ლაოკოონი (ქანდაკება)
ლაოკოონი − ელინისტური პერიოდის ჯგუფური ქანდაკება, რომელიც, ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. ქანდაკების ავტორიები არიან აგესანდროსი, ათენოდოროსი და პოლიდოროსი.
სიუჟეტი აღებულია ჰომეროსის პოემიდან, რომლის მიხედვითაც, აქაველებმა ტროას ბჭესთან დიდი ხის ცხენი დადგეს შიგ დამალული მეომრებით. ქალაქის მცხოვრებნი, რომელთაც ცხენის ქალაქში შეყვანა სურდათ, ტროელმა ქურუმმა ლაოკოონმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ამისათვის აპოლონმა, რომელიც აქაველებს მფარველობდა, იგი სასტიკად დასაჯა: ზღვიდან გამოსული გველები მიუსია მას და მის ორ ვაჟს. ქანდაკება ამ თემის კულმინაციურ მომენტს – გველებთან ლაოკოონისა და მისი ვაჟების უკანასკნელ გაბრძოლებას ასახავს.
ლაოკოონის მძლავრი, დაკუნთული ფიგურა მთელი თავისი არსებით, უკან გადაგდებული თავით, შეძრწუნებული სახით ტანჯვას გამოხატავს. მის გაპობილ ბაგეთაგან თითქოს განწირული ყვირილიც კი გვესმის, თვალებში კი არაადამიანური ტკივილი გამოსჭვივის. გველებშემოხვეული ეს სამი ფიგურა ერთიან, ძალზე დინამიკურ და დრამატიზმით აღსავსე ჯგუფს ქმნის, რომელიც ერთგვარ პათეტიკასა და თეატრალურობასაც არაა მოკლებული. ეს ნიშნები – პათეტიკურობა და ტრაგიზმი − ელინისტური ხელოვნების თანამდევია და ამ პერიოდში მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა ქვეყნის ხელოვნებაში ვლინდება.