ნაკაშიძე მერი
მერი ნაკაშიძე – (1(14) აპრილი 1914, სიღნაღი − 2 ივლისი 1986, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), საქართველოს სახალხო არტისტი (1955). 1936 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ო. ბახუტაშვილ-შულგინას კლასი), 1936-63 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. ლამაზი ხმისა და შესანიშნავი სცენური გარეგნობის მქონე მსახიობმა შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი ვოკალურ-სცენური სახე: მარო, ლატავრა (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „ლატავრა“), ქეთო (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ცირა (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა, ჯილდა (ვერდის ტრავიატა, „რიგოლეტო“), როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“), მარფა (რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“) და სხვ. ეწეოდა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწეობას. წარმატებით ასრულებდა გლიერის კონცერტს ვოკალისათვის, ი. შტრაუსის ვალსს „ვენის ტყის ზღაპარები“, ბრუსილოვსკის „ორ მერცხალს“, უკრაინულ ხალხურ სიმღერას „სოლოვეიკო“ და სხვ. გაახმოვანა ქეთოს პარტია ფილმში „ქეთო და კოტე“ (1948) და სხვ.