ნიჟარაძე ზურაბ
ზურაბ ნიჟარაძე – (დ. 4 დეკემბერი, 1928, თბილისი, საქართველო — გ. 25 ივნისი, 2021), ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი (1982-1987), საერთაშორისო გამოფენების მონაწილე და პრიზიორი, „საპატიო ნიშნის“ ორდენის და შრომის წითელი დროშის ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა 1928 წლის 4 დეკემბერს თბილისში, საშუალო განათლების მიღების შემდეგ 1949 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა.
1958 წელს გახდა სსრ კავშირის მხატვართა კავშირის წევრი;
1960-1965 წლებში მუშაობდა პედაგოგად აკადემიაში;
1982-1987 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი;
1955 წლიდან ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას. სისტემატურად მონაწილეობდა საკავშირო თუ მსოფლიოს სხვა ქვეყანაში მოწყობილ გამოფენებში: ბულგარეთში (1975), რუმინეთში (1975), შვედეთი (1976), საბერძნეთში (1977), ავსტრიაში (1978), იტალიაში (1979); მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: მოსკოვში (თ. მირზაშვილთან და დ. ერისთავთან ერთად, 1966), ბელგიაში, ავსტრიასა და გერმანიაში (დ. ნოდიასთან, ი. ოჩიაურთან და ლ. ცუცქირიძესთან ერთად, 1975), ვენაში (ე. კალანდაძესთან, თ. მირზაშვილთან და რ. ფეტვიაშვილთან ერთად, 1988) და სხვ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია პერსონალური გამოფენები: 1981 წელს — თბილისსა და მოსკოვში, 1982 წელს ― ვენასა და პრაღაში, 1992 წელს — ხელახლა მოსკოვში, 1987 წელს — ზაარბრიუკენში, 1994 წელს — პარიზსა და ბერგჰაინში, 1995 წელს — კვლავ გერმანიაში (ვესელინგი). ყველგან, შინ თუ გარეთ, პერსონალური გამოფენები დიდ ინტერესს იწვევდა.
წარმატებით იმუშავა ზურაბ ნიჟარაძემ თეატრალური მხატვრობის დარგში. სხვადასხვა დროს მხატვრულად გააფორმა ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „პირველი სიყვარული“ ოპერისა და ბალეტის თბილისის თეატრსა და ტარას შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის კიევის თეატრში (1982,1983), მასვე ეკუთვნის რიხარდ შტრაუსის ოპერა „სალომეას“ და ვივალდის მუსიკაზე დადგმული ბალეტის „წელიწადის დრონის“ სცენოგრაფია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
აღსანიშნავია მხატვრის ნაყოფიერი მუშაობა წიგნის გრაფიკაში: შექსპირის „ჰენრიხ VI“ (1977), რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“ (1979) და სხვ.
მხატვრისათვის გამორჩეულად საყვარელი ტილოებია: „ჩიტების გამყიდველი“ (1968), „ქალი თუთიყუშით“ (1974), „დილა“ (1980), „შიშველი ფიგურა“ (1995); პორტრეტული ჟანრიდან თავად შემოქმედი გამოყოფს რამდენიმე პორტრეტს: ანა ნიჟარაძისას (1981), ლელა პატარიძისას (1982), ნინო ნიჟარაძისას (1981), ოთარ იოსელიანისას (1978); საეტაპო ნამუშევრად მიაჩნია 1982-1994 წლებში შესრულებული კედლის ფერწერა რიტუალების სასახლეში.
1985 წელს, ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული ტილოებისათვის, ზურაბ ნიჟარაძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
2013 წლის, ზურაბ ნიჟარაძეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.
გარდაიცვალა 2021 წლის 25 ივნისს, დასაფლავებულია ვერის სასაფლაოზე.
„გოგოები“, ფერწერა, პასტელი.