კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორია - (“welfare state” theory), მოიცავს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ, სოციალურ და ა.შ. ასპექტებს, ეყრდნობა სახელმწიფო სექტორის იმ ძირითად ამოცანებს, რომლებიც მან უნდა შეასრულოს თანამედროვე ეკონომიკაში. ეს არის საზოგადოებრივი საქონლის წარმოება, საზოგადოების დაცვა უარყოფითი გარე ეფექტებისაგან (ექსტერნალიებისაგან), ბუნებრივი მონოპოლიების ჩართვა მაკროეკონომიკურ რეგულირებაში, საბაზრო ეკონომიკის თანმხლები უარყოფითი სოციალური შედეგების კორექტირება ანუ პარეტოს მიხედვით გაუმჯობესების მიღწევა რესურსების გადანაწილების გზით, როდესაც ერთი ინდივიდის (ან ინდივიდთა ჯგუფის) მდგომარეობა უმჯობესდება მეორე ინდივიდის (ან ინდიინდივიდთა ჯგუფის) მდგომარეობის გაუარესების გარეშე.

„კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ცნება შემოღებულ იქნა 1941 წელს, როგორც ფაშისტური გერმანიის მილიტარისტული პოლიტიკის ალტერნატივა. თანამედროვე „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ საკანონმდებლო აქტები ეყრდნობა ტ. ჰ. მარშალის „სოციალური მოქალაქეობის“ კონცეფციას. ამ კონცეფციის მიხედვით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემოსავლების მინიმალური დონე, ამასთან, სოციალური დოვლათი უნდა მიაწოდოს თითოეულ მოქალაქეს - როგორც მისი პოლიტიკური უფლების განხორციელება და ქველმოქმედება.

„კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიის კვლევის ცენტრში დგას საზოგადოებრივი ხარჯებისა და ტრანსფერების განაწილებისა და გადანაწილების მექანიზმი. საზოგადოებრივი ხარჯები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: პირველი, სოციალური დახმარების გაწევა მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად თავის რჩენა; მეორე, ავადმყოფობისა და უმუშევრობის შემთხვევაში სავალდებულო დაზღვევა; მესამე, სოციალურად დაუცველი ფენების არსებობისათვის აუცილებელი საქონლითა და მომსახურებით დაკმაყოფილებაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება. როდესაც ქვეყანას უდგას საუკეთესო პერიოდი, ზოგიერთი ადამიანი ვერ ახერხებს სამუშაოს შოვნას, ან საკმარისი ფულის გამომუშავებას აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მოხუცებულობისათვის დასაზოგად. ნებისმიერ დროში არიან მოხუცები, ინვალიდები, ავადმყოფები და სხვა მიზეზებით შრომისუუნარონი. ზოგიერთს არ გაუმართლდა დაბადებიდან და ისინი ვერ ფლობენ ვერც ფიზიკურ და ვერც გონებრივ უნარს. ცუდ დროში ბევრი მუშაკი, რომელსაც ჩვეულებრივ შესწევს უნარი უზრუნველყოს თავისი თავი და ოჯახი, კარგავს სამუშაოს. უარეს დროში, ისეთში, როგორიც ეკონომიკური დაცემის პერიოდია, მილიონობით ადამიანი ღატაკდება ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა მიზეზებით. განვითარებული ქვეყნები ცდილობენ არ დაუშვან თავიანთი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღატაკება და მით უმეტეს მათი შიმშილით დახოცვა. სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა სოციალურ სფეროში აუცილებელია როგორც პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობისათვის, ისე საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისთვისაც. ამ მიზნით შემუშავებულია სხვადასხვა სახის სოციალური დაცვის პროგრამები, რომელთაც ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა, ზოგიერთი პროგრამა შეიძლება დაფინანსდეს კერძო წყაროებიდანაც.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები