იოანე მტბევარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე მტბევარი – (X ს.), ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, საეკლესიო მოღვაწე. ტბეთის საეპისკოპოსო კათედრის პირველი ეპისკოპოსი, გამწესებული ამ კათედრის დამაარსებლის აშოტ კუხის მიერ. 955 წ. ახლოს მაწყვერელად დაუდგენიათ. დაინტერესებული ყოფილა ხელნაწერთა მოგება-გამრავლებით. ცნობილია, რომ იოანემ მოიგო ქართული კულტურის ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა ტბეთის სახარება, სვანური მრავალთავი და მისთანანი.

იოანე მტბევარს ქართული მწერლობის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია როგორც ჰიმნოგრაფს. მისი საგალობლები საკმაო რაოდენობით დაცულია მიქელ მოდრეკილის კრებულში. აქ წარმოდგენილი საგალობლები მიძღვნილია სხვადასხვა დღესასწაულებისადმი, რომლებიც თავსდება 21 დეკემბერსა და 28 იანვარს შორის. კ. კეკელიძე საგალობელთა ამ ჯგუფს ძველებური ტიპის სტიქირარს უდარებს. საგალობლები დღესასწაულებთან ერთად განადიდებენ იმ მოღვაწეებსაც, რომელთა ხსენების დღეც ლიტურგიკული პრაქტიკის აღნიშნულ მონაკვეთში მოდიოდა. ესენი არიან: იოანე ნათლისმცემელი, იოსებ მართალი, ბასილ ნეოკესარიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და სხვანი.

იოანე მტბევარის საგალობლებში დამუშავებულია ზოგადქრისტიანული თემები და მოტივები, რომელთა გასაშუქებლად ავტორი ფილოსოფიურ-თეოლოგიურ ლიტერატურას მიმართავს. ავტორი სწორედ ამ ლიტერატურის ენით გვესაუბრება, მაგრამ მისი მონათხრობი არ არის უბრალო და მშრალი დახასიათება. იოანე მტბევარი თვით ეძლევა რელიგიურ ექსტაზს და ღრმად შთაგონებული მსმენელსაც გადასდებს ამ მგზნებარებას. იგი დროისა და სივრცის საზღვრებზე ამაღლებული უყურებს ქრისტეს შობის მისტერიას, განიცდის მას, როგორც აწმყოს, როგორც სადღეისო ფაქტს და ანალოგიურ განცდას უღვიძებს მსმენელსაც: „მოვედით, ქრისტეჲშემოსილნო ერნო, იხილეთ საკვირველი, რომელი უაღრეს არს ცნობისა, საწმიდით უგალობდეთ და შიშით თაყვანისვსცემდეთ. დღეს ბეთლემდ მოვალს ქალწული მუცლადღებული შობად ყოველთა ღმრთისა, ანგელოზთა გუნდნი წინაუძღვიან და შიშით ესრევთ ხმობენ: რაჲ არს საიდუმლოჲსა შენისა განგებაჲ, ქალწულო, ვითარ პირველ ჟამთა შობილი ძეჲ გიტვირთავს, რომელმან წამისყოფით დაჰბადა ყოველივე, ვითარცა ინება. ისმინე შენ აწ, ცაო, და ყურად იღე, ქვეყანაო, შიშით ძრწოდეთ, საფუძველნო ქვესკნელისანო, რამეთუ ღმერთი უხილავი განხორციელდა და რომელი ზის ზედა ქერობინთა, საშოსა ქალწულისასა დატევნული შობად მოვალს დღეს. ჰოჲ, სიღრმესა ღმრთისა სიბრძნისასა გამოუთქმელსა, რამეთუ ღმერთი განკაცნა უქცეველად, რაითა განაღმრთოს დაცემული და სუფევად ღირს ყოს“.

საგალობელთა პოეტურ ენას ექსპრესიულობას ანიჭებს ფიქსირებულ ფორმათა რიტმული მონაცვლეობა: „ვითარ უხილავი იხილვების დღეს, ვითარ უხორცოჲ ხორციელ იქმნა, ვითარ დაუბადებელი დაებადა ხორცითა, ვითარ ცათა დაუტევნელი დაიტია ბაგამან, ვითარ შეუხებელი ღმერთი შეიკრა სახვევლითა, ვითარცა ჩჩვილი, არამედ ესე არს, რომელმან განჰხსნნა ადამის ურჩებისა საკრველნი მრავალმოწყალებითა“.

იოანე მტბევარის საგალობელთა პოეტურ ფაქტურას განსაკუთრებულ ლაზათს მატებს ფაქიზად შერჩეული შედარება-ეპითეტები, ქართულ ნიადაგზე ამოზრდილი მხატვრული სიტყვა-თქმანი: „ვაზი რქამშვენიერი ქრისტეს ვენახსა აღმოსცენდი“, „გამოიხვენ ტევანნი შვენიერნი“, „დაჰნერგე ვითარცა შროშანი მართლაღსარებაჲ“, „ვითარცა ცისკარი განთიადისაჲ განანათლებ მსხდომარეთა ბნელსა შინა“.

იოანე მტბევარის საგალობელთაგან ოდენ ერთია იამბიკოს საზომით დაწერილი, დანარჩენები შესრულებულია მარცვლედოვანი საზომით.


ტექსტი

  • პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, 1913;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946;
  • ჩვენი საუნჯე, 1, 1960.

ლიტერატურა

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები