კლასიციზმი ლიტერატურაში
კლასიციზმი − მიმდინარეობა XVII−XVIII ს.ს. ლიტერატურაში, ხასიათდება მიბაძვით ანტიკური კლასიკური პოეზიისა და ხელოვნების ქმნილებებისადმი, რომლებსაც კლასიციზმის წარმომადგენლები მხატვრული შემოქმედების იდეალურ ნიმუშებად აღიარებდნენ (აქედან წარმოდგება სახელწოდება „კლასიციზმი“). ისინი ანტიკური ხელოვნებიდან იღებდნენ თემებს, სიუჟეტებს, ხასიათებს და წარმოსახავდნენ თავიანთი დროის შესაბამისად.
კლასიციზმი წარმოიშვა ფეოდალური აბსოლუტიზმის განმტკიცების საფუძველზე XVII საუკუნის საფრანგეთში, საიდანაც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. მისი შემოქმედებითი პრინციპები ჩამოაყალიბა ფრანგმა მწერალმა ბუალომ თავის „პოეტურ ხელოვნებაში“, რომელიც კლასიციზმის თეორიულ მანიფესტს წარმოადგენს.
კლასიციზმს ახასიათებს გარკვეული რეალისტური ტენდენციები და ეპოქის ზოგი არსებითი პრობლემის წარმოსახვაც. მაგრამ ხატვრული შემოქმედების საფუძვლად გონებრივი განსჯის აღიარების, ანტიკური ხელოვნებისადმი მიბაძვის, პირობითობისა და სქემატურობის, აბსტრაქტული ხასიათების შექმნისა და სხვა ანალოგიურ ნორმატიულ პრინციპთა გამო, რომლებიც დაკავშირებული იყო სასახლის არისტოკრატიის ინტერესებსა და გემოვნებებთან, კლასიციზმი ვერ გამოხატავდა ეპოქის მოწინავე სოციალურ და მხატვრულ იდეებს. ნიშანდობლივია ამ მხრივ ის ფაქტიც, რომ ეს მიმდინარეობა ლიტერატურულ ჟანრებს ორ ძირითად ჯგუფად, „მაღალ“ და „დაბალ“ ჟანრებად ყოფდა. „მაღალს“ აკუთვნებდა ტრაგედიას, ეპოპეასა და ოდას. „დაბალი“ ჟანრების ჯგუფში კი აერთიანებდა კომედიას, სატირას, ეპიგრამას, იდილიას…