმნება თეთრი განივი ზოლები. საჭის ბუმბულები მონაცრისფრო-მურაა, თუმცა კიდურა ორი წყვილი თეთრია. ნისკარტი შავია, ფეხები – მონაცრისფრო-მურა. დედალს თხემზე შავი ზოლი არა აქვს და თავი ზემოდან ერთფეროვანია. ყველა ის ნაწილი, რომელიც ზაფხულში შავია, ზამთარში ისეთივე შეფერილობას ღებულობს, როგორიც სხეულის ზურგის მხარეა.
აღწერილია 13. ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ზღვის წინტალა – Ch. a. alexandrinus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი ერთობ ვრცელია. იგი მოიცავს მთელ აფრიკას, კუნძულ მადეირას, აზორის, კანარისა და მწვანე კონცხის კუნძულებს; ევროპის დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს − სკანდინავიისა და ინგლისის სამხრეთი ნაწილებიდან, პირენეის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლისა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულების ჩათვლით. აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით რუმინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სამხრეთ უკრაინაში, ვოლგისა და ურალის ქვემო დინებებთან, შემდეგ აზიაში − ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში კოკჩეტავამდე, გაივლის ბარნაულთან და აღწევს ამურის შესართავამდე. არის იაპონიაში, ხოლო სამხრეთით – მთელ აზიაში, აგრეთვე ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ტასმანიაზე. მოიპოვება აშშ-ის სამხრეთ ნაწილში და ჩილეს მთელ სანაპიროზე. ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში – მობინადრე. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე რაოდენობით შეიძლება ბუდობდეს კიდეც.
ბიოტოპი
ბინადრობს ზღვებისა და მლაშე შიდა წყალსატევების ქვიშნარ უდაბურ სანაპიროებზე, დამლაშებულ და მშრალ თიხნარ ნაკვეთებზე.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ქვიშის პატარა ჩაღრმავებაში, ხმელი ბალახის მცირე ამონაფენით. აპრილის ბოლოს დებს ჩვეულებრივად 2-4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 24 დღეს გრძელდება.
კვება
ზღვის წინტალას ძირითადი საკვებია წვრილი ლოკოკინები, გვერდულები და ასევე პატარა ზომის ნაირგვარი მწერები. მცირე რაოდენობით ჭამს წყალმცენარეებსაც.
მნიშვნელობა
პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.