კალანდა
კალანდა – ლათინური წარმოშობის ტერმინი სხვადასხვა ხალხებში, მათ შორის ქართველებში, აღნიშნას ახალ წელს.
კალანდა წარმართობის დროიდან მომდინარეობს და ქრისტიანულ კალენდარში გადაიზარდა. კალანდა, 1–ლი იანვარი, მთელი წლის სიმბოლოდაა ქცეული. ძველი რწმენით, რაც ამ დღეს დაებედება ადამიანს, 12 თვეს გაჰყვება.
კალანდასთან მრავალი წესი და რიტუალია დაკავშირებული. ამ დღეს განსაზღვრულია ოჯახის თითოეული წევრის მოქმედება. კალანდობის ჩვეულებაში ჩაქსოვილია პიროვნული, ოჯახური, ტომობრივი კეთილდღეობის იდეა. იგი შეიცავს მაგიურ ელემენტებს, თოფის გასროლა განთიადისას (პროფილაქტიკური მაგია), მეკვლის მისვლა ოჯახმი (პროდუქტიულობის მაგია), მწვანე ტოტებით, ჩიჩილაკით მორთვა, 31 დეკემბერს რცხილის მოჭრა და ცეცხლზე დადება (ბუნების განახლების იდეა) და ა. შ. ძველი საახალწლო ჩვეულებები ქრისტიანულ უქმშეებს შეერწყო.
საკალანდო რიტუალში საპატიო ადგილი ეჭირა სიტყვიერ შემოქმედებას განსაკუთრებით მეკვლის ლექსებს. კალანდა დღეს ოჯახში პირველად მეკვლე მივიდოდა და მასპინძელს შესძახებდა: „კარი გამიღე“. მასპინძლის კითხვაზე – თუ რა მოჰქონდა-მეფეხე ლექსად (ზოგჯერ პროზით) წარმოსთქვამდა დასალოც სიტყვებს, ჩამოთვლიდა სიუხვის, ბედნიერების, დოვლათიანობის აღმნიშვნელ სიმბოლოებსა და მოვლენებს. მეკვლის „ფეხზე“ იყო დამოკიდებული ოჯახის ბედნიერება. საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული მეკვლის ლექსი: „შემოვდგთ ფეხი, გწყალობდეს ღმერთი“.
გ. ჭელიძე
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, საწესჩვეულებო კალენდარული პოეზია, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, 1956, გვ. 269;
- ქს. სიხარულიძე, საწესო კალენდარული პოეზია, ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I, 1961, გვ. 233;
- მისივე, ქართული ხალხური სიტყვიერება (ქრესტომათია) 1970, გვ. 40.