თვალჭყეტიასებრნი
თვალჭყეტიასებრნი (ლათ. Burhinidae) − ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. თვალჭყეტიასებრთა ოჯახი საკმაოდ დიდი ზომის ფრინველთა ჯგუფია, რომელთაც ახასიათებთ მაღალი სამთითიანი, ყვითელი ან მომწვანო-ყვითელი ფერის ფეხები, გალო დაფარულია პატარა ქერცლებით და ბადებრივი შესახედაობა აქვს. კისერი შედარებით მოკლეა, თავი − დიდი, ნისკარტი − საშუალო სიგრძის, პირი ფართო, რომლის კუთხეები თვალების დონემდე აღწევენ. ნესტოები განლაგებულია ნისკარტის ძირითად ნახევარში და გამჭოლია. თვალები ფართო და დაჭყეტილია (აქედან სახელწოდებაც). ფრთები გრძელია, მაგრამ არც მაინცადამაინც მახვილია. ფრთის წვეროს ქმნიან პირველი რიგის პირველი და მეორე მომქნევები. მეორე რიგის ყველაზე შიგნითა მომქნევები აღწევენ დაკეცილი ფრთის წვერომდე. კუდი შედგება 12-14 საჭის ბუმბულისაგან, რომელთაგან შუა ბუმბულები ბევრად გრძელია კიდურა ბუმბულებზე და კუდი თითქმის სოლისებურია. სქესობრივი ან სეზონური დიმორფიზმი შეფერილობაში არა აქვთ გამოხატული.
თვალჭყეტიასებრნი ბინდისა და ღამის ფრინველებია. ბინადრობენ თიხნარ და ქვიშნარ უდაბნოებში, ზღვების სანაპირო დიუნებზე, ზოგჯერ ქვაღორღიან რიყეებზე. კარგად არიან შეგუებული ხმელეთზე ცხოვრებას და სირბილის შესანიშნავი უნარი აქვთ. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტის ზომიერი და ეკვატორული სარტყლების ღია ადგილებში.
ზოგიერთ სისტემატიკოსს მიაჩნია, რომ თვალჭყეტიასებრნი წეროსნაირთა რიგში უნდა შედიოდეს. ამ სარკვევში, ტრადიციულად, მეჭვავიასნაირთა რიგშია გაერთიანებული. ოჯახში 3 გვარია. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ერთი გვარი.