მინალენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინალენტი

მინალენტი - როგორც კომპოზიტური მასალის მაარმირებელი შემავსებელი, ხასათდება უნიკალური თვისებებით, რომელთაგან აღსანიშნავია მექანიკური (სიმტკიცე, სიხისტე), თბოფიზიკური (გაფართოების თერმული კოეფიციენტი), ქიმიური (კოროზიამედეგობა და მედეგობა ქიმიური რეაგენტების მიმართ) და დიფუზური მახასიათებლები (შეღწევადობის კოეფიციენტი).

ლენტის, როგორც მაარმირებელი შემავსებლის, ყველაზე მიმზიდველი მხარე დასაბუთებულია მისი გეომეტრიით და ხასიათდება ლენტის განთავსების სიბრტყეში სიმტკიცისა და სიხისტის გაზრდით. ეს თვისებები ანალოგიურია უწესრიგოდ განლაგებული ბოჭკოებით დაარმირებული კომპოზიტებისა. მასალები, რომელთაც აქვთ ორგანზომილებიანი სიხისტე და სიმტკიცე, გამოიყენება მშენებლობაში, აეროკოსმოსურ, გემთსაშენებელ, საავტომობილო და სხვა წარმოებებში. კერძოდ, ლენტურ კომპოზიტებს დიდი უპირატესობა აქვთ სამშენებლო კონსტრუქციების მაარმირებელ ელემენტებად, ავტომობილისა და გემის კორპუსების, საფრენი აპარატების, მილგაყვანილობების, ცისტერნების, რეზერვუარების, სილოსების, საბურავების, მანქანათა ნაწილების და სხვ. დასამზადებლად. ამ უპირატესობების გამო შესაძლებელი ხდება კომპოზიტში შემავ-სებლის წილის შემცირება, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. ეს მიიღწევა იმით, რომ ბოჭკოებისგან განსხვავებით ლენტს არ სჭირდება ორიენტაცია იზოტროპიული თვისებების მისაღწევად. გარდა ამისა, ლენტის მართკუთხა განივკვეთის გამო, შევსების ხარისხი მეტია, ვიდრე ბოჭკოვანის. ერთნაირი მექანიკური თვისებების პირობებში, ლენტურ კომპოზიტში შევსების ხარისხი 50-60%-ით მეტია, ვიდრე შევსების ხარისხი კომპოზიტში ბოჭკოების საფუძველზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოჭკოსთან შედარებით ორჯერ ნაკლები სიმტკიცის ლენტით შესაძლებელია კომპოზიტის ისეთივე სიმტკიცის მიღწევა, როგორიც აქვს ბოჭკოვან კომპოზიტს, მათი კვაზი-იზოტროპიული განაწილებით (კვაზი – მოჩვენებითი, არანამდვილი).

მინალენტით დაარმირებული პლასტმასის მილები

ლენტურ კომპოზიტებს აქვთ ნაკლები თერმული გაფართოება და დიფუზური თვისებები ბოჭკოებით განმტკიცებულ კომპოზიტებთან შედარებით. მინის ლენტის მაღალი სიხისტის გამო, კომპოზიტში საკმარისია მისი საკმაოდ მცირე მოცულობითი წილი (დაახლოებით 0,3%), რათა კომპოზიტის გაფართოების კოეფიციენტის მნიშვნელობა ათჯერ და მეტად შემცირდეს. ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკეთობებში, სადაც მოითხოვება ზომების სტაბილურობა.

მინალენტის კომპოზიტების შეღწევადობის (გამტარობის) კოეფიციენტი დაბალმოლეკულური ნივთიერებებისათვის ასევე მნიშვნელოვნად მცირეა. დაბალი შეღწევადობა მნიშვნელოვანია იმ კომპოზიტური მასალებისთვის, რომლისგან დამზადებულია მილსადენები, კონტეინერები, მაღალი წნევის ჭურჭელი და მისთ.

ლენტური კომპოზიტების გამოყენების შესანიშნავი მაგალითია დაარმირებული პლასტმასის მილები. მას ამზადებენ სპეციალურ დაზგებზე მილისებურად დახვეულ მინალენტზე მატრიცის დატანით. ასეთი სახით დამზადებული პლასტმასის მილები ყველა მახასიათებლით აჭარბებს ფოლადის მილებს (სიხისტის გარდა), თუმცა კუთრი სიხისტის მიხედვით ისინი ერთნაირია.

ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაკლოვანება ლენტური კომპოზიტისა ისაა, რომ მას ახასიათებს მაღალი მგრძნობიარობა დეფექტების მიმართ, ანუ ნახვრეტები, ნახეთქები, ბზარები, ღრეჩოები და მისთ. რომლებიც საგრძნობლად ამცირებს ნაკეთობის სიმტკიცეს. მაგ., 50,8 მმ დიამეტრის მილის ტრანსვერსალური (განივი) სიმტკიცე, ურთიერთსაწინააღმდეგოდ განლაგებული ორი ნახვრეტით (დიამეტრი 3,175 მმ), დაახლოებით 2-5-ჯერ მცირეა უდეფექტო მილის სიმტკიცესთან შედარებით, რაც გამოწვეულია ნახვრეტის ირგვლივ ძაბვების კონცენტრაციითა და მის ირგვლივ მიკრობზარების გაჩენით.

ბოლო პერიოდში წარმოებაში გამოჩნდა მაარმირებელი ლენტები გრაფიტისა და ბორის საფუძველზე. შედარებით ფართოდ გამოიყენება ნახშირბადისა და მინის ბოჭკოების საფუძველზე დამზადებული ქსოვილური ლენტები, ასევე ლითონური ფოლგები.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები