მღრინავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მღრინავი

მღრინავი (ლათ. Charadrius morinellus Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახიდან.

მღრინავი მეჭვავიასნაირთა შორის მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 140-160 მმ-ია, ნისკარტი – 15-18 მმ, წონა – 130-145 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. მამალს თავი ზემოდან შავი აქვს. შუბლზე პატარა თეთრი ნიშანია. თვალებს ზემოთ ფართო თეთრი ზოლები გასდევს, რომლებიც კეფაზე ერთმანეთს უერთდებიან. ზურგის მხარე კვამლისფერ-მურაა. ფრთის მფარავებს, მესამე რიგის მომქნევებს და ზურგის ბუმბულებს წვეროსთან ქარცი არშიები აქვთ. ყელი და ლოყები თეთრია, მურა წინწკლებით. ჩიჩახვი კვამლისფერ-მურაა, რომელიც ქვემო ნაწილში შავ „საყელურს“ წარმოქმნის. მოსდევს განივი თეთრი ზოლი. მკერდი და მუცლის გვერდები ყავისფერ-მოქარცისფროა, მუცლის შუა ნაწილი შავი; კუდის ქვემო მფარავები – თეთრი. პირველი რიგის პირველი მომქნევის ღერო, წვეროს გამოკლებით, აგრეთვე თეთრია, დანარჩენი მომქნევების ღეროები მუქია. ფეხები მუქი რქისფერია, ნისკარტი – შავი. დედალი რამდენადმე უფრო მკვეთრი შეფერილობისაა, ვიდრე მამალი.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი სპორადულია და მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს. იგი მოიპოვება შოტლანდიაში, სკანდინავიასა და კოლის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ ურალში, ტაიმირზე, ვერხოიანსკის ქედზე, ალტაიდან ბაიკალის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირებამდე; იზოლირებული ბუდობებია. სუდეტში (ჩეხოსლოვაკია) და აღმოსავლეთ ალპებში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.

ბიოტოპი

ბინადრობს ჩვეულებრივად მთებში, ტყის ზონის ზემოთ 2000 მ-მდე ზ. დ. ბუდობისათვის ირჩევს ქვა-ღორღიან ვაკე ადგილებს, მეტად მწირი ალპური ბალახნარებით. ტუნდრაში ეტანება მშრალ, ამაღლებულ ქვა-ღორღიან ნაკვეთებს ღარიბი მცენარეულობით.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში, ამოფენს ხმელი ბალახის ფოთლებითა და ღეროებით. ივნისში დებს 2-4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

მღრინავის საკვები ძირითადად ცხოველურია. მცირე რაოდენობით ჭამს მცენარეულ საკვებსაც. ცხოველურიდან აღსანიშნავია მრავალგვარი ხოჭო, ორფრთიანები, ჭიები და ლოკოკინები. მიმოფრენის დროს მრავლად ანადგურებს ხორბლისა და სათიბების მავნე მწერებს. მცენარეულიდან საკვებ რაციონში ნაპოვნია მწვანე ფოთლები, წვრილი თესლები და კენკრა.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. აქვს სპორტული სანადირო მნიშვნელობაც, თუმცა საქართველოში იგი მცირე რაოდენობით მოიპოვება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები