მებორნე
მებორნე (ლათ. Trnga hypoleucos Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − ჭოვილოები (Tringinae)
- გვარი − ჭოვილო (Tringa)
მებორნე პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 100-115 მმ-ია, გალო – 22-25 მმ, ნისკარტი – 22-28 მმ, წონა – 45-75 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის სხეულის ზემო მხარე ზაფხულში მოწაბლისფრო-ქვიშისფერია, ბრინჯაოსფერი ელფერით, მაგრამ ცალკეული ბუმბულის ღეროს გასწვრივ მოშავო შტრიხებია, რომლებიც ფრთების ზემო მფარავებზე ტალღისებურ განივზოლიანობას ქმნის. პირველი რიგის მომქნევები მუქი მურაა, მაგრამ მე-2 მომქნევის შიგნითა მარაო შუა ნაწილში თეთრია; მომდევნო მომქნევებზე თეთრი ფერი მატულობს. მეორე რიგის მომქნევების ძირები და წვეროებიც თეთრია. მცირე სითეთრე არის პირველი რიგის მომქნევების წვეროებზე, მტევნის მოხრილობის მფარავებსა და ფრთის ზედა დიდი მფარავების წვეროებზეც. სხეულის ქვემო მხარე და იღლია თეთრია, ჩიჩახვი და მკერდის გვერდები მოწაბლისფროა, მუქი გასწვრივი ხაზებით. საჭის შუა წყვილი ზურგის ფერისაა და სხვებზე უფრო გრძელია. კუდი საფეხუროვანი ან მომრგვალებულია. ფეხები მოყვითალო-ცვილისფერია, ნისკარტი – მუქი მურა. ზამთარში ჩიჩახვსა და სხეულის გვერდებზე გასწვრივი ხაზები არაა. შეიმჩნევა ამ ნაწილების მხოლოდ გამუქება.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ პალეარქტიკას, მისი მხოლოდ უკიდურესი ჩრდილოეთისა და უკიდურესი სამხრეთი ნაწილების გამოკლებით. ზამთარს ატარებს მთელ აფრიკაში (საჰარის გამოკლებით), სამხრეთ აზიასა და ავსტრალიაში, აგრეთვე ინდო-ავსტრალიის კუნძულებზე. საქართველოში მობუდარია და განსაკუთრებით ხშირად მოიპოვება აღმოსავლეთ რაიონებში.
ბიოტოპი
ბინადრობს მტკნარწყლიანი, მეტწილად გამდინარე წყალსატევების სანაპიროებზე. მლაშე წყალსატევებს თავს არიდებს. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე, ზოგან – 3700 მ-მდეც ზღვის დონიდან.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს აწყობს წყალსატევის მახლობლად მშრალ ადგილზე. იგი წარმოადგენს პატარა ჩაღრმავებას, ამოფენს ხმელი ფოთლებითა და ბალახით. ბუდე ხშირად შეფარებულია ბალახებში. მაისის პირველ რიცხვებში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20 დღეს გრძელდება.
კვება
მებორნე იკვებება ნაირგვარი მწერებით, მათი მატლებით, ჭიებით, წვრილი ლოკოკინებით და სხვა უხერხემლოებით, რომლებიც დამახასიათებელია წყლის უშუალო ნაპირებისათვის.
მნიშვნელობა
ადამიანისათვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.