ინსბრუკის ზამთრის IX ოლიმპიური თამაშები (1964)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის IX ოლიმპიური თამაშების პლაკატი

ინსბრუკის ზამთრის IX ოლიმპიური თამაშები – ზამთრის IX ოლიმპიური თამაშები ჩატარდა ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში 1964 წელს (29 იანვარი-9 თებერვალი).

ავსტრიის საკურორტო ქალაქმა ინსბრუკმა სკვო ველისთან (1960) მცირედით დამარცხების შემდეგ, 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება აშკარა უპირატესობით მოიპოვა. სპორტული არენები, რომელთა ნაწილიც ოლიმპიადისთვის აიგო, ინსბრუკის ირგვლივ, დაახლოებით 30 კილომეტრის რადიუსში განთავსდა.

წარწერის ტექსტი

ავსტრიელთა ერთადერთი პრობლემა თბილი ამინდები იყო. თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე IX ოლიმპიადის მასპინძლებს სათხილამურო ტრასებისთვის მთებიდან ათასობით კუბური მეტრი თოვლის ჩამოტანა, ბობსლეისა და საციგაო ტრასებისთვის კი – ყინულის მოსაჭრელად და მათი ტრანსპორტირებისთვის ჯარის მობილიზება დასჭირდათ.


IX ოლიმპიადა საბედისწერო გამოდგა ორი სპორტსმენისთვის. თამაშებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვარჯიშისას მიღებული ტრავმებით დაიღუპნენ ავსტრალიელი მოთხილამურე და ბრიტანელი მოციგავე, რამდენიმე სპორტსმენი კი სერიოზულად დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევების გამო, ინსბრუკში გლოვის ნიშნად დროშები ნახევრად დაუშვეს, ოლიმპიურ დროშაზე კი შავი ლენტი დაამაგრეს.

წარწერის ტექსტი
სლალომსა და გიგანტურ სლალომში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს ფრანგმა დებმა კრისტინ და მარიელ გოიშელებმა

ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი პირველად დაანთეს ოლიმპიაში, ჰერას ტაძრის ნანგრევებთან, რაც დღემდე ასე გრძელდება. ასევე პირველად მოხდა, რომ თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. გახსნა მოეწყო ტრამპლინიდან მხტომელთათვის განკუთვნილ „ბერგისელის“ არენაზე, დახურვა კი ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც ფიგურულ ციგურაობასა და ჰოკეისტთა ასპარეზობებს უმასპინძლეს.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში პირველად გამოდიოდნენ ინდოეთისა და მონღოლეთის წარმომადგენლები, ჩრდილოეთ კორეის გუნდმა კი საერთოდ ოლიმპიადებზე მონაწილეობის ათვლა სწორედ ინსბრუკიდან დაიწყო.

ზამთრის თამაშების ოფიციალურ პროგრამაში პირველად გამოჩნდა საციგაო სპორტი. ამ სახეობის დებიუტი ყველაზე წარმატებული გამოდგა გერმანიის გაერთიანებული გუნდისთვის – გათამაშებული მედლების 3 კომპლექტიდან 2 ოქროს, ამდენივე ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი სწორედ მან დაისაკუთრა.

საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები კვლავაც საუკეთესონი იყვნენ ციგურებით რბოლაში. განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწიეს ქალებმა, რომლებმაც ცხრა მედალი მოიპოვეს. მათ შორის, ოთხგზის იზეიმა ჩემპიონობა სკვო ველის ორგზის ჩემპიონმა ლიდია სკობლიკოვამ. 6 ოქროს მედლით სკობლიკოვა რეკორდსმენი გახდა, როგორც ვაჟებში, ისე ქალებში (2018 წლის ჩათვლით).

ბარის თხილამურობაში 3 ოქრო მიიღო საბჭოელმა კლავდია ბოიარსკიხმა. ამავე სახებაში ვაჟთაგან განსაკუთრებულ შედეგებს ფინელებმა და შვედებმა მიაღწიეს. სკვო ველის ოლიმპიადის ჩემპიონი, ფინელი ვერო მიანტიურანტა ამჯერად საპატიო კვარცხლბეკზე ყველაზე მეტჯერ – სამჯერ ავიდა. მათ შორის ორჯერ – ჩემპიონის რანგში. კორტინა დ’ამპეცოსა და სკვო ველის თამაშების ორგზის ჩემპიონმა, შვედმა სიკსტენ ერნბერგმაც 3 მედალი მოიპოვა, აქედან 2 უმაღლესი სინჯისა იყო. ამასთან, სამ ოლიმპიადაზე მოპოვებული სხვადასხვა ხარისხის 9 მედლით ერნბერგი პირველია, ვინც მსგავს შედეგს მიაღწია.

ტრამპლინიდან მხტომელთა შეჯიბრება

სამთომოთხილამურეთა შორის სლალომსა და გიგანტურ სლალომში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს ფრანგმა დებმა კრისტინ და მარიელ გოიშელებმა. უფროსი და – კრისტინი საუკეთესო სლალომში იყო, მეორე შედეგი კი გიგანტურ სლალომში ჰქონდა. უმცროსი და მარიელი ჩემპიონი გიგანტურში გახდა, სლალომში კი მეორე იყო.

ვაჟთა ფიგურულ ციგურაობაში ზამთრის ოლიმპიადების ყველაზე ახალგაზრდა პრიზიორი გახდა ამერიკელი სკოტ ალენი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი 14 წლისამ და 360 დღისამ მოიპოვა.

ბობსლეი ოლიმპიადებს ხელოვნური ყინულის ტრასით დაუბრუნდა, რაც პირველი შემთხვევა იყო. აღსანიშნავია, რომ აქ ჩემპიონები გახდნენ იმ ქვეყნის ეკიპაჟები, რომლებსაც სამშობლოში ბობსლეის ტრასები არ ჰქონდათ. ბრიტანელთა წყვილს სავარჯიშო ბაზა სენტ მორიცში ჰქონდათ, კანადელთა ოთხეულს კი – აშშ-ის ლეიკ პლესიდში,

იტალიელმა პილოტმა ეუჯენიო მონტიმ, რომელიც მეწყვილესთან ერთად უმთავრეს ფავორიტად იყო მიჩნეული, ბრიტანელთა წყვილს, ტონი ნეშისა და რობინ დიქსონს, დახმარების ხელი გაუწოდა, რითაც ორმაგად მიიპყრო ყურადღება. ბრიტანელებს ბობის ჭანჭიკი გაუტყდათ, იტალიელმა კი იგივე ნიწილი საკუთარ ბობს მოხსნა და მათ დაუთმო. შედეგად, ბრიტანელები ჩემპიონები გახდნენ, იტალიელმა კი თანაგუნდელთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა. მონტის ეს საქციელი დაუფასდა – გამოვლენილი სპორტული სულისკვეთებისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 1964 წელს დაარსებული „პიერ დე კუბერტენის მედალი“ გადაეცა. შესაბამისად, მონტი პირველია, ვისაც ასეთი პატივი ხვდა წილად. იმავე წელს ასეთივე ჯილდო (სიკვდილის შემდეგ) გადაეცა სიგრძეზე ხტომაში ბერლინის 1936 წლის თამაშების ვერცხლის მედალოსანს, გერმანელ ლუც ლონგს.



წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები