მედინეტ მადი
მედინეტ მადი – („წარსულის ქალაქი“), მდებარეობს მედინეტ ელ-ფაიუმიდან 30კმ. სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქის ძველი სახელი იყო ნარმუთისი. არქეოლოგიურმა გათხრებმა აქ ორი ქალაქი აღმოაჩინა, მაგრამ დღეისათვის შემორჩენილი ნაგებობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ამონემხატ III-ის და IV-ის (XII დინასტია) მეფობის დროს აგებული ტაძარი, მიძღვნილი სობეკის, ხორის და რენენუნეტისადმი.
ტაძარი ძალიან საინტერესოა არქიტექტურის ისტორიის თვალსაზრისითაც, რადგან ჩვენამდე შემორჩენილი შუა სამეფოს პერიოდის ტაძრები ძალიან ცოტაა. პატარა სვეტებიანი დარბაზი გადის სამ სამლოცველოში, სადაც სამი ღვთაების და ორი მეფის ქანდაკება იყო მოთავსებული. XII დინასტიის თითქმის წაშლილ რელიეფებზე გაირჩევა ამონემხატ III და მისი შვილი და თანამმართველი ამონემხატ IV, რომლებიც ღმერთებს მსხვერპლს სწირავენ. ტაძარი გაარესტავრირეს XIX დინასტიის დროს და გააფართოვეს ბერძნულ-რომაულ პერიოდში. შუა სამეფოს ტაძარზე მიშენებულია პტოლემაიოსების ნაგებობა, სადაც შემორჩენილია საკურთხეველი. აქვეა სობეკის გამოსახულება და ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერები. პტოლემაიოსების პერიოდს ეკუთვნის ასევე სამხრეთისაკენ მიმავალი მოპირკეთებული გზა, ორივე მხრიდან სფინქსებით, და ლომების ქანდაკებები