თვალჭყეტია
თვალჭყეტია (ლათ. Burhinus oedicnemus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი თვალჭყეტიასებრთა ოჯახისა მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − თვალჭყეტია.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − თვალჭყეტიასებრნი (Burhinidae)
- გვარი − თვალჭყეტია (Burhinus)
თვალჭყეტია საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 225-250 მმ-ია, გალო – 70-80 მმ, ნისკარტი – 40-45 მმ, წონა – 450 გ-მდე. სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ფეხი სამთითიანია, ნისკარტი – კონუსისებური, თვალები – ფართო, მრგვალი და დაჭყეტილი. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მორუხო-ქვიშისფერია, გასწვრივი მუქი მურა ზოლებით. სალაგმე, ლოყები და ზოლები თვალების ზემოთ თეთრია. თვალების ქვემოთ აქვს მუქი მურა ნახევარრკალური ზოლები. პირის კუთხეებიდან ლოყების ქვემო ნაწილში მუქი მურა ზოლები გასდევს. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა, მაგრამ კისერზე, ჩიჩახვსა და სხეულის გვერდებზე მუქი მურა ვიწრო ღერძულა ზოლებია. ყელი სრულიად თეთრია. კუდის ქვემო მფარავები ჟანგმიწისფერია. მომქნევები − მოშავო-მურა. პირველი რიგის პირველ სამ მომქნევზე დიდი თეთრი ლაქებია. საჭის ბუმბულები თეთრია, მორუხო-მურა განივი ზოლებით და მოშავო-მურა წვეროებით. მხოლოდ საჭის შუა წყვილია მორუხო-მურა. ნისკარტი წვეროში შავია, ხოლო ძირში – მოყვითალო-მწვანე. ფეხები ყვითელია.
აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული თვალჭყეტია – B. o. oedicnemus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს პალეარქტიკის ტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებს. მოიპოვება აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ევროპის სამხრეთში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ბირმამდე და ცეილონამდე. საბჭოთა კავშირში გვხვდება ბელორუსიის, უკრაინის, ყირიმის, კავკასიის, ყაზახეთისა და შუა აზიის რესპუბლიკების ველების ზონაში. არეალის უმეტეს ნაწილში გადამფრენია. იზამთრებს არაბეთის ნახევარკუნძულზე და აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში, უფრო მრავლად − შემოდგომით. ერთეული ეგზემპლარები ბუდობენ რესპუბლიკის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
ბიოტოპი
ბინადრობს ღია, გაშლილ ადგილებში, მეტწილად დაბლობების მშრალ ველებსა და ნახევარუდაბნოებში, თუმცა წყალს დიდ მანძილზე არ შორდება. შესაფერის ბიოტოპში ზოგჯერ მოიპოვება 1200 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს არ აკეთებს. მიწის პატარა ჩაღრმავებაში ან სრულიად სწორ ადგილზე, ყოველგვარი ამონაფენის გარეშე, აპრილში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, ზოგჯერ მას მცირე ხნით ცვლის მამალიც. საინკუბაციო პერიოდი 26 დღემდე გრძელდება. ერთი თვის მართვე 360 გ-მდე იწონის, 40 დღისას კარგად ფრენა შეუძლია.
კვება
თვალჭყეტია ბინდისა და ღამის ფრინველია. მისი ძირითადი საკვებია დიდი ზომის მწერები – ხოჭოები, კალიები, მახრა და სხვ. ჭამს ხმელეთის მოლუსკებს, ამფიბიებს, ხვლიკებს, ზოგჯერ თაგვისებურ მღრღნელებსაც.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე რაოდენობით მოიპოვებენ მიმოფრენის დროს.