მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი - (F53), (puerperal disorder) ნებისმიერი ფსიქოზური მდგომარეობა, რომელიც მშობიარობის შემდეგ ვითარდება. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

მეცხრამეტე საუკუნეში სამშობიარო და ლაქტაციურ ფსიქოზს განიხილავდნენ, როგორც სპეციფიკურ ნოზონოზოლოგიას, განსხვავებულს სხვა ფსიქიკური დაავადებებისგან (Esquirol, 1845). მოგვიანებით, ფსიქიატრებმა მიიჩნიეს, რომ სამშობიარო ფსიქოზი არ განსხვავდება სხვა ფსიქოზებისგან. ეს უკანასკნელი აზრი დღესაც ფართოდაა დამკვიდრებული.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზების რიცხვი გამოანგარიშებულია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიმართვიანობის საფუძველზე (Kendell et al., 1987). აღრიცხულ შემთხვევათა რაოდენობა ცვალებადია, მაგრამ ერთი შემთხვევა 500 მშობიარობაზე რეპრეზენტატული მაჩვენებელია. სიხშირის ეს მაჩვენებელი სერიოზულად აღემატება მოსალოდნელ ფსიქოზთა რაოდენობას იმავე ასაკის არამშობიარე ქალებთან. სამშობიარო ფსიქოზი უფრო ხშირად აქვთ პირველად მშობიარე ქალებს, რომელთაც ადრე გადატანილი აქვთ ფსიქიატრიული დაავადება, აქვთ ფსიქიკური აშლილობის ოჯახური ისტორია და არ არიან დაქორწინებულები. არ არსებობს მკაფიოდ გამოხატული ურთიერთდამოკიდებულება ფსიქოზსა და სამეანო ფაქტორებს შორის. მშობიარობასთან დაკავშირებული დაავადებები, განვითარებულთან შედარებით, უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებში. ამას შესაძლოა განაპირობებს ორგანული ეტიოლოგიის მქონე შემთხვევები.

ეტიოლოგია

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის ადრეული გამოვლინების ფაქტებმა მეცნიერები იმ მოსაზრებამდე მიიყვანა, რომ ამ ტიპის ფსიქოზი შეიძლება ჰორმონული ფაქტორებით იყოს გამოწვეული (როგორც მშობიარობის შემდგომი გუნებ-განწყობის მსუბუქი აშლილობის შემთხვევაში). თუმცა, არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის მქონე ქალებში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები განსხვავდება იმ ჰორმონული ძვრებისგან, რომლებიც აღენიშნებათ სხვა ქალებს მშობიარობის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, თუ ენდოკრინული ფაქტორი რაიმე როლს თამაშობს, ის მოქმედებს როგორც პრეციპიტატული ფაქტორი პრედისპოზიციის მქონე ქალებში.

კლინიკური მახასიათებლები

სამშობიარო ფსიქოზის გამოვლინება, ჩვეულებრივ, ხდება მშობიარობიდან 1-2 კვირის მანძილზე, მაგრამ იშვიათად - პირველი ორი დღის განმავლობაში. აქ გვხვდება სამი ტიპის კლინიკური სურათი: დელირიუმი, გუნებ-განწყობის აშლილობა და შიზოფრენიფორმული აშლილობა. დელირიუმი ხშირად გვხვდებოდა, მაგრამ ახლა ის უფრო იშვიათია, რადგან ანტიბიოტიკებმა შეამცირა სამშობიარო სეფსისის შემთხვევები. დღესდღეობით დომინირებს გუნებ-განწყობის აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა ან შიზოაფექტური აშლილობა. შიზოფრენიფორმული აშლილობის პირველადი გამოვლინების შემთხვევები იშვიათია. ამ სინდრომთა კლინიკური მახასიათებლები, ჩვეულებრივ, ისეთივეა, როგორიც არასამშობიარო სინდრომების დროს.

უძილობა და ჰიპერაქტიურობა გავრცელებული ადრეული გამოვლინებებია. ავადმყოფებს ხშირად აღენიშნებათ გაოგნება და აბნევა.


მართვა

გამოკვლევა

ისევე, როგორც ნებისმიერი სტანდარტული ფსიქიატრიული გამოკვლევის დროს, აქაც მნიშვნელოვანია დადგინდეს დედის წარმოდგენები შვილის შესახებ. განსაკუთრებით, მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებს შესაძლებელია, ჰქონდეთ ბოდვითი იდეები ბავშვის არასრულყოფილი განვითარების ან რაიმე სხვა სახის არასრულფასოვნების შესახებ. ასეთმა უარყოფითმა აზრებმა შეიძლება პაციენტი ბავშვის მოკვლის მცდელობამდე მიიყვანოს, რათა, საკუთარი წარმოდგენით, დაიცვას იგი შემდგომი ტანჯვისგან. შიზოფრენიის მქონე პაციენტებსაც შეიძლება ჰქონდეთ ბავშვთან დაკავშირებული ბოდვითი იდეები. მაგალითად, მათ შეიძლება სჯეროდეთ, რომ ბავშვი ანომალიურია ან ბოროტების განსახიერებას წარმოადგენს. ასეთი იდეები მშობლების მიერ ბავშვის მოკვლის რისკზე მიუთითებს. დეპრესიისა და შიზოფრენიის მქონე პაციენტებს ასევე შეიძლება გაუჩნდეთ სუიციდის მცდელობები.

მკურნალობა

მკურნალობა ინიშნება კლინიკურ სინდრომთა შესაბამისად. ჩვეულებრივ, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პაციენტი უნდა მოთავსდეს დედა-შვილისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბლოკში, რათა შესაძლებელი იყოს ბავშვის დედასთან დარჩენა, რაც შეასუსტებს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებას დედასთან მის კავშირზე. თუმცა, ამ დროს ძალზე რთულდება ბავშვის უსაფრთხოების დაცვა და მასზე ზრუნვა. ამას გარდა, ამგვარი მიდგომის დადებითი შედეგები ჯერჯერობით არ არის დადგენილი. თუ გადაწყდება დედა-შვილის ჰოსპიტალიზაცია, ურთიერთობა ბავშვსა და დედას შორის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რაზეც ექთანი უნდა იყოს პასუხისმგებელი.

ელექტროკრუნჩხვითი თერაპია

ელექტროკრუნჩხვითი თერაპია (ECT) ხშირად მკურნალობის საუკეთესო მეთოდია დეპრესიული და საშუალო სიმძიმის მქონე მანიაკალური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის, რადგან იგი სწრაფად იძლევა ეფექტს და საშუალებას აძლევს დედას მალევე განაახლოს ზრუნვა თავის შვილზე. ნაკლებად ურგენტული დეპრესიული აშლილობების დროს, სასურველია თავიდან მოვსინჯოთ ანტიდეპრესანტული მედიკამენტებით მკურნალობა. თუ პაციენტის სიმპტომებში ჭარბობს შიზოფრენიის მაგვარი სიმპტომები, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიფსიქოზური წამლების დანიშვნა. თუ დროის ხანმოკლე პერიოდში არ ფიქსირდება აშკარა გაუმჯობესება, ალბათ მიზანშეწონილია ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის გამოყენება, განსაკუთრებით, დაავადების მწვავე დებიუტის შემთხვევაში.

პროგნოზი

პაციენტების უმრავლესობა სწრაფად გამოდის სამშობიარო ფსიქოზის მდგომარეობიდან, მაგრამ ისინი, ვისაც აღენიშნებოდა შიზოფრენიული აშლილობა, ქრონიკულ ავადმყოფებად რჩებიან. შემდგომი მშობიარობისას დეპრესიული აშლილობის რეციდივი მშობიარობის პეროიდში დაახლოებით 20-30 პროცენტთან გვხვდება. ზოგი ავტორის მონაცემებით (Protheroe, 1969), იმ ქალების მინიმუმ 50%-ს, რომლებსაც გადატანილი ჰქონდათ სამშობიარო დეპრესია, შემდგომში არასამშობიარო დეპრესია აღენიშნებოდა. ყველა ქალმა, რომელმაც გადაიტანა სამშობიარო ფსიქოზი, ყოველი შემდგომი ორსულობის დროს ფსიქიატრიული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, რათა დროულად და ეფექტურად მოხდეს მშობიარობის შემდგომი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები