ოსმალეთის ვალი
ოსმალეთის ვალი – ოსმალეთის იმპერიას საგარეო ვალი ევროპის სახელმწიფოებისადმი (ინგლისი, საფრანგეთი და სხვ), რომელიც მრავალი წლის მანძილზე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენდა.
1854 ყირიმის ომის დროს ინგლისმა სულთნის ხელისუფლებას სესხად მისცა 75 მლნ ფრანკი. ოსმალეთმა სესხი მიიღო სხვა სახელმწიფოებისგანაც და როცა ვალმა 1875 5,3 მლრდ ფრანკს მიაღწია, შეწყვიტა მისი გადახდა. 1879 იგი გაკოტრებულად გამოაცხადეს კრედიტორმა სახელმწიფოებმა. 20.XII.1881 აიძულეს ოსმალეთის სულთანი, გამოეცა ბრძანება ოსმალეთის სახელმწიფო ვალის სამმართველოს შექმნის თაობაზე კრედიტორთა წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. მათ მიიღეს უფლება, ვალის დაფარვის ანგარიშში აეკრიფათ რიგი გადასახადები უშუალოდ მოსახლეობისაგან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. 1920 სევრის საზავო ხელშეკრულებამ დააფიქსირა ომამდელი ვალის ოდენობა 3263 მლნ ფრანკით და ამასთან გაითვალისწინა ვალის განაწილება თურქეთსა და 1912-13 ბალკანეთის ომის დროს მისგან ჩამოშორებულ ტერიტორიებს შორის, აგრეთვე თურქეთის განთავისუფლება გერმანიის სამხედრო სესხების დაფარვისაგან. 1922 ლოზანის საზავო ხელშეკრულების გადაწყვეტილებით ოსმალეთის ვალის გადახდა დაეკისრა ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ყველა ქვეყანას. შემდგომში თურქეთის მთავრობამ მიაღწია დათმობებს საფრანგეთისა და დასავლეთის სხვა კრედიტორებისაგან როგორც ვალის ოდენობის, ისე მისი გადახდის საშუალებებზე. სრული სახით ოსმალეთის ვალი დაიფარა 1944 წლის ივნისში.