მურტალასნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მურტალასნაირნი (ლათ. Podicipetiformes) − ფრინველთა რიგი. მურტალასნაირთა რიგი პატარა და საშუალო სიდიდის სულ 20-მდე სახეობას აერთიანებს. მათ შორის ყველაზე დიდი 1400 გ-მდე, ხოლო ყველაზე პატარა 200 გ-მდე იწონის. შეფერილობით მამლები და დედლები არ განირჩევიან ერთმანეთისაგან, მაგრამ მამლები რამდენადმე დიდები არიან.

მურტალასნაირთა მთელი სიცოცხლე წყალთანაა დაკავშირებული, რამაც განაპირობა მათი აგებულების თავისებურებანიც. სხეულის მოყვანილობა მოგრძო და შებრტყელებულია, ფრთები პატარაა და ცურვის, აგრეთვე ჩაყვინთვის დროსაც, მჭიდროდაა სხეულზე მიტმასნილი. ფეხები შედარებით მოკლე აქვთ და სხეულის უკანა ბოლოზე არიან განლაგებული. გალო ძლიერ შებრტყელებულია გვერდებიდან და დაფარულია განივი ფირფიტებით. ფეხის ყოველ თითს გვერდებზე კანის ფართო ლაპოტები აქვთ, რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ თითების ძირში არიან შეზრდილნი. თითები ბოლოვდებიან ფრჩხილებივით ბრტყელი ბრჭყალებით. ნისკარტი კონუსური ფორმის, წვეროში მახვილი და ჩვეულებრივად სწორია. მხოლოდ ერთ შემთხვევაშია ზემოთ რამდენადმე აშვერილი. კისერი შედარებით გრძელი აქვთ, ხოლო ბუმბულსაფარველი, განსაკუთრებით სხეულის ქვემო მხარეს, მეტად მჭიდრო და სქელია, რომლებიც წყალგაუმტარ „ქურქს“ ქმნიან. ამასთან გაპოხილიცაა კარგად განვითარებული კუდუსუნის ჯირკვლის მიერ გამონაყოფი ცხიმისებური ნივთიერებით.

მურტალასნაირთა წარმომადგენლები დედამიწის ყველა კონტინენტსა (ანტარქტიდის გარდა) და მრავალ კუნძულზე არიან გავრცელებული, მაგრამ ფორმების ყველაზე მეტი ნაირგვარობით ამერიკის ტროპიკები და სუბტროპიკები გამოირჩევიან. საცხოვრებლად მეტწილად მტკნარ წყალსატევებს ეტანებიან, თუმცა მრავლად მოიპოვებიან ზღვებსა და მცირემარილიან შიდა წყალსატევებზეც. ხმელეთზე იშვიათად ამოდიან, რადგან სიარული უძნელდებათ. პატარა ფრთების გამო უჭირთ ფრენაც, მაგრამ შესანიშნავად ცურავენ და ყვინთავენ. წყლის ქვეშ მოძრაობისათვის მხოლოდ ფეხებს იშველიებენ, სადაც შეუძლიათ გაძლონ 20 წამიდან (პატარა ფორმებს) 3 წუთამდე (დიდი ზომის სახეობებს). ამ დროს მოიპოვებენ ისინი თავიანთ ძირითად სარჩოს.

მურტალები იკვებებიან ნაირგვარი მწერებით და მათი მატლებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებითა და პატარა თევზებით. ზოგიერთი დიდი მურტალას ძირითად საკვებს თევზები შეადგენენ.

მრავლდებიან მონოგამიურად. წყლის მცენარეებისაგან ჩვეულებრივად მცურავი ბუდეს აკეთებენ. კვერცხების რაოდენობა 3-დან 8-მდე მერყეობს. შეფერილობით კვერცხები მკრთალი მოცისფრო-მომწვანოა, მაგრამ ბუდეში მეტად ტენიან გარემოში იმყოფებიან, ხშირად ნაწილობრივ წყალშიც კი აწყვია, რის გამო ბუდის მცენარეულობისაგან ჭუჭყიანდებიან და მოყვითალო ან მურა ფერისანი ხდებიან. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 20-25 დღემდე აღწევს. მართვეები იჩეკებიან ღინღლით დაფარული და ჩქარა ცურვაც შეუძლიათ.

მურტალასნაირთა პრაქტიკული მნიშვნელობა დიდი არაა. მავნებლობა, რომელიც დიდი ზომის სახეობებს მოაქვთ საკვებად თევზების გამოყენებით, უმრავლეს შემთხვევაში უმნიშვნელოა. მათ გარკვეული ზიანის მოტანა შეუძლიათ სატბორო მეურნეობებისათვის ლიფსიტების გამოზრდის პერიოდში. მურტალების ხორცი არ გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებით, თუმცა ზოგან მათზე მაინც ნადირობენ და ხორცს საკვებად იყენებენ. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ ფრინველებს აქვთ იქ, სადაც რეწვას აწარმოებენ მათი ტყავის გამოყენების მიზნით.

რიგში მხოლოდ ერთი ოჯახია (Podicipetidae). ზოგიერთი ავტორი ამ ოჯახს ღორიხვასნაირთა (Gaviiformes) რიგში აერთიანებს.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები