ლარინგო-ეზოფაგალური მიდამოს პათოლოგიები
ლარინგო-ეზოფაგალური მიდამოს პათოლოგიები — ე.წ. „საყლაპავის კარიბჭე“, პირი, მდებარეობს ხორხის, კერძოდ კი ბეჭდისებრი ხრტილის უკან და 1 სმ. სიმაღლის გახლავთ. უკანა მხრიდან ის შედგება ბეჭდისებრ-ფარინგეალური (კრიკო-ფარინგეალური) კუნთებისგან და საკმოდ მძლავრ სფინქტერს წარმოადგენს.
ამ მიდამოს დაავადებების დროს, პაციენტის ჩივილები შეიძლება იყოს:
- — დისფაგია და რეგურგიტაცია;
- — ყლაპვის დროს გადაცდენები და ხველა;
დიაგნოსტიკა ხორციელდება რიგიდული ეზოფაგოსკოპიით. ნაზოფიბროსკოპიული კვლევა ვერ იძლევა სათანადო ხილვადობას.
აქ გვხვდება როგორც უცხო სხეულით გამოწვეული დისფაგია, ასევე სიმსივნით შექმნილი დისფუნქციები.
აღსანიშნავია ეზოფაგალური დივერტიკული. ეს პათოლოგია საყლაპავის ერთი ნაწილის გამოზნექას და შემდგომში, ჯიბის ჩამოყალიბებას ნიშნავს.
სარჩევი |
კუნთის სპაზმით და დისკინეზიით შექმნილი დისფუნქციები
გარკვეული ასაკის შემდეგ, ასეთი დისფუნქციები უფრო ხშირად გვხვდება. პაციენტის ჩივილი, ძირითადად, ოდინოფაგია გახლავთ, რაც იწვევს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის დამძიმებას კვების ფუნქციის დარღვევის გამო. ნაზოფიბროსკოპიულად, მსხლისებრ სინუსებში შეინიშნება ნერწყვის სიჭარბე და სტაზი, რაც ხშირად ხველის მიზეზიც გახლავთ.
ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიით ხშირად ვლინდება ხერხემლის კისრის მალების ართროზი, რაც შეიძლება საკვების ტრანზიტის შემაფერხებელი იყოს.
პროფილური, კონტრასტული რენტგენოგრაფია აჩვენებს საყლაპავის ზედა ნაწილის დივერტიკულს, ჯიბეს, რაც კრიკოფარინგეალური კუნთის სპაზმის ან ჰიპერტროფიის გამო ჩნდება.
ამ პათოლოგიის ადრეულ სატადიაზე რიგიდული ეზოფაგოსკოპია, ხშირად სიმპტომების გაქრობას იწვევს, როგორც ხდება ხოლმე თიაქრის ჩაბრუნებისას. თუმცა, რეციდივის ან ამ მანიპულაციის უშედეგობის შემთხვევაში, კრიკოფარინგეალური კუნთის ქირურგიული სექცია-გაკვეთა შესანიშნავ შედეგებს იძლევა. ბოლო 20 წელიწადია ეს ოპერაცია ენდოსკოპიურად, ლაზერის გამოყენებით ხორციელდება. პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ერთ დღეს გრძელდება. ამ მეთოდის დანერგვამ საოცრად გაამარტივა ეს ჩარევა.
ფარინგო – ეზოფაგალური დივერტიკული Zenker-ის დივერტიკული
დივერტიკულები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:
- — პატარა ზომის, მაგრამ მწვავე სიმპტომატიკის მქონე დივერტიკულები წარმოიქმნება, როდესაც კრიკო-ფარინგეალური კუნთის სპაზმის და ხახაში არსებული წნევის გამო, ამ კუნთის ზედა მიდამოში ნელა-ნელა წარმოიქმნება ჯიბე.
- — დიდი ზომის დივერტიკულები ვითარდება საყლაპავის კუნთოვანი შრის განლევის გამო. ჭეშმარიტი თიაქარი და მისი ზომები შესაძლოა იმდენად დიდი იყოს, რომ შუასაყარი სულ მოიცვას. ასეთი დივერტიკულების დროს, ოპერაციული ჩარევა უკვე საყლაპავის პლასტიკას გულისხმობს და მხოლოდ კრიკო-ფარინგეალური კუნთის გაკვეთით არ შემოიფარგლება.
კლინიკური ნიშნები
კლინიკურად, როდესაც ყლაპვის გაძნელება წარმოადგენს ერთადერთ ნიშანს, უნდა ვივარაუდოთ პატარა ზომის დივერტიკული.
ამ შემთხვევაში, თუ დისფაგიას თან ახლავს საკვების რეგურგიტაცია, მაშინ სავარაუდოა უკვე კარგად ჩამოყალიბებული დიდი ზომის დივერტიკული.
ასევე, აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის დივერტიკულებს ახლავს დამპალი საკვების სუნი, ჰიპერსალივაცია, ხშირი პულმონარული გართულებები.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, დიაგნოსტიკა კონტრასტული რენტგენოგრაფიით ხდება და იმდენად აშკარაა რომ ვერ შეგვეშლება.
ასეთი დიაგნოსტიკის შემდეგ, მიზანშეწონილია საყლაპავის ენდოსკოპიური დათვალიერება და ამორეცხვა. ამით გავიგებთ დივერტიკულის მდგომარეობას და მოვამზადებთ მას ოპერაციისთვის, იქნება ეს ენდოსკოპიური თუ ოპერაცია გარეგანი მიდგომით.