მინდვრის ბეღურა
მინდვრის ბეღურა (ლათ. Passer montanus Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ფეიქარასებრნი (Ploceidae)
- გვარი − ბეღურა (Passer)
მინდვრის ბეღურა სახლის ბეღურაზე ოდნავ პატარა ფრინველია; ფრთა 60-75 მმ-ია, კუდი – 50-60 მმ, ნისკარტი – 8-11 მმ, წონა – 22-30 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი შემოდგომით, ახალ ბუმბულსაფარველში, თავსა და კისერზე ზემოდან ყავისფერია, მოღვინისფრო ელფერით. თავის გვერდები თეთრია, მაგრამ ყურების მფარავები შავია და კარგად გამოიყოფა თეთრ ფონზე. გარდა ამისა, შავია ბუმბულები ნისკარტის ძირში, პირის კუთხეებთან და ზოლები თვალების ქვემოთ. ზურგი და მხრები მოწაბლისფრო-თიხისფერ-ყვითელია, შავი გასწვრივი წინწკლებით. კუდზედა ბუმბულები ჟანგმიწისფერ-რუხია. ფრთის პატარა მფარავები მოქარცისფრო-წაბლისფერია; საშუალო მფარავები შავია, თეთრი წვეროთი. დიდი მფარავები და მომქნევები მოშავო-რქისფერია, მოჟანგისფრო-ყვითელი არშიებით. საჭის ბუმბულები მორუხო-რქისფერია, ვიწრო ჟანგმიწისფერი არშიებით. სხეულის ქვემო მხარეს ჭარბობს მორუხო-თეთრი ფერი. ყელზე დიდი შავი ლაქაა. ნისკარტი მოშავოა, ხოლო ფეხები მოწაბლისფრო-ხორცისფერი.
გამოყოფენ 6-დან 16-მდე ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მინდვრის ბეღურა – P. m. — montanus Linn., 1758 და ამიერკავკასიური მინდვრის ბეღურა – P. m. transcaucasicus Buturlin, 1906.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას და აზიის უდიდეს ნაწილს, ბრიტანეთის კუნძულებიდან და ატლანტის ოკეანის ევროპის სანაპიროებიდან, სახალინის, კურილისა და იაპონიის კუნძულების ჩათვლით. ჩრდილოეთით ვრცელდება კოლის ნახევარკუნძულზე, თეთრ ზღვამდე, პეჩორის შესართავამდე, ობის ქვემო დინებამდე, ენისეის შესართავამდე და იაკუტიაში 64-ე პარალელამდე; სამხრეთით მოიპოვება ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებამდე, წინა აზიაში, ავღანეთში, ჰიმალაის მთების კალთებზე, ინდოჩინეთში და კუნძულებზე — სუმატრაზე, იავაზე, ბორნეოზე, ჰაინანსა და ტაივანზე. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მობინადრეა. დასავლეთ საქართველოში ბინადრობს მხოლოდ ზოგიერთ ადგილას მცირე რაოდენობით.
ბიოტოპი
მინდვრის ბეღურას ტიპობრივი საბინადროა გამეჩხერებული ტყის ნაკვეთები, ტყე-ველები და ბუჩქნარიანი ველები, მდინარის სანაპირო მშრალი ლელიანები, ბაღები და პარკები, მარცვლოვანთა ნათესების მახლობელი ბუჩქნარები.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია, ბუდობს როგორც განცალკევებულ წყვილებად, ისე პატარა კოლონიებადაც. ბუდეს იკეთებს უპირატესად ფუღუროებში, ხშირად — სოროებშიც, შენობების სახურავების ქვეშ, ღრუიან ჯირკებში, ფლატეების ან კლდეების ნაპრალებში. წელიწადში ორჯერ მრავლდება, მაგრამ სხვადასხვა წყვილის ბუდობის ვადები განსხვავებულია. გამრავლება იწყება აპრილის პირველ ნახევარში და გრძელდება ივლისის ბოლომდე. დებს ჩვეულებრივად 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება.
კვება
მინდვრის ბეღურას ძირითად საკვებს შეადგენენ სარეველა ბალახების და მცირე რაოდენობით კულტურულ მცენარეთა თესლები. გამრავლების პერიოდში მრავლად კენკავს მწერებსაც, რომელთა შორის ბევრი მავნებელია. ბარტყებს იგი მხოლოდ მწერებით კვებავს.
მნიშვნელობა
ზოგან, სადაც მინდვრის ბეღურა რიცხვმრავალია, აღნიშნავენ მის მავნებლობას მარცვლოვანთა ნათესებისადმი. საქართველოში, კერძოდ კახეთის რაიონებში გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ ამ ფრინველს მარცვლოვანებისათვის ზიანი არ მოაქვს, ხოლო მავნე მწერების მასობრივად განადგურებით, გამრავლების პერიოდში, სასარგებლოცაა.