მასდარული კონსტრუქცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მასდარული კონსტრუქცია – ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში აღნიშნავს ვითარებით ბრუნვაში დასმული მასდარის მიერ შექმნილ კონსტრუქციას („იზრახა განტევებად იგი“ მათ. 1, 19; „ჯერარსა მიცემად ხარკი კეისარსა“, მარკ. 12, 24 18). ფართო გაგებით ამ ტერმინს ხმარობენ ვით. ბრუნვაში დასმული მასდარის შემცველი სხვა ტიპის შესიტყვების აღსანიშნავადაც (ჰნებავს წარსლვად“, „დასხდეს სერობად“…).

მასდარს, როგორც ზმნისაგან ნაწარმოებ არსებით სახელს, გადმოყოლილი აქვს ზმნის ზოგი თვისება (ზმნისწინი, ასპექტისემანტიკა); ფორმაცვალებით იგი არსებითი სახელის ბადალია და წინადადებაში ფუნქციონირებს, როგორც არსებითი სახელი. ძვ. ქართულში მასდარის ვითარებითი ბრუნვა ხშირად არასინტაქსურ ოდენობადაა ქცეული, იხმარება სახელისათვის უჩვეულო პოზიციაში (ბრძანებს – ბრძანა, ჰნებავს, ეშინის… განტევებად), ამავე დროს, ავლენს ზმნურ სინტაქსურ ძალას – მართავს ობიექტს სახელობით და მიცემით ბრუნვებში. ამის გამო მასდარის ვითარებითი ბრუნვის ფორმა სახელის პარადიგმისაგან განცალკევებით დგას, ვერბოიდად იქცევა და ინფინიტივის ჩანასახად მიიჩნევა.

„მიცემად“ ტიპის ფორმები და მათი კონსტრუქციები წინადადებაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატების, ქვემდებარის, მიზნის გარემოების, შედგენილი შემასმენლის პრედიკატული წევრის ფუნქციით. განარჩევენ დამატებით-მასდარულ და გარემოებით-მასდარულ კონსტრუქციებს (შ. ძიძიგური).

ვითარებით ბრუნვაში დასმულმა მასდარმა (resp. ინფინიტივმა) შეიძლება შექმნას ერთპირიანი და ორპირიანი გარდაუვალი, ორპირიანი და სამპირიანი გარდამავალი ზმნის შესიტყვების მსგავსი კონსტრუქციები. იმისდა მიხედვით, თუ რომელ სახეობასთან გვაქვს საქმე, მას შეიძლება დაუკავშირდეს პირდაპირი ობიექტი (სახ. და მიც. ბრუნვებში), ირ. ობიექტი (მიც. ბრუნვაში) და იშვიათად სუბიექტი (სახელობით ბრუნვაში). მოქმედების ობიექტი მას ხშირად იმავე ფორმითა და სინტაქსური წესით უკავშირდება, როგორც სათანადო ზმნას. შენიშნულია კანონზომიერება, რომ მასდარის მიერ მართული პირდაპირი დამატების ორი ბრუნვიდან ერთ-ერთის არჩევანს ის ზმნა განაპირობებს, რომელთანაც მასდარული კონსტრუქციაა დაკავშირებული („…ისწრაფდა თესვად კაცთმოყუარებასა“, ტიმ. ანტ., შდრ. „ვისწრაფო გამოცხადებად… საქმე იგი: კიმ. 1). ძვ. ქართულშივე „მიცემად“ ტიპის ფორმებთან შეიძლება შეგვხვდეს სახელი ნათესაობითი ან ნანათესაობითარი ვითარებითის ფორმით, სახელური მართვისათვის დამახასიათებელი სინტაქსური ურთიერთობით. მათი გამოყენების გახშირება მასდარული კონსტრუქციის რღვევის მანიშნებელია (…ხარკისა მიცემად, თესვად თესლისა)…

XII ს-იდან მასდარული კონსტრუქციები თანდათანობით გამოდის ხმარებიდან. თავს იჩენს ორი ტენდენცია: ერთი ქართული ენის განვითარების ბუნებრივ ხაზს მიჰყვება და ხასიათდება მასდარული კონსტრუქციის თანდათანობით გაქრობით, მეორე კი ცდილობს ძვ. ქართულის სხვა ენობრივ თავისებურებებთან ერთად შეინარჩუნოს „მიცემად“ ტიპის ფორმები, როგორც სტილისტიკური ხერხი.

განხილულ ფორმათა ზოგი სახეობის გამოყენება დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო ცოცხალი სასაუბრო მეტყველებისათვის, რასაც მოწმობს მთის კილოებში შემორჩენილი ფორმები, რომლებიც სუპინუმის ფუნქციისაა და ძირითადად ნასახელარი ზმნებისაგან იწარმოებიან (წავიდა ნადირობად…). შედარებით ფართოა ამ ფორმათა გამოყენების სფერო თუშურში (…ბარვად შედგ, თქმად არს…).

დ. ჩხუბიანიშვილი


ლიტერატურა

  • მარტიროსოვი ა., „მასდარული კონსტრუქციის გენეზისისათვის ძეელ ქართულში.” – „იკე“, VII თბ, I955;
  • იმნაიშვილი ი., სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, თბ,, 1957;
  • კოტინოვი ნ., „ვითარებითში დასმული მასდარის ფუნქციები ძველ ქართულში.
  • – თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები“, V, 1964;
  • ძიძიგური შ. წინადადების მასდარული კონსტრუქცია. – „თბილისის ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის შრომები“, 1966, ტ. 19;
  • ჩხუბიანიშვილი დ., ინფინიტივის საკითხისათვის ძველ ქართულში, თბ., I972;
  • კობაიძე მ, ვამლინგი კ. კიდევ ერთხელ ინფინიტივის საკითხისათვის ძველ ქართულში. თეზისები. – „ქუთაისური
  • საუბრები“, V, 1997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები