შავი თევზიყლაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი თევზიყლაპია

შავი თევზიყლაპია (ლათ. Chlidonias nigra Linnaeus, 1758) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

შავი თევზიყლაპია თოლიასნაირთა შორის პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 200-225 მმ-ია, ნისკარტი – 24-28 მმ, წონა – 55-80 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში მკვეთრად არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ძირითადად მოშავო-ასპიდურია, მაგრამ უფრო ღია, მოცისფროა ზურგზე, კუდსა და ფრთებზე. ფრთების ქვემო მფარავები მკრთალი რუხია, ხოლო კუდქვეშა თეთრი. დედალი ოდნავ უფრო ღია ფერისაა, ვიდრე მამალი. ნისკარტი შავია, ფეხები – მოწითალო-მურა. ზამთრის შეფერილობა განსხვავებულია. შუბლი, თხემის წინა ნაწილი, ლოყები და სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია. ჩიჩახვის გვერდებზე რუხი ლაქებია. თხემის უკანა ნაწილსა და კეფაზე მოშავოა; ზურგის მხარე ისეთივეა, როგორიც ზაფხულში, მხოლოდ რამდენადმე უფრო ღია ფერისაა. თვალების წინ და ყურებზე მოშავო ლაქები აქვს.

ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი შავი თევზიყლაპია – Ch. n. nigra Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ზომიერი სარტყლის დიდ ნაწილს. ევროპასა და აზიაში გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი ასეთია: დანია, ბალტიის ზღვა, ვოლოგდა, პერმი, სვერდლოვსკი, მინუსინსკის ველები. სამხრეთითესპანეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, შავი ზღვა, ამუ-დარიისა და სირ-დარიის ქვემო დინებანი. ევრაზიის პოპულაციები ზამთრობენ აფრიკაში, ხოლო ამერიკისა – სამხრეთ ამერიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბუდობის დროს ბინადრობს ჭაობებში, მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე – უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით. მიმოფრენის დროს და ზამთარში მოიპოვება როგორც შიდა წყალსატევებზე, ისე ნაწილობრივ ზღვების სანაპიროებზე.

გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს დამდგარ ან მდორედ გამდინარე წყალსატევებზე, აგრეთვე ჭაობებში. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 17 დღემდე გრძელდება.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ წყლისა და წყლისმახლობელი მწერები. მათ შორის ნემსიყლაპიები, ნაირგვარი ხოჭოები, სიფრიფანაფრთიანები და მრავალი სხვა, რომელთა შორის ბევრი მავნებელია სოფლის მეურნეობისათვის.

მნიშვნელობა

სასარგებლო ფრინველია, რადგან მრავლად ანადგურებს სოფლის მეურნეობის მავნე მწერებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები