თაღლითების გვარი
თაღლითების გვარი – Alburnus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეული ცოტად თუ ბევრად წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებულია. ხახის კბილები ორმწკრივია 2,5-5.2, იშვიათად 2.5-4,2; 2,5--4,1; 1,5-5,1, ჩვეულებრივ, დაკბილული და მოკაუჭებულია. პირი წინაა, ლაყუჩის ჩხირები საკმაოდ მრავალრიცხოვანი, მიჯრით სხედან, გრძელებია და 13-15-ზე მეტია. ლაყუჩის აპკები თვალის უკანა კიდის ვერტიკალის რამდენადმე უკანაა მიმაგრებული ან ლაყუჩის წინა სახურავის უკანა კიდის ქვეშაა. გვერდით ხაზზე 39-63 ქერცლია. ქერცლი თხელი, მბზინვარე სუსტად ჩამჯდარია და ადვილად ცვენადი. ზურგზე, ზურგის ფარფლის წინ ღარი არა აქვს. ანალური ხვრელის წინ ქერცლით დაუფარავი ტროპია, რომელიც წინ მუცლის ფარფლის ფუძემდე გრძელდება.
ზურგის ფარფლი მუცლის ფარფლის ფუძის ოდნავ უკან იწყება. მისი უკანასკნელი დაუტოტველი სხივი გამსხვილებული არაა. ანალური ფარფლი წაგრძელებულია, მასში III 10- 20 სხივია. მუცლის აპკი ღია ფერის, ზოგჯერ მურაა.
ამ გვარში 6 სახეა, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიაში, სირიაში და ჩრდილოეთ ირანში. საქართველოში მოიპოვება ორი სახე მტკვრის თაღლითა (Alburnus filippi), ჩრდილოკავკასიური თაღლითა (Alburnus charusini). და ერთი ქვესახე ამიერკავკასიის თაღლითა (Alburnus charusini hohenackeri Kessler.