ლაზური ფოლკლორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაზური ფოლკლორი − ლაზური (ჭანური) ზეპირსიტყვიერება, რომლის გავრცელების ძირითად არეს თანამედროვე ეთნოგრაფიული ლაზეთი წარმოადგენს, ერთიანი ქართული ეროვნული ფოლკლორული საუნჯის ორგანული ნაწილია და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. პირველი წერილობითი ცნობა ლაზური ფოლკლორის შესახებ ძვ. წ. IV საუკუნეს განეკუთვნება ქსენოფონტე გადმოგვცემს რომ იმ დროს ჭანურ ტომებში პოპულარული ყოფილა სალაშქრო სიმღერები და ცეკვები (ქსენოფონტე, „ანაბაზისის“). ლაზური ზეპირსიტყვიერების ნიმუში პირველად მე-17 საუკუნეშია ფიქსირებული (ევლია ჩელები, „მოგზაურობის წიგნი“).

მომდევნო პერიოდის წერილობითი წყაროებიდან ჩანს, რომ ლაზეთის ისტორიით, ეთნოგრაფიული ყოფით და ლაზური მეტყველებით დაინტერესებულ მკვლევართა შორის ლაზური ფოლკლორისაღმი ინტერესიც ძლიერდება (ზ. ჭიჭინაძე). მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ლაზური ზეპირსიტყვიერი მასალების შეკრება–შესწავლა მყარ ნიადაგზე დგება 1910 წ. გამოქვეყნდა ნ. მარის „Из поездки в Турецкий Лазистан“ (ИИАН №7) და „Грамматика чангского (лазского) языка с хрестоматией и словарем“ 1911 წელს გამოიცა ი. ყიფშიძის „Дополнительные сведения о чанском языке“ ტექსტებითურთ. ი. ყიფშიძის მიერ 1917 წ. ლაზეთში შეკრებილი ფოლკლორული მასალები გამოსცა არნ. ჩიქობავამ 1939 წ. (ი. ყიფშიძე, ჭანური ტექსტები).

1929 წ. გამოიცა არნ. ჩიქობავას „ჭანური ტექსტები“ (I ნაკ), ხოლო 1936 წ „ჭანურის გრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ“. 1938 წ. გამოიცა ს. ჟღენტის „ჭანური ტექსტები. 1937 წ. პარიზში დაისტამბა ფრანგი მკვლევრის ჟ. დიუმეზილის „ლაზური ტექსტები“ („Contes lazes“). 1967 წ. ჟ. დიუმეზილმა გამოსცა ლაზური ტექსტების მეორე კრებული (Dokuments anatoliens suz les langues et les traditions du Caucaze, IV, Recits lazes en dialected Arhavi, Paris, 1967).

ფოლკლორული ნიმუშები აქვს დართული მ. ვანილიშისა და ა. თანდილავას „ლაზეთს“ (1964) 1970 წელს გამოქვეყნდა „ლაზური ზღაპრები“, შედგენილი ზ. თანდილავას მიერ. დიდძალი ლაზური ფოლკლორული მასალა შეკრიბა და გამოსცა გ. კარტოზიამ: „მასალები ლაზური ზეპირსიტყვიერებისათვის, (ქართული ლიტერატურის საკითხები, 1968); „ლაზური ტექსტები“ (მაცნე, IV 1970; „ლაზური ტექსტები“ (1972). 1972 წელს გამოიცა, აგრეთვე, ი. ასათიანის „ზანური ენის ჭანური დიალექტის ტექსტები“.

ლაზური ზეპირსიტყვიერების შესახებ არსებობს მნიშვნელოვანი გამოკვლევებიც: ს. ჟღენტი, „ჭანური ფოლკლორი“ (ს. ჟღ. „ჭანური ტექსტები“, 1938) არნ. ჩიქობავა, „პროფ. ი. ყიფშიძე და ჭანურის მეცნიერული შესწავლა“ (ი. ყიფშიძე, ჭანური ტექსტები, 1939); ს. ჯიქია, „ევლია ჩელები ლაზებისა და ლაზურის შესახებ“ (იბერ. კავკ. ენათმეცნიერება, VI, 1954), ზ. თანდილავა: „ლახური ზეპირსიტყვიერების კვლევის ისტორიიდან“ (ბათ. სამეც. კვლ ინსტიტუტის შრომები, II, 1962); „შრომის ლექსები და სიმღერები ლაზურ ზეპირსიტყვიერებაში“ (ბათ. სამეც. კვლ. ინსტიტუტის შრომები, III, 1964); „მეთევზეობა-ნაოსნობის ასახვა ქართულ ზეპირსიტყვიერებაში“ (აჭარის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხები, 1965); „ლაზური ზღაპრებისათვის” (კრე– ბული „ლაზური ზღაპრები, 1970); „ლაზური ხალხური პოეზია“ (1972).

დღემდე შეკრებილი და გამოქვეყნებული ლაზური ფოლკლორული შემოქმედების ნიმუშები წარმოდგენილია როგორც პროზის, ისე პოეზიის სახით. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ შრომის, საწესჩვეულებო, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო და საისტორიო ლექსებს. გვაქვს აგრეთვე ანდაზები და გამოცანები. პოეზიის ისეთი ჟანრები, როგორიცაა ხოტბა, ელეგია, ბალადა, შეკრებილ მასალებში მეტისმეტად მკრთალად არის წარმოდგენილი. შელოცვა-მისნობისა და სასულიერო-რელიგიური ხასიათის ზეპირსიტყვიერი ნიმუშები კი არ შეინიშნება.

გარკვეული ადგილი უჭირავს ლაზურ ზეპირსიტყვიერებაში მუსიკალურ ფოლკლორს, რომლის ნიმუშები უმთავრესად შრომის პროცესებსა და საქორწილო წეს-ჩვეულებებთან არის დაკავშირებული.

თხრობითი ჟანრის ნაწარმოებთა შორის მთავარი ადგილი ზღაპრულ ეპოსს ეთმობა. გვაქვს ცხოველთა, ჯადოსნური და საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრები, რომელთა პერსონაჟები ძირითადად, ლაზეთის ყოფასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების, საკუთარი ეროვნული ხასიათის საფუძველზე მოქმედებენ.

სიუჟეტური და მხატვრულ-სტრუქტურული თვალსაზრისით ლაზური ზღაპრები დიდ სიახლოვესა და მსგავსებას იჩენენ სხვა ქართველ ტომთა ზღაპრულ სიუჟეტებთან და მოტივებთან, რაც მათ საერთო წყაროზე, საერთო წარმოშობაზე მეტყველებს. თავისი არქიტექტონიკით ლაზური ზღაპრები ყველაზე ახლოს დგას მეგრულ ზღაპრულ ეპოსთან. მართალია, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ბედის შედეგად ლაზურმა ფოლკლორმა ხუთი საუკუნის მანძილზე გარკვეული უცხო გარემოს გავლენა განიცადა მაგრამ დღემდე შეკრებილი თუ ხალხის მეხსიერებაში დაცული და ჯერ კიდევ ჩაუწერელი დიდძალი ზეპირსიტყვიერი მასალა ფოლკლორულ ნაწარმოებთა შექმნა-შესრულების საკუთარი წეს-ჩვეულებები, რაც ლაზეთში საკმაოდ კარგად არის შენახული, აშკარად მიუთითებენ რომ ლაზური ზეპირსიტყვიერი შემოქმედების განვითარებას საფუშვლად უდევს საერთო ქართუელი ეროვნული ტრადიტიები.

ზ. თანდილავა

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები