მწვავე შიზოფრენია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვავე შიზოფრენია - ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომებია: ბოდვა, ჰალუცინაცია და იდეატორული ავტომატიზმი (იხ. ცხრილი 1). ამ სიმპტომებს ხშირად პოზიტიურ სიმპტომებს უწოდებენ. ზოგი პაციენტი გამოდის ამ მწვავე მდგომარეობიდან ან დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში.

სარჩევი

მწვავე შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომები

სიმპტომი სიხშირე (%)
კრიტიკული დამოკიდებულების (ინსაითის) არ ქონა 97
სმენითი ჰალუცინაციები 74
დამოკიდებულების აზრები 70
უნდობლობა 66
ემოციური გასადავება 66
ხმები, რომლებიც პაციენტს ესაუბრებიან 65
ბოდვითი გუნებ-განწყობა 64
დევნის ბოდვა 64
აზრთა გაუცხოება 52
ხმამაღალი აზრები 50

წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (1973)

გარეგნობა და ქცევა

გარეგნობა და ქცევა შიზოფრენიით დაავადებულ ზოგიერთ პირს შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ჰქონდეს, პაციენტთა ნაწილი კი იყოს შეცვლილი, თუმცა, შეიძლება გარეგნობა ყოველთვის არ მიუთითებდეს ფსიქოზზე. ისინი, შესაძლოა, მოცულნი იყვნენ თავიანთ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რელიგიური იდეებით ან სხვა ინტენსიური განცდებით. სოციალური იზოლაცია ვლინდება, მაგალითად, იმით, რომ პიროვნება საკუთარ ოთახშია ჩაკეტილი ან, ზოგჯერ, გაუნძრევლად წევს საწოლში. ზოგი პაციენტი უმიზეზოდ იცინის ან ტირის. ზოგიერთი თითქოს მუდმივად შეცბუნებული და გაოგნებულია, ზოგი - მოუსვენარი და ხმაურიანი, ზოგი პაციენტი შეიძლება მოულოდნელად არაადეკვატურად მოიქცეს.

აზროვნებისა და ასოციაციური პროცესის დარღვევები

აზროვნებისა და ასოციაციური პროცესის დარღვევები აისახება მეტყველებაში. ადრეულ სტადიაზე პაციენტის მეტყველება ბუნდოვანია და ხშირად ძნელია ნათქვამიდან საერთო აზრის გამოტანა. ზოგს უჭირს აბსტრაქტული აზროვნება. ზოგი პაციენტი მოცულია ფსევდომეცნიერული ან მისტიკური აზრებით. აზროვნების დარღვევების გამწვავებისას ასოციაციური პროცესის ორი დამახასიათებელი პათოლოგია ვლინდება: ასოციაციური ნაკადის დარღვევები შენელებით, აჩქარებითა ან ბლოკირებით, ან დაუკავშირებელი ასოციაციები. ამ დროს აღინიშნება ალოგია (მაგალითად, „მხედრის სვლა“) ან კითხვის სიბრტყეში საუბარი (Vorbeireden). ძალიან მწვავე შემთხვევებში დარღვეულია მეტყველების თანმიმდევრობაც და სტრუქტურაც (სიტყვიერი სალათი, ვერბიგერაცია). პაციენტები სიტყვებში ხშირად სხვა შინაარსს დებენ (მეტონიმია ან პარაფაზია), შესაძლებელია ახალი სიტყვების წარმოქმნაც (ნეოლოგიზმი).

გუნებ-განწყობის აშლილობები

ხშირია გუნებ-განწყობის აშლილობები და ძირითადად სამი სახით ვლინდება: (1) აღინიშნება გამოხატული დარღვევები შფოთვის, დეპრესიის, გაღიზიანების ან ეიფორიის სახით; (2) ემოციური გასადავება, როდესაც დომინირებს ემოციური ინდიფერენტულობა ან დაქვეითებულია ემოციური პასუხი; (3) აფექტის ინკონგრუენტულობა (შეუსაბამო აფექტი), როდესაც პაციენტის ემოციები არ შეესაბამება სიტუაციას ან თავად პაციენტის განცდებს.

ჰალუცინაციები

ყველაზე ხშირი დამახასიათებელი სიმპტომებია სმენითი ჰალუცინაციები. პაციენტს ესმის ხმაური, მუსიკა, ცალკეული სიტყვები, მოკლე ფრაზები ან მთელი საუბარი. ხმებმა შესაძლოა არ შეაწუხოს პაციენტი ან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დისტრესი. ზოგჯერ პაციენტს ესმის ხმამაღლა ნათქვამი საკუთარი აზრები გაფიქრებისთანავე (Gedankenlautwerden) ან უშუალოდ გაფიქრების შემდეგ (echo de la pensee). ზოგჯერ ხმა მესამე პირთან ერთად მსჯელობს და კომენტარს უკეთებს პაციენტის ქცევას. შემდგომ ნაჩვენები იქნება, რომ ბოლო სამი სიმპტომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკური თვალსაზრისით. მხედველობითი ჰალუცინაციები იშვიათია და, უპირატესად, აღმოცენდება სხვა სახის ჰალუცინაციებთან ერთად. ზოგ პაციენტს აღენიშნება ტაქტილური, ყნოსვითი, გემოვნებითი და სომატური ჰალუცინაციები. მათი ინტერპრეტაცია ხშირად ბოდვითია. მაგალითად, უსიამოვნო ჰალუცინაციური შეგრძნებები მცირე მენჯში, შეიძლება აღქმულ იქნეს მდევნელის სექსუალურ ზემოქმედებად.

ბოდვები

შიზოფრენიისთვის დამახასიათებელია ბოდვები. პირველადი ბოდვა ნაკლებად გვხვდება და ძნელია მათი გამოვლენა. ბოდვა შეიძლება აღმოცენდეს ე.წ. პირველადი ბოდვითი გუნებ-განწყობის (Wahnstimmung,) ნიადაგზე. ხშირია დევნის ბოდვა, მაგრამ იგი არასპეციფიკურია შიზოფრენიისთვის. მართალია, ნაკლები სიხშირით გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებული დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებისა და კონტროლის ბოდვასა და აზრების მიკუთვნების ბოდვას; ამ უკანასკნელს შეიძლება მივაკუთვნოთ აზრების ჩანერგვა, ამოღება ან გადაცემა

ინსაითი

ინსაითი (კრტიკული დამოკიდებულება დაავადების მიმართ), როგორც წესი, დარღვეულია. პაციენტების უმრავლესობა უარყოფს, რომ მათი განცდები დაავადების შედეგია. მიაჩნიათ, რომ მათ მდგომარეობას არაკეთილმოსურნე ადამიანების ქმედებები იწვევენ.

ორიენტაცია

ორიენტაცია, ჩვეულებრივ, შენახულია. თუმცა, აზროვნების პროცესის გამოხატული აშლილობის დროს ან როდესაც პაციენტი მთლიანად მოცულია თავისი ფსიქოზური განცდებით და ვერ მიჰყვება ინტერვიუერის კითხვებს, ძნელია ამის განსაზღვრა.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები