მცირე ყარაულა
მცირე ყარაულა (ლათ. Ixobrychus minutus Linnaeus, 1766) − ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახიდან ყარყატისნაირთა შორის ყველაზე პატარა ფრინველია, ფრთა 130-160 მმ-ია, ნისკარტი – 40-50 მმ, წონა – 145 გ-მდე. საქართველოში მოპოვებული ეგზემპლარების წონა 120 გ-ს არ აღემატება. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამალს თავი ზემოდან, ზურგი, მხრები და კუდზედა ბუმბულები, აგრეთვე მომქნევები და საჭის ბუმბულები შავი აქვს, მომწვანო მეტალური ელვარებით. კისერი ზემოდან მორუხოა, ფრთის მფარავები ყვითელი. მუცლის მხარეს ჟანგმიწისფერ ბუმბულებს მოთეთრო ძირები აქვთ. მკერდზე გასწვრივი მურა ფერის ლაქებია. ნისკარტი მოყვითალო, სწორი და მახვილია. დედალი ზურგსა და მხრებზე მურა-ქარცია და ბუმბულებს აქვთ ჟანგმიწისფერი არშიები. თავის გვერდები და კისერი უფრო ქარცია. ნისკარტი ყვითელია, მაგრამ ქედი მურა ფერისა.
ცნობილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩრდილოური მცირე ყარაულა – I. m. minutus Linn., 1766.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს შუა და სამხრეთ ევროპას, დასავლეთ ციმბირს, წინა, შუა და სამხრეთ-დასავლეთ აზიას, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე, ქაშმირამდე და ნეპალამდე; თითქმის მთელ აფრიკას (საჰარის გამოკლებით) და მადაგასკარს, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას. არეალის სამხრეთში მობინადრეა. სსრკ და დასავლეთ ევროპის პოპულაციები გადამფრენია და იზამთრებენ აფრიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს წყალსატევებს შორის ან მათ ნაპირებზე განვითარებულ ლელქაშში, ლერწმიანში, ბუჩქნარებსა და ტყეებში, გუბეებში, ტბორებსა და ჭაობებში.
გამრავლება
ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს ხშირ ლელქაშში ან დატბორილ ხეებზე. საქართველოში მოფრინდება აპრილის დასაწყისში, მაგრამ გამრავლებას იწყებს გვიან – მაისის მეორე ნახევარში. დებს 4-9 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 17-19 დღეს გრძელდება.
კვება
მხოლოდ ცხოველური საკვებით იკვებება. ჭამს წვრილ ლიფსიტებს, ბაყაყებსა და მათ თავკომბალებს, ჭიებსა და მოლუსკებს, წყლისა ხმელეთის ნაირგვარ მწერებს და მათ ლარვებს.
მნიშვნელობა
მავნე მწერების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.