კურციუს რუფუსი
კვინტუს კურციუს რუფუსი – (ლათ. Quintus Curtius Rufus), რომაელი ისტორიკოსი და რიტორი.
კვინტუს კურციუს რუფუსის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ადრე გამოთქვამდნენ აზრს, რომ იგი ცხოვრობდა იმპერიის დროს (ავგუსტუსის დროიდან დაწყებული თეოდოს დიდამდე). მიახლოებით უფრო იმის მტკიცება შეიძლება, რომ ისტორიკოსი მოღვაწეობდა იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის ხანაში (ახ. წ. 42–54 წწ. ეტყობა, ეს ის კურციუს რუფუსია, რომელსაც სვეტონიუსი იხსენებს. რიტორთა სიაში, თვით რუფუსის თხზულება „ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“, ძალზე საინტერესოდ იკითხება და იმდროინდელ რიტორთა ნაწარმოებების მსგავსად არის დაწერილი.
კურციუს რუფუსის „ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“ 10 წიგნისაგან შედგებოდა. პირველი ორი წიგნი დაიკარგა, ისე რომ შემონახულ ტექსტში თხრობა იწყება მესამე წიგნიდან, ძე, წ. 333 წლის გაზაფხულის ამბებიდან. დაკარგულია აგრეთვე მეხუთე წიგნის დასასრული, მეექვსის დასაწყისი და რამდენიმე საყურადღებო ადგილი მეათედან.
კურციუს რუფუსის ნაშრომი მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა, რომელიც გარკვეულ ეპოქას მიეკუთვნება და ასევე გარკვეულ ტენდენციითაა დაწერილი. იგი შეიცავს პრინციპატის დროის რომაულ საზოგადოებაში ფრიად გავრცელებულ კრიტიკულ ვერსიას ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობაზე, ეს აზრი უპირისპირდება ე. წ. „კლასიკურ ვერსიას“, რომლის ძირითადი წარმომადგენლები იყვნენ პლუტარქე და არიანე, ეს ბერძენი ისტორიკოსები მისდევდნენ ალექსანდრეს თანამედროვეებისა და მისი გვიანდელი მეხოტბეების ცნობებს.
კურციუს რუფუსი ალექსანდრე მაკედონელის კრიტიკაში ორიგინალური არ არის. ასევე იქცეოდნენ მისი წინამორბედი რომაელები ციცერონი და ტიტუს ლივიუსი, კურციუს რუფუსის შემდეგ კი სენეკა და ლუკანუსი. სტოიკური მორალიდან გამომდინარე, ალექსანდრეს რომაელი კრიტიკოსები მას გმირად კი არ თვლიან, არამედ დამპყრობლად, რომელსაც ბედი სწყალობდა.
კურციუს რუფუსი ცოცხლად და მიმზიდველად წერს. ამით უნდა აიხსნას მისი დიდი პოპულარობა, მაგალითად, ცნობილია ამბავი: არაგონისა და სიცილიის მეფე ალფონს V (1382-1458) მძიმედ გახდა ავად. მისი მორჩენა შეუძლებლად მიაჩნდათ. მან დაიწყო კურციუს რუფუსის ნაშრომის კითხვა და იმდენად მოიხიბლა, რომ ჯერ შვება. იგრძნო, შემდეგ კი სავსებით განიკურნა.
კურციუს რუფუსის წიგნს ზოგჯერ ურთავენ ხოლმე მკვლევარ ფრაინსჰაიმის „დამატებებს“. ამ მკვლევარმა, ლათინურის დიდებულმა მცოდნემ, საინტერესოდ შეავსო ყველა ის ადგილი, რომელიც დაიკარგა „ალექსანდრე მაკედონელის ისტორიაში“, ფრაინსჰაიმმა მარჯვედ გამოიყენა სხვა ისტორიკოსების ცნობები და სტილის მიხედვითაც კარგად მიბაძა კურციუს რუფუსს.