მონოპოლიური კონკურენცია
მონოპოლიური კონკურენცია - (monopolistic competition), არასრულყოფილი კონკურენციის ფორმა. მონოპოლიური კონკურენციის თეორია შექმნეს ე. ჩემბერლინმა („მონოპოლიური კონკურენციის თეორია”, 1933) და ჯ. რობინსონმა („არასრულყოფილი კონკურენციის ეკონომიკური თეორია”, 1933).
ბაზრის ფაქტობრივი სტრუქტურა არ შეესაბამება მის უკიდურეს სიტუაციებს - მონოპოლიას ან სრულყოფილ კონკურენციას. ფირმები, რომლებიც აწარმოებენ მსგავს, მაგრამ არაიდენტურ პროდუქციას, მუშაობენ მონოპოლიური კონკურენციის პირობებში. პროდუქციის დიფერენციაცია ფირმებს ანიჭებს მონოპოლიური ძალაუფლების ელემენტებს - ყოველი მათგანისათვის მოთხოვნის მრუდს აქვს უარყოფითი დახრილობა, ამიტომაც ფირმას შეუძლია გავლენა მოახდინოს საბაზრო ფასზე. მაგრამ ზემოგების ხანგრძლივად მიღების შესაძლებლობა გამორიცხულია დარგში თავისუფლად შეღწევის გამო, ვინაიდან ახალ ფირმებს შეუძლიათ შეიმუშაონ და აწარმოონ ერთი და იმავე პროდუქციის სხვადასხვა მარკა ანალოგიური წარმოების დანახარჯების პირობებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოკლევადიანი მოგება ქრება გრძელვადიან პერიოდში ახალი კონკურენტების წარმოქმნით.