თავისუფალი ბაზრის ნიშნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი ბაზრის ნიშნები – (signs of free markets), სრულყოფილი ბაზარი, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც არასდროს ყოფილა. იგი აბსტრაქციაა და შეიძლება მხოლოდ მისი იდეალურად წარმოდგენა. ეკონომიკურ ლიტერატურაში ფორმულირებულია თავისუფალი ბაზრის ნიშნები, რომლებიც განასხვავებენ მას რეგულირებადი ბაზრისაგან. თავისუფალი ბაზრის სისტემაში არ რჩება ადგილი მონოპოლიის ნებისმიერი ტიპისთვის; გამორიცხულია ინფლაცია, უმუშევრობა, კრიზისები; მისთვის დამახასიათებელია საკუთრების ნებისმიერი ფორმა, გარდა სახელმწიფო საკუთრებისა; თავისუფალი ბაზრის არც ერთ მონაწილეს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა მონაწილეთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

ფასების რეალური დონე ნაკლებად არის დამოკიდებული ეკონომიკურ სუბიექტთა ნება-სურვილზე და დგინდება ბაზრის მექანიზმით, ფასწარმოქმნაში სუფევს სრული თავისუფლება. თავისუფალი ბაზრისთვის დამახასიათებელია: კონკურენციის მონაწილეთა შეუზღუდავი რიცხოვნება, მათი თავისუფლად შეღწევა ბაზარზე და, ასევე, თავისუფალი გამოსვლა იქიდან; კონკურენციის თითოეული მონაწილის აბსოლუტურად სრული ინფორმირება ფასების, მოთხოვნის, მიწოდებისა და ა.შ. შესახებ; ყველა სახის რესურსის, მათ შორის, მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების აბსოლუტური მობილურობა; ერთსახელიანი პროდუქციის აბსოლუტური ერთგვაროვნება, რაც გამოიხატება, სახელდობრ, სავაჭრო მარკებისა და პროდუქციის ხარისხის სხვა მახასიათებლების უქონლობაში და ა.შ.

ნებისმიერ რეალურ, კონკურენტუნარიან ბაზარს ახასიათებს თავისუფლების ელემენტები, მაგრამ იგი სრულყოფილებას ვერასდროს ვერ აღწევს. ძნელია წარმოვიდგინოთ ისეთი ბაზარი, სადაც დაცული იყოს თავისუფალი ბაზრისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, თუნდაც ის, რომ არ იყოს მონოპოლიური წარმონაქმნები, რომლებიც აფერხებენ ბაზარზე კონკურენციას, არ არსებობდეს სავაჭრო მარკები, ადგილი არ ჰქონდეს უმუშევრობას. ნებისმიერ ბაზარზე ხდება ინფლაციის გავლენით საბაზრო პროცესების დამახინჯება, თავისუფალი ბაზრის რეჟიმიდან გადახრა, თუმცა, ყოველივე ეს ზღვარდებულია. მიუხედავად აღნიშნული დეფორმაციებისა, მოქმედებს საბაზრო მექანიზმი და ფასები იცვლება მოთხოვნა-მიწოდების ზემოქმედებით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები