ლანჩხუთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლანჩხუთი

ლანჩხუთიქალაქი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მ.

ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,8 °C, იანვარში 4,2 °C, ივლისში 23 °C, ნალექებია 1980 მმ წელიწადში.

ქართულ საისტორიო წყაროებში ლანჩხუთი სხვადასხვა ფორმით მოიხსენიებოდა. „ახალი ქართლის ცხოვრების“ ავტორი ბერი ეგნატაშვილი მას ლანჩხუტ-ად წარმოგვიდგენს: „შეიყარა დადიანმან ლევან ჯარი და მიუვდა (სიმონ გურიელს) ლანჩხუტს“.

XVII ს.დასაწყისის საბუთებში ლანჩხუთი უპირატესად -ნ-არის გარეშეა წარმოდგენილი: „არს ლაჩხუთს და ლესას აზნაურისშვილი და მსახური 30“

ვახუშტი მას ლანჩქუთს უწოდებს: „რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი“.

სახელწოდების წარმოშობის თაობაზე არაერთი მოსაზრება გამოთქმულა. მეცნიერულ კვლევა-ძიებასთან საერთო არაფერი აქვს კ. ჰანის მიერ მოწოდებულ თვალსაზრისს ლანჩხუთი ლანჩა („полошва“, „обувь“) და ყუთი („ящик“) სიტყვების შეერთებით გვაქვს მიღებულიო.“

ოთხიოდე წლის წინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი თვალსაზრისი (ნაპ. ლემონჯავა), რომლის მიხედვითაც ლანჩხუთი, თურმე, მეგრული ლანჯი („კოპიტი“) და ქართული რიცხვ. სახელის ხუთის შეერთებით გვქონია მიღებული: ლანჯი-ხუთი „ადგილი, სადაც კოპიტის ხუთი ხე მდგარა“, მაგრამ ამგვარი ვერსიის ხელოვნურობა აშკარაა, რადგან, როგორც უკვე შევნიშნავდით, რიცხვითი სახელი რთულფუძიან ტოპონიმებში მხოლოდ პირველ ფუძედ გამოდის და არასოდეს – საზღვრულად. არ შეიძლება წყალორი, მუხასამი, კოპიტი ხუთი, გორა სამი და ა.შ.

ლანჩხუთ-ი სვანური წარმოშობის გეოგრაფიულ სახელად მიაჩნდა ნ. მარს. იგი ამ ტოპონიმს მცენარე რცხილას (ცხუმ) უკავშირებდა.ლანჩხუთის სვანურიდან მომდინარეობის ვერსიას სარწმუნოდ თვლიდნენ ივ. ჯავახიშვილი და ს. ჯანაშია (ლა-ნ-ჩხუტ- „სა-კენჭ-ე ადგილი“, „კენჭი-ნარ-ი“).

აკ. შანიძის ვარაუდიო ლანჩხუთი ისევეა -უთ სუფიქსით გაფორმებული, როგორც გეგ-უთ-ი, შუხ-უთ-ი, უხ-უთ-ი და სხვა დასავლური ტოპონიმები, თუმცა მკვლევარი არაფერს გვეუბნება ლანჩხ-, გეგ-, შუხ- ძირების შინაარსზე.“ ზ ჭუმბურიძემ სწორად მიუთითა, რომ ხმოვანი ძირის კუთვნილება იყო (ჩხუ, მეგრ. „ძროხა“) და არა სუფიქსისეული ხმოვანი. სუფიქსად ოდენ -თ- ელემენტი არის მიჩნეული. აღნიშნული თვალსაზრისის მიხედვით ლანჩხუთი ზანური (მეგრული) წარმოშობის სახელია და ნიშნავს „სა-ძროხ-ე“.

შეიძლება დავამატოთ: ლანჩხუთი ნიშნავს არა პირუტყვის უბრალო სადგომს, გომურს, ბოსელს, არამედ ძროხის რემის საძოვარ ადგილებს. ლანჩხუთი, მაშასადამე, უნდა ყოფილიყო ისეთი ადგილი, სადაც საქონლის საუკეთესო საძოვრები მოიპოვებოდა. მორფოლოგიური თვალსაზრისით ტოპონიმ ლანჩხუთში თავკიდური ლა-ზანური დანიშნულების აღმნიშვნელი პრეფიქსია (შინაარსობრივად ქართ. სა- პრეფიქსს მიესადაგება), -ნ- ფონეტიკურად არის განვითარებული, ჩხუ ასევე ზანურია და ძროხას ნიშნავს, -თ- სუფიქსი კი ქონება-სიმრავლის აღმნიშვნელი ფორმანტია, რომლის ხმოვნიანი ვარიანტები (-ათ, -ით, -ეთ, -ოთ, -უთ... ხშირად გვხვდება საერთოქართულ ტოპონიმიაში).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები