მინდვრის ტოროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მინდვრის ტოროლა (ლათ. Alauda arvensis Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მინდვრის ტოროლა.

მინდვრის ტოროლა ბეღურაზე რამდენადმე დიდი ფრინველია, ფრთა 95-125 მმ-ია, კუდი – 70-75 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 30-50 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზურგის მხრიდან მორუხო ან მოწაბლისფრო-ჟანგმიწისფერია, არამკვეთრი მუქი მურა ღერძულა ზოლებით. კისრის უკანა ნაწილი უფრო ღიაა, თვალების უკან მოთეთრო ზოლებია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა- რქისფერია; შიგნითა პირველი რიგის და მეორე რიგის მომქნევების ნაწილს წვეროები ღია ფერის და ამოკვეთილი აქვთ. საჭის შუა წყვილს არამკვეთრი ჟანგმიწისფერი არშიები, ხოლო ორ კიდურა წყვილს გარეთა კიდეებზე თეთრი ზოლები აქვთ. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა, ჟანგმიწისფერი ელფერით, განსაკუთრებით ჩიჩახვზე და გვერდებზე, სადაც კარგადაა განვითარებული აგრეთვე გასწვრივი მურა ზოლები. ნისკარტი წვეროში მუქი მურაა, ხოლო ძირში, აგრეთვე ფეხები მოწაბლისფრო-ხორცისფერი.

ცნობილია 16 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ამიერკავკასიური მინდვრის ტოროლა – A. a. armenica Bogdanow, 1879., როგორც მობინადრე. ზოგან აქ იზამთრებს აგრეთვე სამხრეთევროპული მინდვრის ტოროლაც – A. a. cantarella Bonaparte, 1841.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაშიმაროკოს, ალჟირსა და ტუნისს; ევროპაშისამხრეთით ხმელთაშუა ზღვის ნაპირებამდე, აგრეთვე კუნძულებს – კორსიკას, სარდინიას, სიცილიას, ჩრდილოეთით – თითქმის მთელ სკანდინავიას, ირლანდიას, დიდ ბრიტანეთს, შოტლანდიას და ფარერის კუნძულებს; სსრ კავშირში თეთრი ზღვის ნაპირებამდე და პეჩორის შუა დინებამდე. აზიაში ჩრდილოეთი საზღვარი არაა ცნობილი. იაკუტიაში აღწევს 68-ე პარალელამდე, აღმოსავლეთით – კამჩატკამდე, სახალინამდე, იაპონიამდე და კორეამდე; სამხრეთით – კოპეტ-დაღამდე და ხუანხემდე. შეყვანილია ჩრდილოეთ ამერიკასა და ახალ ზელანდიაში. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია. ზამთარს ატარებს აფრიკაში და ევრაზიის სამხრეთში. საქართველოში მობინადრეა.

ბიოტოპი

მარცვლოვან-ნაირბალახიანი ველები, მშრალი მდელოები, კულტურული ნაკვეთები ველის ზონაში, საშემოდგომო და საგაზაფხულო პურის ყანები. ტყე-ველებისა და ველების ტიპური ფრინველია. ტყის ზონაში შედის მდინარეთა ხეობებით. მთებში ბუდობს სუბალპურ და ალპურ მდელოებზეც 2700 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

კავკასიური ქვესახეობის გამრავლება შეუსწავლელია. სამხრეთ-ევროპული ქვესახეობა ბუდეს იკეთებს მიწაზე, ბალახნარებში. წელიწადში 2-ჯერ მრავლდება: აპრილის პირველ ნახევარში – პირველი ბუდობის დროს და ივნისში – მეორედ, დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაციაში მონაწილეობს მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება.

კვება

მინდვრის ტოროლა იკვებება უპირატესად სარეველა მცენარეთა თესლებითა და ნორჩი მწვანე ნაწილებით. მრავლად ანადგურებს ნაირგვარ მავნე მწერებსაც, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების პერიოდში.

მნიშვნელობა

სარეველათა თესლებისა და მავნე მწერების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები