ლეგირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეგირება − (გერმ. legierung შედნობა < ლათ. ligo ვაკავშირებ), მასალის შემადგენლობაზე მინარევების დამატება ძირითადი მასალის ფიზიკური და ქიმიური თვისებების შეცვლის (უმეტესად გაუმჯობესების) მიზნით. განასხვავებენ მოცულობით (მეტალურგიაში) და ზედაპირულ (იონური, დიფუზური) ლეგირებას.

მეტალურგიაში ლეგირება ძირითადად მიმდინარეობს ნადნობში ან კაზმში დამატებითი ნივთიერებების (ქრომი, ნიკელი, მოლიბდენი, მარგანეცი, ვოლფრამი, ვანადიუმი, ნიობიუმი, ტიტანი, სპილენძი, თუთია, ალუმინი და სხვ.) შეყვანით, რითაც უმჯობესდება შენადნობის მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებები. მაგ., სპილენძში კადმიუმის დამატება ზრდის სპილენძის გამტარის ცვეთამედეგობას; თუთიასი ბრონზეში – ზრდის სიმტკიცეს, პლასტიკურობას, კოროზიამედეგობას; ტიტანის მოლიბდენით ლეგირება ორჯერ და მეტად ზრდის ტიტანის შენადნობის ექსპლუატაციის ტემპერატურულ ზღვარს და ა.შ. ლეგირებული ლითონი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან მეტ მალეგირებელ ელემენტს.

ლითონებისა და შენადნობების ზედაპირისპირა შრის თვისებების (სიმაგრე, ცვეთამედეგობა, კოროზიამედეგობა და სხვ.) შესაცვლელად, აგრეთვე სპეციალური ტიპის მინისა და კერამიკის დასამზადებლად გამოიყენება ზედაპირული ლეგირება, რომელიც წარმოებს დამატებითი ნივთიერებების დიფუნდირებით ლეგირებად მასალაში, ანუ მალეგირებელი ნივთიერება ხდება ძირითადი მასალის სტრუქტურის ნაწილი. ფოლადის გამოდნობის პროცესში, ფერიტში შერეული მალეგირებელი ელემენტები უზრუნველყოფენ მის განმტკიცებას. ფერიტის სისალეს (სიმაგრეს) ძლიერ ზრდის სილიციუმი, მარგანეცი და ნიკელი, შედარებით ნაკლებად – მოლიბდენი, ვოლფრამი და ქრომი. ლეგირების მთავარი დანიშნულებაა: ფოლადის სიმტკიცის ამაღლება თერმული დამუშავების გარეშე; სიმტკიცის, სიმაგრისა და დარტყმითი სიბლანტის გაზრდა და ფოლადისათვის სპეციალური თვისებების მინიჭება (მხურვალდა კოროზიამედეგობა). რუსული ნორმების თანახმად მალეგირებელ ელემენტებს აქვთ შემდეგი აღნიშვნები: ქრომი (Х), ნიკელი (Н), მარგანეცი (Г), სილიციუმი (С), მოლიბდენი (М), ვოლფრამი (В), ტიტანი (Т), ტანტალი (Та), ალუმინი (Ю), ვანადიუმი (Ф), სპილენძი (Д), ბორი (Р), კობალტი (К), ნიობიუმი (Б), ცირკონიუმი (Ц), სელენი (Е), იშვიათმიწა ლითონები (Ч). თუ ასობგერებს მიწერილი აქვთ ციფრები, მაშინ ეს ციფრები მიუთითებენ მალეგირებელი ელემენტების პროცენტულ რაოდენობას; თუ არ აქვს მიწერილი, მაშინ, მალეგირებელი ელემენტის რაოდენობაა 0,8-1,5% (მოლიბდენისა და ვანადიუმის გამოკლებით, რომელთა რაოდენობა ფოლადში 0,2-0,3%-ია; ასევე ბორის – 0,01%-მდე). მაღალი ხარისხის კონსტრუქციულ ლეგირებულ ფოლადებში, ასობგერის წინ დასმული ორნიშნა ციფრი მიუთითებს ნახშირბადის შემცველობას მეასედ პროცენტებში. მაგ., 03Х16Н15М3Б – იშიფრება შემდეგნაირად: 0,03% ნახშირბადი (C), ქრომი (Cr) 16%, ნიკელი (Ni) 15%, მოლიბდენი (Mo) 3%-მდე, ნიობიუმი (Nb) 1%-მდე. ყველა ტიპის ფოლადში მარგანეცის შემცველობა თითქმის ერთნაირია. ლეგირებული ფოლადებისგან მზადდება ექსკავატორის ციცხვის კბილები, სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანებისა და ბეტონშემრევების სამუშაო ორგანოების ზედაპირები, ბურთულებიანი წისქვილების ჯავშან-ფილები, ბურთულსაკისრები, მანქანა-დანადგარების საპასუხისმგებლო დეტალები და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები