იმერლიშვილი უშანგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უშანგი იმერლიშვილი

უშანგი იმერლიშვილისაქართველოს დამსახურებული მხატვარი, მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).

დაიბადა 1943 წლის 11 ივლისს თბილისში, სწავლობდა თბილისის 17-ე ვაჟთა საშუალო სკოლაში, დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სწავლების პარალელურად, 1963 წლიდან მუშაობდა ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენის მემანქანედ. თეატრში ორი წლის მუშაობამ გავლენა იქონია თეატრალური მხატვრობით მის გატაცებაზე. 1964 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის მონუმენტური ფერწერის განყოფილებაზე. საბოლოოდ, 1970 წელს დაამთავრა ამავე ფაკულტეტის თეატრალური განყოფილება.

აკადემიაში სწავლის დროს 1966 წელს მოწყობილ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენაზე დაჯილდოვდა I პრემიით.

ასევე I პრემია მიეკუთვნა 1969 წელს რესპუბლიკურ დათვალიერებაზე ტყიბულის სახალხო თეატრში სპექტაკლ „რღვევას“ საუკეთესო გაფორმებისათვის. 1970-1972 წლებში მუშაობდა მესხეთის სახალხო დრამატული თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც მის მიერ გაფორმებულმა სპექტაკლმა „პაემანი ცაში“ წლის საუკეთესო დადგმის ჯილდო მიიღო.

1973 წელს მხატვარ მირიან შველიძესთან ერთად მიწვეული იქნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პ. კაკაბაძის „ყვარყვარეს“ გასაფორმებლად (რეჟისორი რ. სტურუა). 1979-1983 წლებში მუშაობდა მუსიკალური თეატრის მთავარ მხატვრად. ამ პერიოდში კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლებსაც აფორმებდა. აღსანიშნავია მის მიერ გაფორმებული დიურენმატის „მილიონერის ვიზიტი“ (რეჟისორი მ. თუმანიშვილი), ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“ (რეჟისორი ა. ჩხარტიშვილი), კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“ (რეჟ. გ. თოდაძე). მუსიკალურ თეატრში მუშაობის დროიდან აღსანიშნავია გ. მელივასთან ერთად განხორციელებული სპექტაკლები. 1979 წელს პოლონეთის ქ. ლოძში, მუსიკალურ თეატრში, გააფორმა ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (რეჟისორი გ. მელივა). დადგმამ წლის საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლის ჯილდო დაიმსახურა.

ამავე წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, როგორც მულტიპლიკაციურ, ისე მხატვრულ ფილმებზე. 1984 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრშია. აღსანიშნავია სპექტაკლები: ს. პროკოფიევისსამი ფორთოხლის სიყვარული“ (რეჟ. გ. მელივა), ჯ. ვერდის „დონ-კარლოსი“ (რეჟ. გ. მელივა), „საბალეტო ნოველები“ (ბალეტმაისტერი გ. ალექსიძე, რეჟ. გ. მელივა). ამ სპექტაკლმა წარმატებით მოიარა ევროპის რამდენიმე ქვეყანა. აღსანიშნავია ქუთაისში განხორციელებული ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (ბალეტმაისტერი ბ. მონავარდისაშვილი), დ. თორაძის ოპერა „ჩრდილოეთის პატარძალი“ (რეჟ. დ. ალექსიძე).

1993 წელს მ. შველიძესთან ერთად, ბათუმის ოპერის თეატრში გააფორმა ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (რეჟ. გ. ჟორდანია), 1994 წელს იმავე თეატრში გააფორმა რ. ლაღიძის ოპერა „ლელა“.

1995 წელს, ბათუმის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერების, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ და რ. ლაღიძის „ლელას“ სცენოგრაფიისათვის უშანგი იმერლიშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები