ირანული ენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირანული ენები – ინდოევროპულ ენათა ოჯახის ერთ-ერთი შტო. დამოუკიდებელ არსებობას იწყებენ ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგიდან, როდესაც ხდება ამ ენებზე მოლაპარაკეთა მიგრაცია და ინდო-ირანული ენობრივი ერთიანობისდაშლა, ი. ე. დადასტურებულია უძველეს წერილობით ძეგლებში, რაც საშუალებას იძლევა თვალი მივადევნოთ ამ ენათა განვითარების ისტორიას დაახლოებით 25-27 საუკუნის მანძილზე. ძირითადად განასხვავებენ 2 ჯგუფს: აღმოსავლურსა და დასავლურს. გამოიყოფა ირანული ენების განვითარების 3 პერიოდი:

1. ძვ. ირანული ენები – ძვ. წ. II ათასწლ. დასაწყისიდან ძვ. წ. IV-III სს-მდე – მიდიური, ძვ. სპარსული, ავესტური, სკვითური. ძვ. სპარსული დადასტურებულია აკამანელთა მეფეების ლურსმულ წარწერებში (ძვ. წ. VI-IV სს.). ირანული ენები მდიდარი მორფოლოგიური სტრუქტურის ფლექსიური ენებია. სახელს აქვს 3 სქესი, 8 ბრუნვა, 2 რიცხვი (იშვიათად ორობითიც). ზმნური კატეგორიებიდან გვხვდება პირის, რიცხვის, დროის, კილოსა და გვარის კატეგორიები. მაგრამ უკვე ძვ. ირანულ ხანაშივე შეიმჩნევა რღვევის პროცესი, რომლებიც სრულდება საშ. ირანული ენებში.

2. საშ. ირანული ენები – ძვ. წ. IV-III სს-იდან ახ. წ. VIII-IX სს-მდე – ე. წ. საშ. სპარსული, პართული, სოღდუნი, ხორეზმული, საკა, ტოხარული და სხვ. საშ. სპარსულის ანბანი შემუშავებული იყო არამეული დამწერლობის საფუძველზე. საშ. ირანულ ენებში მოშლილია ფლექსია: მახვილის გადაწევის შედეგად მოიკვეცა ბოლოკიდური ელემენტები – ბრუნვისა და სქესის სუფიქსები, ფართო გასაქანი მიეცა აღწერით წარმოებას, ცვლილებები განიცადა ბგერითმა სისტემამ: მოხდა დიფთონგების მონოფთონგიზაცია (ai>Çau >ô), ხშულთა სპირანტიზაცია და სხვ.

3. ახ. ირანული ენები – ახ. წ. IX–X სს-იდან. ეს ენებია: ახ. სპარსული, ტაჯიკური, ავღანური (პუშტუ), ოსური, ქურთული, ბელუჯური, თათური, თალიშური და სხვ. თანამედროვე სპარსულში თვალში საცემია ცვლილებები ლექსიკაში (დიდი რაოდენობით ნასესხობები, განსაკუთრებით არაბულიდან). სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს თეირანის დიალექტი. დამწერლობაში გამოყენებულია არაბული გრაფიკა (დამატებულია 4 ნიშანი სპეციფ. ბგერებისათვის). მორფოლოგიური სტრუქტურა ანალიზურია: არა გვაქეს სქესისა და ბრუნვის კატეგორიები; ზმნას აქვს პირის, რიცხვის, დროის, კილოსა და გვარის კატეგორიები; ფართოდაა გავრცელებული ანალიზური კონსტრუქციები.

ქართველებს განსაკუთრებით ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ ირანელებთან, რაც საუკუნეთა მანძილზე განპირობებული იყო რთული ისტორიულ-პოლიტიკური თუ რელიგიურ-კულტურული ფაქტორებით. ამ ურთიერთობამ განსაზღვრა მრავალრიცხოვანი ნასესხობების (საკუთრივ ირანულისა და ირანულის გზით – არაბულის) არსებობა ქართულში. ნასესხები ლექსიკა გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით და მოიცავს ანთროპონიმებს, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სამხედრო, რელიგიურ, ყოველდღიურ ყოფასთან დაკავშირებულ სიტყვებს. ნასესხობები განეკუთვნება ირანული ენების სხვადასხვა დიალექტურ შტოს და სხვადასხვა ქრონოლოგიურ დონეს (თუმცა ზოგჯერ სესხების წყაროს მკაცრი იდენტიფიკაცია გაძნელებულია). ქართულში შემოსულია ნასესხობები: სპარსულიდან – არმაზი – კერპი, ძვ. ქართველების მთავარი ღვთაება, შდრ. ძვ. სპარსული auramazdâ „ბრძენი უფალი“; სავსებით სარწმუნო ჩანს ქართuli ეთნონიმების – სპარსი, სპარსული – დაკავშირება ძველი სპარსულ Parza-თან (პროვინცია ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამენელებისა და შემდეგ სასანელების სამშობლო)… ავესტის ენიდან – დროშა, შდრ. ავესტური drapša; ეშმა „ავი“, „ბოროტი“,„ცოფიანი“, „დემონი“, შდრ. ავესტური adšma <aeš „მღელვარება“, „შფოთი“… სკვითურ-ალანურ-ოსური ენებიდან – კაპოეტი „მტკნარი წყლის თევზი ერთგვარი“, შდრ. ოსური kaef „თევზი“<cap (საერთო აღმოსავლეთირანული სიტყვა, ვ. აბაევი)… პართულიდან – ჟამი „დღე“, „საათი“, „სეზონი“, „დრო“, შდრ. ძველი სპარსული ĵamâna, სომხ. žamanak „დრო“, „ასაკი“. ქართულ და სომხურ სიტყვებში თაკიდური ž (ჟ) საშუალებას იძლევა სესხების წყაროდ აღვადგინოთ პართული ფორმა žaman, რომლის უფრო ადრინდელი სახეა ქართულში დადასტურებული უსუფიქსო žam; აბჯარი (სომხურის გზით) „საჭურველი“, „იარაღი“, შდრ. პართული apмĉâr, apмzâr საშ. სპარს. afzâr „ძალა“, „იარაღი“, სომხ. auĉâr, auĉân… საშ. სპარსულიდან – საკუთარი სახელები: ვარდან, ირან. vardân; პეროჟ, პეროზ, შდრ. საშუალო სპარსული pdrôz; ნარიმან, შდრ. საშ. სპარს. nar, მამაკაცი“, men „ფიქრი“, „აზრი“, ე. ი. „ვაჟკაცურად მოაზროვნე“, „ვაჟკაცური სულისკვეთებისა“; მირიან, შდრ. საშ. სპარს, mihrân, ვახუშტი, შდრ. ძვ. ირან. Vahiŝta – „სამოთხე“, საშ. სპარს. Vahiŝt; „შავის“ აღმნიშვნელი ანთროპონიმებიდან ქართულში გვხვდება რამდენიმე ვარიანტი: შიოშ, შიაოშ, სიაუშ, შიოაოშ და სხვ. სამხედრო-ადმინისტრაციული თუ სხვა სახის ტერმინებიდან აღსანიშნავია: გუნდი „ჯარი“, „რაზმი“… შდრ. საშ. სპარს. gund; სპე „არმია“, „ჯარი“, შდრ. საშ. სპარს. spâh; ასპარეზი „მოედანი“, „სტადიონი“, შდრ. საშ. სპარს, asp(u)râs, asprds; პიტიახში, შდრ. სამ. სპარს. byty′hŝ „მეორე, მეფის შემდეგ“, „ირანის შაჰინ-შაჰის ნაცვალი“; ჯომარდი „რაინდი“, შდრ. საშ. სპარს. jdvanmard <yuvânmart „ოსტატი“, გადატანით – რამეში დახელოვნებული ადამიანი, ზენაარი „ფიცი“, შდრ. საშ. სპარს. zdnhar, „დახვა“, „ფიცი“; ანდერძი (< ანდერზი), შდრ. საშ. სპარს. han-darz „რჩევა“, „დარიგება“, ტახტი, შდრ. საშ. სპარს. tâxt „მეფის სავარძელი"… ახალი სპარსულიდან – საკუთარი სახელები: ნესტანდარეჯან, შდრ. ახ. სპარს. შესიტყვება nestandarjeân „ქვეყნად არ არის (ჩემი მსგავსი)“; გივი, შდრ. ახ. სპარს. Gôv; ზურაბ, შდრ. ახ. სპარს. Sohrâb (სავარაუდო ეტიმოლოგიით „წითელი წყლისა“); ნოდარ, შდრ. ახ. სპარს.Nadar, ავესტური Naotara „ნორჩი“…; სარდალი, შდრ. ახ. სპარს. sardâr „მეთაური“; ხიშტი შდრ. ახ. სპარს.xeŝt (საშ. სპარს. xiŝt) „ლახვარი“, „შუბი“; აივანი, შდრ. ახ. სპარს. ayvan „დარბაზი“, „კარიბჭე“, „ღია გალერეა“ დასხვ. მრ.

კლასიკური სპარსულიდან დაწყებული, ახ. სპარსულში, განსაკუთრებით თანამედროვე ენაში, დიდი რაოდენობით შემოდის და მკვიდრდება არაბ. სიტყვები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე სპარს. ენის განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, ეს სიტყვები სპარსულის გზით ქართულშიც შემოდის და ქმნის მასში არაბ. ლექსიკის ძირითად ნაწილს (საკუთრივ არაბულიდან ნასესხები ლექსიკური ერთეულები შედარებით მცირეა). ასე, ფონეტიკური იერის მიხედვით სპარსულის გზას გვავარაუდებინებს სიტყვები: ალამი (სპარს. alam, არაბ. ′alam), ხოტბა, ეშხი და სხვა მრავალი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულში შემოსული ირან. სიტყვების ნაწილი იმდენად დამკვიდრდა, რომ ამ სიტყვათა უცხოური წარმოშობა დღეს არ იგრძნობა. ისინი ექვემდებარებიან ქართულის გრამატ. მოდელს და იცვლებიან ქართ. ენობრივი ნორმების მიხედვით. მაგ., სპარსულიდან შემოსული ფანჯარა ქართულში კუმშვად-კვეცადი სიტყვაა: ფანჯრის… (შდრ. ქართ. კედლის, კატის და მისტ.), თუმცა ანალოგიური პროცესები უცხოა სპარსულისათვის. ამგვარი სიტყვები, ბარბარიზმებისაგან განსხვავებით, ქართ. ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების ერთ-ერთი წყაროა.

თ. ჩხეიძე


ლიტერატურა

ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან, 1, თბ- 1966; II, ნაწ. I, თბ. 1996.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები