მიწის საკადასტრო კარტოგრაფირება
მიწის საკადასტრო კარტოგრაფირება – (land cadastral mapping), მიწის საკადასტრო-სარეგისტრაციო სისტემის შემადგენელი ნაწილი, მიწის საინფორმაციო სისტემის ყველაზე გავრცელებული სისტემა და მიწის კადასტრის განხორციელების საშუალება. აერთიანებს მიწის კადასტრთან დაკავშირებულ პროცესებს, რომლის შედეგად იქმნება საკადასტრო რუკა. საქართველოში მიწის საკადასტრო კარტოგრაფირება დაიწყო 1994 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. შეიქმნა მიწის საკადასტრო და სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია მსოფლიო საკოორდინატო სისტემასთან, აგრეთვე მიწის კადასტრისა და საკადასტრო კარტოგრაფირების ევროპულ მეთოდიკასთან და ტექნოლოგიებთან. საქართველოში დამუშავებული და დანერგილია მთელი ქვეყნისთვის უნიფიცირებული საკადასტრო და სარეგისტრაციო სისტემა, რის საფუძველზეც ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.