ინვესტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინვესტორი - (investor, <ინგ. investor მეანაბრე), იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს, აბანდებს საკუთარ, ნასესხ, ან მოზიდულ სახსრებს ინვესტიციურ პროექტებში. ინვესტორი თავისი სახელით იძენს ფასიან ქაღალდებს. საინვესტიციო კაპიტალის ფორმირების მიხედვით ინვესტორი შეიძლება იყოს ორი სახის: ინდივიდუალური და ინსტიტუციური.

ინდივიდუალური ინვესტორი ფასიან ქაღალდებს იძენს საკუთარი კაპიტალით. მას ბოლო კრედიტორს უწოდებენ. ინსტიტუციური ინვესტორი ფასიან ქაღალდებს ყიდულობს არა იმდენად საკუთარი, რამდენადაც მოზიდული ფულით, ანუ მის მიერ მობილიზებული ბოლო კრედიტორების კაპიტალით. იგი შუალედური რგოლია კაპიტალის მობილიზაციასა და ინვესტირებაში. სახსრების დაბანდება ფასიან ქაღალდებში შეიძლება იყოს ინსტიტუციური ინვესტორის, მაგ., კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საპენსიო ფონდების და ა.შ. თავისუფალი სახსრების დროებითი მოთავსება, შეიძლება იყოს კაპიტალის მობილიზაციის ძირითადი მიზანი, მაგ., საინვესტიციო კომპანიების, საინვესტიციო ფონდების შექმნა. ინვესტორის კატეგორიას არ მიეკუთვნებიან ბროკერები, რომლებიც ოპერაციებს აწარმოებენ კლიენტის ხარჯზე. დილერები, რომლებიც საკუთარი ხარჯით აწარმოებენ ოპერაციებს, იყოფიან ორ კატეგორიად: პირველად და მეორად დილერებად. პირველადი დილერები ბაზარზე ავრცელებენ ახალ ფასიან ქაღალდებს და ამით ემიტენტისათვის ქმნიან დამატებით კაპიტალს, ხოლო მეორადი დილერები ყიდულობენ და ხელახლა ყიდიან მიმოქცევაში არსებულ ფასიან ქაღალდებს და ემიტენტისათვის არ ახდენენ ახალი კაპიტალის მობილიზაციას. მათი მეშვეობით კაპიტალი ინვესტორებს შორის მოძრაობს.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები