ლოყათეთრი თევზიყლაპია
ლოყათეთრი თევზიყლაპია (ლათ. Chlidonias hybrida Pallas, 1811) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − თოლიასნაირნი (Lariformes)
- ოჯახი − თოლიასებრნი (Laridae)
- გვარი − თევზიყლაპია (Chlidonias)
ლოყათეთრი თევზიყლაპია პატარა ზომის ფრინველია, თუმცა ფრთები გრძელი აქვს, იგი 220-245 მმ-ია, ნისკარტი – 27-35 მმ, წონა – 80 გ-მდე. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. შავი თევზიყლაპიასაგან გამოირჩევა უფრო გრძელი ფრთებით. გამრავლების პერიოდში დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული თეთრი ლოყები და ნიკაპი. ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან შავია, მოლურჯო-მომწვანო ელვარებით. ზურგი და მკერდი ასპიდურ-რუხია; ყელი, ფრთები და კუდი გაცილებით ღია ფერისაა, ვიდრე ზურგი. მუცელი მოშავოა, ხოლო კუდქვეშა და ფრთების ქვემო მფარავები – მოთეთრო. ნისკარტი და ფეხები წითელია. ზამთარში ჭარბობს სითეთრე, მანტია მკრთალი მოცისფროა, თვალებიდან კეფამდე მუქი მურა ზოლები გასდევს, ხოლო თხემზე ვიწრო შტრიხები. ახალგაზრდები მსგავსია მოზრდილებისა ზამთრის სამოსელში.
ცნობილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ლოყათეთრი თევზიყლაპია – Ch. h. hybrida Pall., 1811.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ხშირად სპორადულია. ეს ფრინველი ბუდობს სამხრეთ ევროპაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, სამხრეთ აფრიკასა და მადაგასკარზე, წინა და სამხრეთ აზიაში – ჩრდილოეთით შუა აზიამდე, ჩინეთში, მანჯურიაში, ცეილონზე, ინდო-ჩინეთში, მალაის, ფილიპინებისა და ზონდის კუნძულებზე, ახალ გვინეასა და ავსტრალიაში. ბუდობს სომხეთშიც (სევანზე). ევროპისა და ჩრდილოეთ განედების პოპულაციები გადამფრენია, რომლებიც იზამთრებენ ცენტრალურ აფრიკაში. დანარჩენი მობინადრეა. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს.
ბიოტოპი
ბინადრობს შიდა წყალსატევების – ტბებისა და მდინარეების სანაპიროებზე, უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით, აგრეთვე ჭაობში.
გამრავლება
ბუდობა უპირატესად კოლონიურია. ბუდეს იკეთებს წყლის მცენარეთა ღეროებისა და ფოთლებისაგან მიწაზე ან წყლის ზედაპირზე (ე. წ. მცურავი ბუდე). მაისის ბოლოს ან ივნისში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 18 დღემდე გრძელდება.
კვება
უპირატესად მწერიჭამია ფრინველია, რომელთაც იჭერს როგორც წყლის ზედაპირზე, ისე ჰაერში. გარდა ამისა, იკვებება ჭიებით, წვრილი თევზებით, ამფიბიებით (ტრიტონი, პატარა ბაყაყები და თავკომბალები).
მნიშვნელობა
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მრავალ მავნე მწერს ანადგურებს.